უკვე გვარიანად იყო შეღამებული, მეტროდან რომ ამოვიდა და თავისი ნაქირავები ბინისკენ მიმავალ მოკირწყლულ ქუჩას დაადგა. უშიშრად, სრულიად მარტო მიაბიჯებდა ბნელში კავთისხეველი პატარა გოგო და, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს თითქმის ცარიელი ჰქონდა ფოსტალიონივით გვერდულად გადაკიდებული ჩანთა, მაინც გულში ჩახუტებული მიჰქონდა თამაზ ჩხენკელის ნაჩუქარი ძვირფასი წიგნები: “მარიოტა” – ავტოგრაფით და ასე დიდი ხნის ნაოცნებარი, ნიკო სამადაშვილის ლექსების პატარა კრებული ემოციური და გულში ჩამწვდომი წარწერით: “ჩემი ბატონი ნიკოს ლექსები შენ, რათა იწამო წამებაი!…”

“- არა, ეს დღე როგორ უნდა დამავიწყდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია?! – ამ ფიქრით შეაღო ეფემიამ თავისი პატარა ოთახის კარი.

 

<< >>

დილით ტრაპეზზე დაგვიანებით ჩასულმა დედა ელისაბედმა ასკილის ჩაის ხელისგულისოდენა გახუხული პური მიაყოლა. არც ამას შეჭამდა, მაგრამ დედა ბარბარეს ყურადღების მიქცევა ზედმეტად აღარ უნდოდა. მიუხედავად ამისა, მისი უგუნებობა და ტირილისგან შეშუპებული ქუთუთოები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც დაკვირვებულ, გამოცდილ ტაძრის წინამძღვარს და არც სხვა დედებს. თუმცა ამაში უჩვეულო და მოულოდნელი არავის არაფერი დაუნახავს. ასეთი რამ ყველა მათგანის თავს ყოფილა და იცოდნენ, რომ ლოცვით, მარხვით, მონანიე გულითა და ღვთის შეწევნით, ყველა ადამიანური სისუსტე და ვნება სულ მალე დაიძლეოდა, უკან დაიხევდა და მონაზვნის გულის ხმა, მისი გონება, სული, ისევ ერთისკენ, იმ უმთავრესისკენ, იქნებოდა მიპყრობილი, რომლის გამოც საამქვეყნო ცხოვრებაზე უარი თქვა თითოეულმა მათგანმა. ტრაპეზის შემდეგ თავისი ყოველდღიური მორჩილების შესრულებას შეუდგა დედა ელისაბედი. მთელი ნოემბრის თვე, ყოველდღიურად, მონასტრის მოზრდილი ეზო უნდა დაესუფთავებინათ მას და დედა ანთისას. მდუმარედ, შეთანხმებულებივით მოჰყვებოდნენ ხოლმე თავ-ბოლოდან დედები ეზოს და შუაში, ყვითელი ფოთლების უზარმაზარ გორასთან ხვდებოდნენ ერთმანეთს ღიმილით, ცოცხებით ხელში. უგუნებოდ გვიდა დედა ელისაბედი. ისევ ეფემიას წუხანდელ გამოცხადებასა და სიზმარზე ფიქრობდა. “სხვა დროსაც ხომ მოსულა, მაგრამ მალევე გაჰქცევია მის ზმანებას. წუხანდელი მოსვლა კი სხვა მოსვლა იყო, სხვანაირი, ძალიან ცხადი, ძალიან ნამდვილი… თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ეფემიას, რაღაცაზე მიანიშნებდა, თან ეს სიზმარიც… სულ აერია თავგზა დედა ელისაბედს…

– გეყო, საკმარისია, დედა ელისაბედ! – შემოუძახა თავს ხმამაღალი, მკაცრი ხმით დედა ელისაბედმა, ცოცხი უფრო მონდომებით მოუსვა ყვითელ ფოთლებს და სულიერი მღელვარების დასაცხრომად 30-ე ფსალმუნის კითხვა დაიწყო: “…და გამომიყვანო მე საფრხისა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო… შენ ხარ ღმერთი ჩემი. და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი;” …მორჩილებას შევასრულებ თუ არა, ჯერ დედა წინამძღვარს დაველაპარაკები, მერე ტაძარში ჩავალ და მამა შალვას აღსარებას ჩავაბარებ, – გადაწყვეტილება მიიღო დედა ელისაბედმა და ამით თითქოს ოდნავ დაიმშვიდა აფორიაქებული სული. და უცებ, იმავე წუთს, წუხანდელი სიზმრიდან ისე ცხადად შემოესმა ბატონი თემოს რიხიანი ხმა, რომ კინაღამ იქვე ჩაიკეცა: “ამ სადღეგრძელოს ეფემიასთვის ვამბობ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის; დღეს არის სამწუხარო, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის, ეფემიასთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე: თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 18 ნოემბერს, გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებელი, დიდი ივანე ჯავახიშვილი! …შენ უნივერსიტეტელი ხარ, ეფემია, დაიმახსოვრე ეს დღე და არასოდეს დაივიწყო!”.

