თავი 2

 

მოკლე აღწერა სკვაირ ოლვორთისა, უფრო სრული კი მისი დის, ბრიჯიტ ოლვორთის

სამეფოს დასავლეთ მხარის იმ ნაწილში, რომელსაც სომერსეტშირი ეწოდება, ბოლო ხანს ცხოვრობდა და შეიძლება ახლაც ცხოვრობს ჯენტლმენი, სახელად ოლვორთი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ბუნების და იღბლის ნებიერი გახლდათ, ვინაიდან ეს ორი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რომელი უკეთ დაასაჩუქრებდა მას და დალოცავდა. ზოგიერთის აზრით, შეჯიბრში გამარჯვებული ბუნება გამოვიდა, რადგანაც ოლვორთი უამრავი რამით დააჯილდოვა, იღბალმა კი მხოლოდ ერთი საჩუქარი უბოძა; მაგრამ ის ერთადერთი ისე გულუხვად გაიღო, რომ კაცი იფიქრებდა, ბუნებისგან მინიჭებულ ყველა ჯილდოს აღემატებაო. ოლვორთს ბუნებისგან შეხვდა სასიამოვნო გარეგნობა, ჯანსაღი აღნაგობა, ნათელი გონება და კეთილშობილი სული, იღბლისგან კი მემკვიდრეობით სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი კარ-მიდამო მიიღო.

ამ ჯენტლმენმა სიჭაბუკეში ძალიან ღირსეულ და სანდომიან ქალზე იქორწინა, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა; მასთან სამი შვილი შეეძინა, მაგრამ სამივე ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა. ხუთი წლით ადრე, ვიდრე ეს ჩვენი ისტორია დაიწყებოდა, კიდევ ერთი უბედურება შეემთხვა – საყვარელი ცოლიც მიწას მიაბარა. მართალია, დანაკარგი მძიმე იყო, მაგრამ ამასაც გაუძლო, როგორც გონიერმა და მტკიცე ხასიათის კაცმა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დროდადრო ერთობ ახირებულად საუბრობდა ამ თემაზე: ჯერაც ცოლიანი მგონია თავიო, ჩემი ცოლი უბრალოდ ცოტა ადრე დაადგა იმ გზას, რომელიც ადრე თუ გვიან მასთან მიმიყვანსო; არც ერთი წუთით არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ისევ შეხვდებოდა იქ, სადაც ვეღარაფერი დააშორებდათ – მეზობლების ერთი ნაწილი მას ამ სენტიმენტების გამო კიცხავდა, მეორე ნაწილი – რელიგიური მოსაზრებით და მესამე – გულწრფელობისთვის.

ოლვორთი უმეტესად სოფელში ცხოვრობდა, დასთან ერთად, რომელიც გულითადად უყვარდა. ქალბატონი უკვე ოცდაათს გადასცილებოდა, ისეთ ასაკში იყო, ბოროტი ენები შინაბერად რომ მოიხსენიებენ. იმ ყაიდის ქალი გახლდათ, ვის მიმართაც უფრო მისი თვისებების გამო განეწყობოდი კეთილად, ვიდრე სილამაზის, და რომელსაც მისივე სქესის წარმომადგენლები წესიერ ქალს უწოდებენ: „მადამ, ის წესიერი ქალბატონია, ყველა თვალსაზრისით წესიერი“. დიდად არ წუხდა, ლამაზი რომ არ იყო და სრულქმნილებაზე, თუ შეიძლება სილამაზეს სრულქმნილება ვუწოდოთ, მხოლოდ ზიზღით ლაპარაკობდა; ღმერთსაც ხშირად ემადლიერებოდა, ვიღაც-ვიღაცებივით მომხიბვლელი რომ არ იყო და მათსავით სილამაზემ ბევრი შეცდომის ჩადენისკენ რომ არ უბიძგა. მის ბრიჯიტ ოლვორთი (ასე ერქვა ქალბატონს) სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ქალის მომხიბვლელობა სხვა არაფერია, თუ არა მახე, პირადად მისთვისაც და სხვა დანარჩენებისთვისაც, და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მას არავითარი საშიშროება არ ემუქრებოდა, ისე ფრთხილად და წინდახედულად იქცეოდა, თითქოს ამქვეყნად ყველა მახე მხოლოდ მისთვის დაეგოთ. მკითხველს შეიძლება უცნაური მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, პოლიციელისთვის დამახასიათებელი წინდახედულობა უმეტესად მაშინ ვლინდება, როცა ნაკლები საფრთხეა. ის ხშირად უსინდისოდ და ლაჩრულად მიატოვებს ხოლმე იმ სრულქმნილთ, ვის გამოც მამაკაცები დნებიან, ოხრავენ, სულს ღაფავენ და ყველანაირ მახეს უგებენ, რომელზედაც ხელი მიუწვდებათ, მაგრამ სამაგიეროდ, დღენიადაგ ფეხდაფეხ დაჰყვება მაღალი კლასის ქალებს, რომელთა მიმართაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები უსაზღვრო მოკრძალებას და თავშეკავებას ავლენენ (ალბათ წარუმატებლობაში დარწმუნებულნი) და მიახლოებასაც ვერასოდეს უბედავენ.

