მთავარი შესასვლელი კარიდან გამოვიდნენ და პანდუსით ჩავიდნენ ეზოში. ბატონმა თემომ ნაბიჯი შეანელა და სულ რამდენიმე წამის წინ თავზე დახურული ბერეტი ისევ მოიძრო. მერე ჯერ მარცხნივ შებრუნდა, სავარძელში მჯდომი ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო ცხვედაძის ქანდაკებებს დაუკრა თავი; ახლა მარჯვნივ მოტრიალდა და ასევე თავის დაკვრით სათითოოდ გამოემშვიდობა ვაჟას, ილიას და აკაკის. ეს მისი რიტუალი იყო. ყოველთვის ასე აკეთებდა შინ მიმავალი. ასეთ დროს ეფემიასაც როგორ უნდოდა, რაიმე ღირსეული საქციელი ჩაედინა, თანაც ისე, რომ ბატონ თემოს დაენახა, მაგრამ თავში არასოდეს არაფერი მოსდიოდა აზრად, გარდა იმისა, რომ წინ გამსხლტარიყო და, სწყუროდა თუ არა, მოწანწკარე ფანტანს დასწაფებოდა.

მზით გაჩახჩახებული უნივერსიტეტის ეზოში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ვიღაცას მთელი შემოდგომის მზე ამ ეზოში მოეგროვებინა გაყინული აუდიტორიებიდან გამოსული სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების, ახლომახლო სახლების მაცხოვრებლებისა თუ აქ შემთხვევით შემოხეტებულების გასათბობად; ყველა კარგ ხასიათზე იყო, ყველას ნათელი გადასდიოდა სახეზე. მხოლოდ დროდადრო, სუსხიანი ქარის უცაბედი წამობერვისას, უნივერსიტეტის თეთრი შენობის თავზე შეკრული ცაცხვისა და წიფლის ფოთლების ყვითელი კამარა თუ დაარღვევდა ხოლმე ამ იდილიას.

საშუალო, ზომიერი ნაბიჯით დაეშვნენ ვარაზისხევზე. იმ პერიოდში გულმა სერიოზულად შეაწუხა ბატონი თემო და გადაღლა მისთვის მავნებელი იყო. ამიტომაც, ეფემიას დაჟინებული თხოვნით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ისინი ჩერდებოდნენ და ბატონი თემო ხან ხეზე მიყრდნობილი, ხანაც ეფემიას მხარზე ხელგადადებული ისვენებდა. თუმცა ხილიანს რომ აუყვნენ, მაინც დასჭირდა ბატონ თემოს “ნიტროგლიცერინის” ენის ქვეშ დადება, რომელსაც ბოლო დროს სულ ჯიბით ატარებდა. თან წამალს წუწნიდა ფერდაკარგული, თან ეფემიას ეხუმრებოდა, რომ მოვკვდები, გამოსამშვიდობებელ წერილს ხომ დაწერ ჩემზე, იცოდე, შენს იმედად ვარო. ეფემია კი არაფერსაც არ ეუბნებოდა. მარტო უღიმოდა და ელოდებოდა, როდის მოითქვამდა ბატონი თემო სულს, რომ გზა გაეგრძელებინათ. სიმართლე ითქვას, ჩუმად იმიტომაც იყო, რომ არ იცოდა, რა ეთქვა; ვერ წარმოედგინა ოცი წლის გოგოს, რომ ასეთ ამინდში, ასეთ ხალისიან დღეს, სიკვდილზე ლაპარაკი შეიძლება სერიოზული ყოფილიყო, მით უმეტეს, როცა ეს ბატონ თემოს შეეხებოდა.

თამაზ ჩხენკელის სადარბაზოსთან კიდევ ერთხელ შეჩერდნენ. ბატონი თემო წინ გადაიხარა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო და ორ-სამ წუთს ასე გაუნძრევლად იდგა. წელში რომ გაიშალა, ღრმად ამოისუნთქა და თავისთვის თქვა: “უუფ, მგონი გაიარა, ამჯერადაც გადავრჩი!” მერე ეფემიასკენ შებრუნდა, თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და უთხრა: – “ჯერჯერობით აღარ მოგიწევთ წერილის დაწერა, პატარა ქალბატონო!” ლიფტიდან გამოსული ბატონი თემო უცებ ანც ხასიათზე დადგა. ეფემიას თავისი რბილი, ფაფუკი ხელი ჩასჭიდა, უბრალო ხის კარამდე სირბილით მიიყვანა და, ასე, თავის თითებში მოქცეული ეფემიას თითით დარეკა ზარი.

“- შუადღე მშვიდობისა, ოსტატო! – ისეთი მოკრძალებითა და ბავშვური აღტაცებით შესძახა ბატონმა თემომ თამაზ ჩხენკელის დანახვაზე, რომ ეფემიას უცებ გული ყელში მოებჯინა.

ვახ, თემო, ბიჭო, გენაცვალე, როგორ გამახარე, რომ იცოდე. ასე უნდა დაკარგვა, ბიჭო? – არც ბატონი თამაზი ჩამორჩა “შეგირდს” მოფერებაში. ეფემია კი მანამდე ვერ მიესალმა, სანამ ის თავისი ძლიერი მკლავებიდან არ გაათავისუფლა ბატონმა თემომ.

