– რაზე, თემო და, ცხონებული ნიკო ცხვედაძე, ამ ჩვენს უნივერსიტეტს რომ აშენებდა,

– ნიკოც ხომ კავთისხევიდან იყო? – ჩაეკითხა ბატონი თემო, – ჰოდა, კავთისხეველი რომ იყო, ამიტომაც, კავთისხეველი გლეხებისთვის გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, დახმარება უთხოვია – თუ არ ვცდები, ურმებით კირის ჩამოტანა. მერე კი, – ხომ იცი, როგორ წვალებით, სულ შემოწირულობებით შენდებოდა ეს დალოცვილი, ვეღარ მიუცია შეპირებული ფული გლეხებისთვის ბოლომდე და დანაშაულის გამოსასყიდად შენობის გახსნაზე დაუპატიჟიებია. ჩამოსულან ესენიც – არ არის საოცრება? – და იქ გამომსვლელების სიტყვები რომ მოუსმენიათ უნივერსიტეტსა და მის მესვეურებზე, მისულან ნიკოსთან და უთქვამთ: შენ ისეთი რამე აგიშენებია ქვეყნისთვის, ალალი იყოს ჩვენი ნაშრომი და იცოდე, დღეიდან შენ ჩვენი აღარაფერი გმართებს. ის, რაც ვიშრომეთ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი იყოსო. აი, ასე ყოფილა ამ კავთისხეველი გლეხების მშვენიერი ისტორია, რომელიც მერე ნიჭიერმა კოტეტიშვილებმა სადღეგრძელოდ აქციეს.

– სოფელში რომ წავედი, – ისევ ეფემიამ გააგრძელა ლაპარაკი, – პაპაჩემს ვკითხე და, ილა პაპამ მითხრა, ჩემი პაპაა, – ამ დაზუსტებაზე ორივემ კეთილად გაუღიმა ეფემიას, – რომ ჩემი დიდი პაპა, შიოც, იქა ყოფილა მაშინ, იმ მეურმეებთან და კიდევ ერთი ჩვენი მეზობელი, ქსოვრელაშვილები არიან ისინი.

– თემო, ბიჭო, ხედავ, ჩვენ ვსხედვართ, ჩაისა ვსვამთ და აქ კიდევ თურმე ასეთი სახელოვანი ქალბატონი გვიზის. ვფიქრობ, ამ ამბავს ჩაიზე მეტად ღვინო მოუხდება, – თქვა ბატონმა თამაზმა და აივანზე გავიდა. უკან მალევე დაბრუნდა საფერავის ბოთლით ხელში. მერე კარადიდან ფუჟერები, ერთ დიდ თეფშზე აქეთ-იქიდან დაწყობილი თხლად დაჭრილი პური და რამდენიმე ნაჭერი კიდეებშემომხმარი ყველიც გამოიღო, – სულ ეს მაქვსო, – მოიბოდიშა და მაგიდაზე დადგა.

– მართლაც დაუჯერებელი ამბავია, ოსტატო, ნამდვილად ღვინით აღსანიშნავი, – ეთანხმებოდა თამაზ ჩხენკელს ჩაიდან ღვინოზე გადასვლით გახალისებული ბატონი თემო და სქელ, კუპრივით შავ სითხეს უკვე ჭიქებში ასხამდა, – რადგან ასე განვითარდა მოვლენები, ნება მიბოძეთ, ერთი ამბავი მეც გაუწყოთ: უცნაურია და ესეც უნივერსიტეტს უკავშირდება. გზაში ეფემიასთვის ვაპირებდი თქმას, მაგრამ გადამავიწყდა. თუმცა ახლა მიხარია, რომ ასე მოხდა. მერწმუნეთ, ეს ამბავიც უდავოდ იმსახურებს სადღეგრძელოს და, თქვენის ნებართვით, პირდაპირ სადღეგრძელოდვე ვიტყვი, – ამ სიტყვებზე ბატონი თემო ფეხზე წამოდგა. მარცხენა ხელი არც ისე დიდი ხნის წინ მოშვებულ სპეტაკ წვერზე ჩამოისვა, მარჯვენთი კი ღვინით სავსე ჭიქა აიღო, – ამ სადღეგრძელოს ეფემიასთვის ვამბობ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. დღეს არის სამწუხარო, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეფემიასთვის, რომელმაც უნდა დაიმახსოვროს ეს დღე, ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ნახევარ საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ, 18 ნოემბერს, გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებელი, დიდი ივანე ჯავახიშვილი; უფრო სწორად, კი არ გარდაიცვალა, მოკლეს კაცი, გული გაუხეთქეს ჯალათმა კომუნისტებმა… – აქ პაუზა გააკეთა და შუბლშეჭმუხნილმა მარცხენა ხელი ახლა გულზე მიიჭირა, – თორემ ის კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. რამდენი დამცირება გადაიტანა, რამდენი შეურაცხყოფა… თავისი დაარსებული უნივერსიტეტიდან გააგდეს კაცი… ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და ყველა ის ძვირფასი, ჩვენი საამაყო ადამიანი, იმ კავთისხეველი მეურმეების ჩათვლით, რომლებმაც ეს დიდებული ტაძარი თავისი ფიზიკური და სულიერი მუშაკობითა და ოფლის ღვრით ჩვენამდე მოიტანეს!”