მკითხველო, ვიდრე ერთად გავაგრძელებდეთ გზას, ალბათ აჯობებს, გაგაფრთხილო, რომ როცა კი ხელსაყრელი შემთხვევა ჩამოვარდება, თემიდან გადავუხვევ და როდის გავაკეთებ ამას, თავად უკეთ გამეგება, ვიდრე ვიღაც საცოდავ კრიტიკოსს; და საერთოდ, დიდი სურვილი მაქვს, ყველა კრიტიკოსმა თავის საქმეს მიხედოს და არ ჩაერიოს იმ ამბებში და ნაწარმოებებში, მათ რომ არ ეხება, ვინაიდან სანამ მსაჯულის ავტორიტეტს არ მოიხვეჭენ, ჩემზე მათი იურისდიქცია არ გავრცელდება.

 

 

თავი 3

უჩვეულო თავგადასავალი, რომელიც შინ დაბრუნებულ მისტერ ოლვორთის გადახდა. მისის დებორა უილკინსის წესიერი საქციელი და უკანონოდ შობილი ბავშვების ცოტაოდენი მართებული კრიტიკა

 

წინა თავში ჩემს მკითხველს მოვახსენე, რომ მისტერ ოლვორთიმ დიდი ქონება მიიღო მემკვიდრეობით; რომ კეთილი გული ჰქონდა და რომ ოჯახი არ ჰყავდა. შესაბამისად, ბევრი უეჭველად დაასკვნის, ნამდვილად პატიოსანი კაცივით იცხოვრებდაო; ერთი შილინგიც არ მართებდა სხვის, იღებდა იმას, რაც ეკუთვნოდა, მეზობლებისთვის კარი მუდამ ღია ჰქონდა, გულუხვად უწყალობებდა ღარიბებს, ანუ მათ, ვისაც მუშაობას მათხოვრობა ერჩივნა; და მერე, ვიდრე მდიდარი მოკვდებოდა, დავრდომილთა თავშესაფარს ააშენებდა.

რაც მართალია, მართალია, ბევრი რამ აქედან ნამდვილად გააკეთა; მაგრამ მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო და სხვა არაფერი, მასვე მივანდობდი, უკვდავეყო საკუთარი სახელი და თავშესაფრის კარის თავზე დაკიდებულ დაფაზე ამოეტვიფრა თავისი დამსახურებები. ეს ისტორია ბევრად უფრო უჩვეულო ამბებს მოიცავს, სხვა შემთხვევაში ტყუილად ხომ არ დავკარგავდი დროს ამ ვეებერთელა ნაშრომზე, შენ კი, ჩემო საზრიანო მკითხველო, იმავე სარგებელსა და სიამოვნებას გამორჩებოდი, ხუმარა ავტორების მიერ სალაღობოდ დასათაურებული წიგნი „ინგლისის ისტორია“ რომ გადაგეფურცლა.