“ღმერთო, რა რიცხვია დღეს, თვრამეტი ნოემბერია?” – დედა ელისაბედი აჩქარებული ნაბიჯით გაეშურა დედა ანთისასკენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უსიტყვოდ დადებულ პირობას არღვევდა და კვეთდა მათ შორის “დადგენილ საზღვარს”. ამიტომაც გაუკვირდა დედა ანთისას მისკენ მიმავალი დედა ელისაბედის დანახვა.

– რა რიცხვია დღეს, თუ გახსოვთ, დედაო? – ჰკითხა აღელვებულმა დედა ელისაბედმა. ” – გიორგობისთვის თვრამეტია, თვრამეტი ნოემბერი… მაგრამ სახეზე ფერი არ გადევთ, დედაო, ხომ კარგად ხართ?” – “კარგად, დედაო, არაფერი მიჭირს, მადლობა, დედაო!”, – თითქოს მძიმე ლოდი მოხსნესო გულიდან, ერთდროულად ისეთი დაღლილი და შვების მომგვრელი ხმით უპასუხა დედა ელისაბედმა. მაშინვე თავდახრილი გაბრუნდა უკან და დაგვა განაგრძო.

მორჩილება რომ დაასრულა, დედა ბაბარესგან ტაძარში გადასვლის კურთხევა აიღო დედა ელისაბედმა და ცოტა ხნით თავის სენაკში განმარტოვდა. მუხლებზე დაცემულმა ჯერ აღსარებისწინა ლოცვა წაიკითხა, მერე პატარა სუფთა ფურცელი აიღო და პანაშვიდზე მოსახსენიებელ მიცვალებულთა სახელები ჩამოწერა ზედ. ლოცვას რომ მორჩა, თავზე ლეჩაქი შეისწორა, მანტია მოისხა და სკვნილით ხელში ტაძრისკენ გაეშურა.

დიდხანს ცახცხებდა მუდამ აუღელვებელი და გონიერი მამა შალვას მეწამული ოლარის ქვეშ ბარტყივით შეყუჟული, გულწრფელი ცრემლებით მონანიე დედა ბარბარე. აღსარება რომ ჩაიბარა, მამა შალვამ საცეცხლურში ნახშირი გააღვივა, ზედ ფიჭვის საკმევლის პატარა, ყვითელი ბალიშები დაადო და ჯვარცმიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგომმა, ჩვეული ლბილი, სევდიანი ხმით დაიწყო პანაშვიდის გადახდა:

“- კურთხეულ აარს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!”.

– ამიინ! – ერთად გაიმორეს მედავითნემ და აღსარების ტვირთმოხსნილმა, ტაძარში ახლა უკვე სულ სხვანაირი, გაცისკროვნებული სახით მდგომმა დედა ელისაბედმა, რომელსაც ორივე ხელი მაგრად შემოეჭდო თაფლის სანთლისგან ჩამოქნილი მძიმე კელაპტრისთვის და მის მოციაგე, აქეთ-იქით მხტომარე ალს ზემოდან დასცქეროდა.

“- … შენ, უფალო, განუსუენე სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა:

ივანეს,

თეიმურაზს,

ვახუშტის,

თამაზს,

კავთისხეველ მეურმეებს…

და ყოველთა აქა მოხსენებულთათა, ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასუენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა. …სულმან მათმან კეთილთა შინა განისუენოს, და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქუეყანა…” – მტრედის ღუღუნივით ისმოდა ცარიელ ტაძარში მამა შალვას ხმა. მაღალი გუმბათისკენ კი ზანტად, ბოლქვებად მიიზლაზნებოდა ფიჭვის საკმევლის ნაზსურნელოვანი კვამლი და ზეცაში მიჰქონდა მონაზონ ელისაბედის, ერობაში ერთი პატარა კავთისხეველი ფილოლოგი გოგოს, ეფემია ირემაშვილის, შეწირული ლოცვა.

 

 

1 2 3 4