– ეს ქალბატონი? – ამის შემდეგღა ჰკითხა ბატონმა თამაზმა თეთრი თმისა და შავი, ჩაღილული პულოვერის სწორებით ბატონ თემოს და ნუშისებრი, დაკვირვებული თვალები მიაპყრო ეფემიას.

– ეს პატარა ქალბატონი ეფემია ირემაშვილია, ოსტატო, ჩვენი გოგო, იმედის მომცემი ფილოლოგი, ნიკო სამადაშვილზე შეყვარებული და აქ შენს გასაცნობად მოვიყვანე.

– ეფემია! – “როგორც თოვლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი…” – აი, ასე გალაკტიონისებურად ვხედავ თქვენს სახელს, – არტისტულად უთხრა ბატონმა თამაზმა და ხელზე ეამბორა მორცხვად მდგარ ეფემიას.

ძალიან უბრალო, გაურემონტებელ ბინაში ცხოვრობდა თამაზ ჩხენკელი. მისაღებ ოთახში მხოლოდ მაგიდა, სკამები და წიგნებით სავსე კარადები იდგა. იატაკზეც უამრავი წიგნი ეწყო. გახუნებული ცისფერი კედლები თითქმის მთლიანად ნახატებით იყო დაფარული. ცოტა ხანს მისაღებ ოთახში ისაუბრეს მეგობრებმა, მერე კი ბატონმა თამაზმა სამზარეულოში “ინდურ ჩაიზე” მიიპატიჟა სტუმრები. “როგორი დახვეწილი მანერები აქვს, როგორი რბილი, ხავერდოვანი ხმა; თითქოს მკაცრად იცავს ზღვარს ურთიერთობაში, მაგრამ მაინც როგორი უშუალო და თბილი ადამიანია”, – გაიფიქრა ეფემიამ. სიხარულისგან მართლა მეცხრე ცაზე დაფრინავდა, ოღონდ ეგ იყო, რაღაცნაირად უხერხულად გრძნობდა თავს, როცა სპორტულებსა და ჩუსტებში ფეხწაყოფილს ხედავდა ბატონ თამაზს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც აკრძალულს გადააბიჯა, ისეთი რამ ნახა, რისი ნახვის უფლებაც არ ჰქონდა.

– რა გვარის ბრძანდება ჩვენი ქალბატონი? – ფიქრიდან ბატონი თამაზის მომხიბვლელმა ხმამ გამოაფხიზლა ეფემია.

– ირემაშვილი, – ცოტა დაიმორცხვა ეფემიამ.

– აქაური ხართ, საიდან ბრძანდებით წარმოშობით?

– არა, ქართლელი ვარ, სოფელ კავთისხევიდან.

– მაშ, უნივერსიტეტის სტუდენტი და კავთისხეველი, არა? – გაიმეორა ბატონმა თამაზმა და რამდენიმე წამს მზერა კედელზე დაკიდებულ საათს გაუსწორა.

– თქვენ იცით, ძვირფასო ეფემია, გვისმენ, ჰო, თემო? – მეგობრის ყურადღებაც მოითხოვა თამაზ ჩხენკელმა. სამზარეულოს მაგიდაზე გადაშლილი “ლიტერატურული საქართველოს” ახალი ნომრიდან თავი მაშინვე ასწია ბატონმა თემომ.

– ბრძანეთ, ოსტატო! – რიხით, მაგრამ ბოდიშივით გაისმა მისი ხმა. – თქვენ თუ იცით, ეფემია, რომ ახლა რომელ უნივერსიტეტშიც სწავლობთ, სწორედ მაგ უნივერსიტეტის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვით თქვენს თანასოფლელებს? ან იქნებ, სულაც თქვენს წინაპრებს… ასე არ არის, თემო?

– არ ვიცი, რას გულისხმობ, ოსტატო, – გაიკვირვა ბატონმა თემომ.

– მე ვიცი, დიახ, ვიცი, – ლამის ყვირილით წამოიძახა წამოძახა ეფემიამ და, ხელი ისე ემოციურად გაიქნია, ლამის ჩაის ფინჯანი გადააყირავა, – კავთისხეველ მეურმეებზე ამბობთ, არა? – ყოველი შემთხვევისთვის მაინც გადაამოწმა.

– ყოჩაღ, გამიხარდა, რომ გცოდნიათ, – შეაქო თამაზ ჩხენკელმა.

– იცით, დიდი ხანი არ არის, რაც გავიგე. ამას წინათ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. ისიც ფილოლოგია, მეხუთეკურსელი. იქ ბატონი ვახუშტი იყო თამადა და იმან დალია “კავთისხეველი მეურმეების” სადღეგრძელო. მაშინ გავიგე პირველად.

– აბა ერთი მეც გამაგებინეთ, რაზე საუბრობთ? – სკამი გვერდულად შეაბრუნა ბატონმა თემომ და ჯერ ეფემიას შეხედა, მერე – ბატონ თამაზს.

1 2 3 4