მისტერ ოლვორთიმ მთელი სამი თვე ლონდონში გაატარა, ეტყობა რაღაც ძალიან განსაკუთრებული საქმის გამო. მე არ ვიცი, რა საქმე იყო, მაგრამ სავარაუდოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა, რაკიღა დიდი ხნით მოსწყვიტა სახლს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ერთი თვითაც არ დაუტოვებია. გვიანი საღამო იყო, როცა დაბრუნდა, დასთან ერთად მსუბუქად ივახშმა და დაღლილი გაემართა საძინებლისკენ. რამდენიმე წუთი მუხლმოყრილმა დაყო – ამ ჩვეულებას არასდროს ღალატობდა – და ის იყო ლოგინში უნდა ჩაწოლილიყო, გადასაფარებელი გადასწია და იქ, მისდა გასაკვირად, უხეშ ტილოს ქსოვილში გახვეული და ტკბილად ჩაძინებული ჩვილი იხილა. ერთხანს გაოგნებული დასცქეროდა ჩვილს; მაგრამ ვინაიდან მისი კეთილშობილი ბუნება ყოველთვის იმარჯვებდა საღ აზრზე, მალევე თანაგრძნობით განიმსჭვალა პატარა და უმწეო ბავშვის მიმართ. მან ზარი გააწკარუნა და ბრძანა, ხანდაზმული მოსამსახურე ქალი დაუყოვნებლივ გაეღვიძებინათ და საძინებელში ხლებოდა; მანამდე კი ტკბებოდა უმანკოების მშვენიერებით, რომელიც მუდამ სათუთი ფერებით წარმოუდგება ადამიანს მძინარე ჩვილის ცქერისას და ისე გაერთო ფიქრებში, მატრონა რომ შემოვიდა, პერანგის ამარა დახვდა. არადა ჩაცმისთვის საკმარისი დრო მისცა მატრონამ ბატონს; მისდამი პატივისცემით და თავაზიანობის გათვალისწინებით, რამდენიმე წუთი სარკეში თმას ისწორებდა, თუმცა კი სასწრაფოდ გამოიძახეს და ვინ იცის, ეგებ მისი ბატონი უკვე სულს ღაფავდა ან სხვა უბედურება დასტყდომოდა თავს.

რა გასაკვირია, ზრდილობისა და თავაზიანობის ესოდენ მკაცრი მიმდევარი არსება სხვის მიერ ამ  ნორმის თუნდაც უმცირეს დარღვევას შეეცბუნებინა. ამიტომ, კარი რომ შეაღო და ბატონი პერანგის ამარა სანთლით ხელში საწოლთან იხილა, პირკატა ეცა. იქნებ გულწასული იქვე დაცემულიყო კიდეც, მისტერ ოლვორთის რომ არ გახსენებოდა, შეუმოსავი რომ იყო და შემზარავი სიტუაციის განსამუხტავად, არ ეთხოვა, ვიდრე რამეს შემოიცვამდა, გარეთ  დალოდებოდა, რათა მისის დებორა უილკინსის უმანკო თვალები აღარაფერს შეეცბუნებინა – მას ხომ, მართალია ორმოცდათორმეტი წლისა გახლდათ, შეეძლო დაეფიცებინა, მამაკაცი სამოსის გარეშე არ მინახავსო. ქილიკის მოყვარულებმა შეიძლება, მასხრად აიგდონ დებორა; მაგრამ ჩემი ჭკუადამჯდარი მკითხველი, თუ იმასაც გაითვალისწინებს, რომ საკმაოდ გვიანი იყო, როცა მისის უილკინსი ლოგინიდან ააყენეს და ბატონი ერთობ უჩვეულო სიტუაციაში იხილა, სავსებით გაამართლებს და მოუწონებს საქციელს, ოღონდ მთლად აღფრთოვანებულიც ვერ დარჩება ასეთ ასაკში გამოვლენილი ქალწულებრივი შეცბუნებით.

 

 

1 2 3