როდესაც მისის დებორა ოთახში შებრუნდა, ბატონმა ახარა, ბავშვი ვიპოვეო. დებორა კიდევ უფრო მეტად გაოგნდა, ვიდრე თავად ბატონი, თავი ვერ მოთოკა და შეძრწუნებულმა შეჰკივლა: ღმერთო ჩემო, რა ვიღონოთ, სერ?
მისტერ ოლვორთიმ მიუგო, ამ საღამოს შენ უნდა მოუარო ბავშვს, ხვალ კი ძიძას მოვაძებნინებო.
– დიახ, სერ, – თქვა ქალმა, – და ვიმედოვნებ, თქვენო მოწყალებავ, უბრძანებთ, დედამისი, ის ქუჩის ქალი დაიჭირონ, ჩვენი მეზობელი იქნება. რა სიამოვნებით შევხედავ, როგორ წააბრძანებენ ოთხთვალათი გამოსასწორებელ სახლში. მართლაც რომ სანიმუშოდ უნდა დაისაჯონ ასეთი უნამუსო ქუჩის ქალები. თავს დავდებ, პირველი შემთხვევა არ იქნება, როგორ გაბედა და ბავშვი თქვენს მოწყალებას მოუგდო!
– მე მომიგდო, დებორა?! – გაუკვირდა ოლვორთის, – არა მგონია, ეს ნდომებოდა, ალბათ იფიქრა, ბავშვისთვის ასე აჯობებსო და მართლა მიხარია, რამე უარესი რომ არ ჩაიდინა.
– არც კი ვიცი, ამაზე უარესი რაღა უნდა ჩაედინა, – შეჰყვირა დებორამ, – მეძავი პატიოსან კაცს ცოდვაში რომ გახვევს! მართალია, თქვენმა მოწყალებამ იცის, რომ უდანაშაულოა, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, ადამიანებს სხვისი განსჯა უყვართ; ბევრჯერ ყოფილა, პატიოსანი კაცისთვის სხვისი მამობა დაუბრალებიათ; და თუ თქვენი მოწყალება ამ ჩვილზე მზრუნველობას იტვირთებს, ასეც იფიქრებენ; ამას გარდა, რატომ უნდა იზრუნოს თქვენმა მოწყალებამ ბავშვზე, როცა მისი მოვლა-პატრონობა საეკლესიო მრევლის ვალია. ჩემდათავად, პატიოსანი კაცის შვილი რომ ყოფილიყო, სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ, ამისთანა საძაგელ ნაბუშარს როგორ შევეხები ან ადამიანად როგორ ჩავთვლი! ფუი! როგორ ყარს! ქრისტიანის სუნი არ ასდის! თუ ნებას მომცემთ, გავკადნიერდები და გირჩევდით, კალათში ჩაგვესვა და მნათის კართან დაგვეტოვებინა. ცოტა კი წვიმს და ქარია, მაგრამ მაინც მშვენიერი საღამოა; კარგად შევფუთნოთ, თბილ კალათში ჩავაწვინოთ და ვგონებ, დილამდე გაატანს. თუ ვერ გაატანს, ის მაინც გვეცოდინება, რომ ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადეთ; ალბათ ასეთი არსებისთვის აჯობებს, უმანკო მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და დედას დაემსგავსოს; უკეთესს რას უნდა ელოდო ამათგან.
წარმოთქმული სიტყვა რომ გულდასმით მოესმინა, ზოგიერთ მტკიცებულებას შესაძლოა, მისტერ ოლვორთი გაენაწყენებინა, მაგრამ იმ წუთებში პატარას მისი თითი ხელში მოექცია, ნაზად უჭერდა და თითქოს თანაგრძნობას შესთხოვდა, რაც მისის დებორას მჭევრმეტყველებას, კიდევაც უფრო შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო, შეუდარებლად აღემატებოდა. მისტერ ოლვორთიმ მისის დებორას კატეგორიულად უბრძანა, ბავშვი თავის ლოგინში ჩაეწვინა და თუ ვინიცობაა გაიღვიძებდა, მოახლეს მისთვის ფაფა მოეხარშა. ისიც ბრძანა, დილიდანვე წესიერი თეთრეული მოუტანეთ ბავშვს და როგორც კი გაიღვიძებს, მომიყვანეთო.
ისეთი გამჭრიახი გახლდათ მისის უილკინსი, ისეთი პატივისცემით განმსჭვალული თავისი ბატონის მიმართ და ისე კარგად ირგებდა საუკეთესო თანამდებობას, რომელიც მის სახლში ეკავა, რომ მისტერ ოლვორთის კატეგორიულმა ბრძანებამ ეჭვები გაუქარწყლა; ჩვილი ხელში აიტაცა, ოდნავადაც არ შესტყობია ზიზღი, ბავშვი უკანონოდ რომ იყო შობილი, განაცხადა, უი, რა საყვარელი ყოფილაო და თავისი ოთახისკენ გაეშურა.
ოლვორთიმ კი ტკბილად დაიძინა, ასე სძინავს ადამიანს, როცა კეთილ საქმეს მოწყურებული გული კმაყოფილი ისვენებს, გაცილებით უფრო ტკბილად, ვიდრე კარგად დანაყრებული. არ დავზარდებოდი და განვუმარტავდი ჩემს მკითხველს, რომ მცოდნოდა, რა გზით შეიძლება ამგვარი მადის გაღვიძება.
თარგმნა თაკო ჭილაძემ