– უჰ, ბიჭო, – ფეხზე წამოდგა ბატონი თამაზიც, – ეს რა სადღეგრძელო თქვი, თემო, ჩემო ძმაო, ეს რა დღე ყოფილა და არ ვიცოდი! ამინ იყოს, ჩემო თემო, დიდი ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისა იყოს და ყველა იმ ადამიანისა, რომლებმაც ეს ტაძარი ტაძრად და ცოდნის კერად აქციეს! მერე რამდენი არიან, ბიჭო, როგორი სახელოვანი ხალხი, ჩამოთვლა რომ დაიწყო, დღეს ვერ მორჩები: პეტრე მელიქიშვილი – ჩვენი პირველი რექტორი, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, კონსტანტინე აფხაზი, კორნელი კეკელიძე… – ჩვენი დიდი პატრიარქი, კირიონ საძაგლიშვილი არ დაგვავიწყდეს, ოსტატო, რომელმაც აკურთხა უნივერსიტეტი…

– ნიკო ცხვედაძეც არ გვითქვამს, – წამოეშველა ბატონი თემო, – შენი პაპა შიოს სული გაანათლოს, პატარა ქალბატონო… და აქეთ და აქეთ კიდევ რამდენი არიან, ბიჭო, რამდენი წავიდა…” – სინანულით გაიქნია თავი ბატონმა თამაზმა. მერე ორივემ ჯერ ღვინოში ჩაწობილი პურის ლუკმა შეჭამა და ისე მიაყოლა ღვინო ზედ.

– ხსოვნა იყოსო, მორიდებით თქვა ეფემიამაც და ჭიქიდან ნახევრამდე მოსვა ღვინო.

– შენ უნივერსიტეტელი ხარ, ეფემია, დაიმახსოვრე ეს დღე და არასოდეს დაივიწყო! – კიდევ ერთხელ უთხრა ბატონმა თემომ ეფემიას და დაჯდომისთანავე ხელში ისევ ღვინის ბოთლი აიღო დასასხმელად.

მეორე სადღეგრძელო ახალგაზრდა თაობისა დალიეს “ოსტატმა” და “შეგირდმა” და ეფემიას წარმატებები უსურვეს; მერე სამშობლოსი და ქართველობისა თქვეს, სხვა “სახელოვან მამულიშვილებთან” ერთად ისევ ახსენეს ივანე ჯავახიშვილი და ხანმოკლე ქეიფი ილორის წმინდა გიორგის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის თამადობით ნათქვამი ქართული სალოცავების სადღეგრძელოთი დაასრულეს.

ამის შემდეგ ოდნავ შემთვრალმა თამაზ ჩხენკელმა ეფემიას ხელი მოჰკიდა, ოთახში კედელზე ჩამოკიდებულ ერთ ნახატთან მიიყვანა და უთხრა: ქალბატონო ეფემია, თუ თქვენ მეტყვით ახლა, ეს რომელი ტაძარია, საჩუქარი ჩემზე იქნება! – შეკრთა ეფემია, გულმა ბაგაბუგი დაუწყო. არ მოელოდა, აქ თუ გამოცდას მოუწყობდნენ. სხვა გზა არ ჰქონდა. ღვინისა და ნერვიულობისგან ლოყებშეფაკლულმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია და შორიდან შეხედა ნახატს. თითქმის დარწმუნებით იცოდა, რომ ალავერდი იყო, მაგრამ ისეთ უცნაურ, რძისფერ ნისლში იდგა ტაძარი, რომ ის მაღალი, ყარყარა ყელი, რომელიც ასე გამოარჩევდა ალავერდს სხვა ტაძრებისგან, კარგად არ იკვეთებოდა. არადა, როგორ არ უნდოდა ეფემიას, შერცხვენილიყო!

– …არ იჩქარო, – გულშემატკივრობდა ეფემიას სამზარეულოდან გამოსული ბატონი თემო. “- მხოლოდ ერთი ვერსია მაქვს, ამიტომ ახლავე ვიტყვი, თუმცა არ ვიცი, შეიძლება ვცდები, – “ალავერდია!” – თქვა უცებ ძლივს გასაგონად და თვალებზე ხელები აიფარა. მერე ნელ-ნელა ჩამოაცურა და გაღიმებული მეგობრებისკენ გაიხედა.

– ხომ გითხარი, ჩვენი გოგოა-მეთქი, – გაბადრული სახით უთხრა ბატონმა თემომ თამაზ ჩხენკელს და ეფემიას შუბლზე აკოცა. ბატონი თამაზი კი ხელზე ეამბორა და შეპირებული საჩუქრის მოსატანად გავიდა.

დიდხანს აღარ დარჩენილან ეფემია და თემო მაღალაფერიძე დიდებულ მასპინძელთან. ქურთუკები შემოიცვეს, სიყვარულით დაემშვიდობნენ თამაზ ჩხენკელს და ისევ ფეხით დაუყვნენ ხილიანს. ბატონ თემოს რუსთაველის მეტროსთან დაშორდა ეფემია. მადლობა გადაუხადა საყვარელ ლექტორსა და მეგობარს დაუვიწყარი დღისთვის და გაბრწყინებული სახით შედგა ესკალატორზე.

1 2 3 4