(ნაწყვეტი რომანიდან)

“ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი” უფრო ხშირად ცნობილი, როგორც უბრალოდ „ტომ ჯონსი“, ინგლისელი დრამატურგისა და მწერლის, ჰენრი ფილდინგის კომედიური და ასევე აღმზრდელობითი და პიკარესკული ჟანრის რომანია. პირველად 1749 წელს დაიბეჭდა ლონდონში და მიიჩნევა ყველა ადრეულ ინგლისურ რომანად. 1948 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „დიდი მწერლები და მათი რომანები“ სომერსეტ მოემმა „ტომ ჯონსი“ მსოფლიოს ათ საუკეთესო წიგნს შორის მოიხსენია. სემუელ კოლრიჯის აზრით რომანს „საუკეთესო სიუჟეტი აქვს, რაც კი ოდესმე დაწერილა“  სოფოკლეს „იოდიპოს მეფის“ და ბენ ჯონსონის „ალქიმიკოსის“ გვერდით. „ტომ ჯონსი“ პირველივე წელს ოთხჯერ გამოიცა და ბესტსელერი გახდა, ის ფილდინგის უდიდეს ნაწარმოებად მიიჩნევა და ძალიან მნიშვნელოვანი გავლება იქონია ინგლისურ რომანზე. ნაწარმოები მოიცავს თვრამეტ წიგნს, მაგრამ სიდიდის მიუხედავად სიცოცხლით სავსეა და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

                                                                                                         მთარგმნელისაგან

 

წიგნი I

მოიცავს იმდენ ცნობას ნაპოვარას დაბადებაზე, რამდენიც აუცილებელია მკითხველისთვის ამ ისტორიის დასაწყისში

თავი I

რომანის შესავალი ანუ მენიუ ნადიმისთვის

 

მწერალმა თავი იმ ჯენტლმენს კი არ უნდა შეადაროს, ნადიმს რომ მართავს ან მუქთამჭამლებს აპურებს, არამედ დუქნის მეპატრონეს, სიამოვნებით რომ გაუმასპინძლდებოდა ყველას, ვინც ფულს გადაუხდის. პირველ შემთხვევაში, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მასპინძელი რასაც მოისურვებს, იმას მიართმევს სტუმრებს და რომც ამ უკანასკნელთ დიდად გემრიელი არ ეჩვენოთ ანდა სრულიად არ შეესაბამებოდეს მათ გემოვნებას, წუნს მაინც ვერ დასდებენ; პირიქით, კარგი აღზრდა დაავალდებულებთ, მოიწონონ ყველაფერი, რითაც უმასპინძლდებიან. სულ სხვაგვარად ხდება, როდესაც მედუქნე ხარ. მათ, ვინც საჭმლისთვის ფულს იხდიან, რაოდენ განებივრებულები და ჭირვეულებიც არ უნდა იყვნენ, პირის ჩატკბარუნება ნებავთ და თუ სადილი არ ეგემრიელათ, მოურიდებლად გამოიყენებენ დაწუნების და გალანძღვის უფლებას.

ასე რომ არ მომხდარიყო და კლიენტი რომ არ გაეწბილებინათ, პატიოსანმა და შეგნებულმა მასპინძლებმა შემოიღეს მენიუ, რომელსაც ნებისმიერი სტუმარი შემოსვლისთანავე გაეცნობოდა; და რაკიღა წინდაწინვე ეცოდინებოდა, რის იმედი უნდა ჰქონოდა, ან დარჩებოდა, ან კიდევ სხვა, თავისი გემოვნების შესაფერის დუქანს მიაშურებდა.

რადგანაც სულ არ გვეთაკილება, გონივრული ხერხი ვისესხოთ მათგან, ვისაც ჭკუა მოეკითხება, გადავწყვიტეთ, მოკრძალებულად მივბაძოთ პატიოსან მედუქნეებს და არა მარტო ზოგადი მენიუ დავურთოთ ჩვენს თავშესაქცევს, არამედ ცალკეული და განსაკუთრებულიც ყოველი ახალი კერძისთვის, რომლითაც ამ და მომდევნო ტომებში გავუმასპინძლდებით მკითხველს.

რაც შეეხება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სურსათ-სანოვაგეს, ის სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ბუნება. მე არც იმის მეშინია, გონიერი, გნებავთ ყველაზე ახირებული გემოვნების მქონე მკითხველი შემომედაოს ან გამინაწყენდეს, რატომ დაასახელე მხოლოდ ერთი საგანიო. ბრისტოლის გამოცდილმა და ჭამა-სმაში ერთობ გაწაფულმა ოლდერმენმა კარგად იცის, რომ კუს ჯავშნის ქვეშ, რბილი ხორცის გარდა, ბევრი სხვა ნაწილიც იჭმევა; არც განსწავლული მკითხველი დაიბნევა, მიხვდება, ზოგად სახელში ადამიანის ბუნების განსაცვიფრებელი  ნაირსახეობები რომ არის ნაგულისხმევი და უმალ მზარეული გადასინჯავს ქვეყნად არსებულ ყველა ცხოველურ და მცენარეულ საკვებს, ვიდრე ავტორი ამოწურავს ამ ვრცელ თემას.

ზოგიერთი დახვეწილი ადამიანი ეგებ აიმრიზოს, აქაოდა ეს კერძი ძალიან მდარე და ჩვეულებრივიაო; განა რამე სხვაზეა დაწერილი ის რომანები, ნოველები, პიესები და პოემები, წიგნის დახლები რომ გადაუვსიათო? ეპიკურეს მიმდევარს შესაძლებელია, ნებისმიერი ჩინებული კერძი დაეწუნებინა და მისთვის მდარე, ჩვეულებრივი ეწოდებინა მხოლოდ იმ საბაბით, რომ ამ კერძს სადღაც მიყრუებულ ქუჩაზეც სთავაზობენ ადამიანს. სიმართლე ისაა, რომ ჭეშმარიტ ბუნებას ისევე ძნელად იპოვით მწერლებთან, როგორც ბოლონიურ სოსისს ან ბაიონურ ლორს – ფარდულებში.

მაგრამ, ნუ გადავუხვევთ მეტაფორას და – თავი და თავი მაინც ავტორის სამზარეულოა, როგორც მისტერ პოუპი ამბობს:

„გონიერებით უპირატესობას იხვეჭ;

სხვასაც ხომ უფიქრია, მაგრამ ასე ვერ უთქვამს.“

ცხოველის ზოგიერთ ნაწილს დააფასებენ და სადილად ჰერცოგს მიართმევენ, მისივე სხვა ნაჭრები კი შეიძლება დამამცირებლად ქალაქის ყველაზე უბადრუკი უბნის დახლზე გამოკიდონ. მაშ, რაღა განასხვავებს კეთილშობილის და კარისკაცის საკვებს, ერთი და იმავე ხარის ან ხბოს ხორცს რომ შეექცევიან, თუ არა შეკმაზვა, მორთვა, გარნირის შერჩევა და მირთმევა? ამიტომ არის, ერთი კერძი ყველაზე მიძინებულ მადას გააღვიძებს, ხოლო მეორე – ყველაზე გამგელებულს ჩაკლავს.

სწორედ ასევე, ინტელექტუალური გასართობის ღირსება უფრო იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ოსტატურად შეკმაზავს ავტორი ტექსტს, ვიდრე შერჩეულ თემაზე. რას გაიხარებს მკითხველი, როცა აღმოაჩენს, როგორ ზედმიწევნით დავიცავით ამ თხზულებაში ჩვენი ეპოქის საუკეთესო მზარეულის პრინციპები, ან იქნებ ჰელიოგაბალუსის ეპოქისაც! ეს დიდი ადამიანი, როგორც კარგად არის ცნობილი ყველასთვის, ვისაც კი პირის ჩატკბარუნება უყვარს, მშიერ სტუმრებს ჯერ უბრალო სადილით უმასპინძლდებოდა, სანიმუშო სოუსებს და პიკანტურად შეზავებულ კერძებს კი მას მერე სთავაზობდა, როცა მისი ვარაუდით, მადა დაუცხრებოდათ. ასევე და ამგვარად, თავდაპირველად მკითხველს მშიერ კუჭზე ჩვენც უბრალო და შეულამაზებელი სახით წარმოვუდგენთ ადამიანის ბუნებას, მერე და მერე კი უკვე დავკეპავთ და შევაზავებთ ნაირ-ნაირი ფრანგული და იტალიური ვნებით და უზნეობით, რაც კი მეფის კარზე და დიდ ქალაქებში მოიპოვება. ეჭვიც არ გვეპარება, რომ მკითხველს მძაფრ სურვილს გავუღვიძებთ, ბოლომდე ჩაიკითხოს წიგნი, სწორედ ისე, როგორც ზემოთ ხსენებული დიდი ადამიანი უღვიძებდა მადას ზოგ-ზოგიერთებს.

ასეთი შესავლის მერე, აღარ ვაშიმშილებთ მათ, ვისაც ჩვენი მენიუ თვალში მოუვიდა და დაუყოვნებლივ ვუმასპინძლდებით ამ ისტორიის პირველი კერძით.

 

 

1 2 3