ამბოხებული პოეტი

ლეო ფერეს შემოქმედება ფრანგული ალტერნატიული კულტურის შეუდარებელი მაგალითია. ეს არის ხელოვანი, რომელმაც შანსონს კრიტიკული ენა შესძინა. ფერეს შემოქმედებაში ერთმანეთს ენაცვლება რომანტიზმი და სარკაზმი, აკადემიური ენა და ჟარგონი, ფოლკლორი და ავანგარდი, ერუდიცია და პროვოკაცია, ირონია და დრამატიზმი, მინიმალიზმი და უსაზღვროება… ფერე პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას უფრო ხატავს, ვიდრე მათ ისტორიებს. ფერემ, საკუთარი ნაწარმოებების გარდა, აამღერა ვიიონი, ვერლენი, რემბო, აპოლინერი, არაგონი და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბოდლერის “ბოროტების ყვავილები”. იგი გახდა პირველი მომღერალი, ვინც სრული ალბომი მიუძღვნა ერთ პოეტს.

დამწყები შანსონიეს გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. ჩამწერ სტუდიებში მიაჩნდათ, რომ ფერეს სიმღერები “შესანიშნავია, მაგრამ შიგ ძალიან ბევრ სიტყვაა და რთულია სცენაზე გასატანად”. ფერეც უფასოდ მღერის კაბარეებში, თუმცა მალევე იძენს მსმენელს და ქმნის საკუთარ სახე-პერსონაჟსაც. მას პოეტობაზე აქვს პრეტენზია. ამბიციურ და მომთხოვნ ხელოვანს სურს, ზღვარი წაშალოს პოეზიასა და სიმღერას შორის. ფერეს მიაჩნია, რომ “პოეზია მუსიკასავით უნდა ისმინებოდეს. ყოველი ლექსი, რომელიც მხოლოდ წასაკითხადაა დაწერილი და ნაბეჭდშია ჩამწყვდეული, დაუმთავრებელია”.

ფერეს ტექნიკა ვირტუოზულია. მისი მუსიკალური ლექსის ენა, მეტაფორულთან ერთად, რეალური და ორგანულიცაა. ფერე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსიკის ხარისხს, თუმცა გაცნობიერებული აქვს, რომ პოეტის იარაღი მაინც სიტყვაა. ფერესთვის მთავარია ლექსის ტემპი და შინაგანი სუნთქვა. ყველა ლექსსს ერთი და იგივე პრინციპი აცოცხლებს. “ლექსის ერთ-ერთი მიზანია მისი წარმოთქმა, შინაგანი ხმის განსხეულება. ამისთვის ყველას თავისი ტექნიკა აქვს. ლექსს შეუძლია, სიმღერად ყოფნა აირჩიოს” – ამბობს იგი.

პარიზის გათავისუფლების შემდეგ, ფერე გამოდის დედაქალაქის ცნობილ კაბარეში Le Boeuf sur le toit 1, მოგვიანებით კი მას Milord l‘Arsouille-ში2 ვხედავთ. იგი სულ უფრო ხშირად ხვდება ანარქისტულ ჯგუფებს. ანარქიზმით გატაცება დიდ გავლენას ახდენს მის შემოქმედებაზე. ფერეს მიაჩნია, რომ “ანარქია არის სასოწარკვეთის პოლიტიკური სახე”. ოცი წლის მანძილზე, წელიწადში ერთხელ, ფერე ბრასენსთან ერთად ატარებს გალა-კონცერტს ლიბერტარიანული საზოგადოებისა და ანარქისტული ფედერაციისთვის. ძლიერთა ამა ქვეყნისა მამხილებელი და ამბოხებული პოეტი უმწვავესად აკრიტიკებს თავის ეპოქას, საზოგადოების მომხმარებლურ ფორმას, ომს და წამებას, სულის შემხუთველ ბურჟუაზიულ ყოფას…, რასაც ტელევიზია ცენზურას ადებს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ფერე პოპულარობის მწვერვალს აღწევს, იძულებული ხდება, დათმოს. აღსანიშნავია, რომ ანდრე ბრეტონი, რომელიც “სიურრეალისტების სახელით მიესალმება პოეტ ფერეს ნიჭს”, მწერალთაგან ერთ-ერთი პირველია, ვინც ფერეს იცავს.

ჟილ დელეზი ფიქრობს, რომ “იმის გასარკვევად, გვიყვარს თუ არა ესა თუ ის ხელოვანი, ვამოწმებთ სიამოვნების ხარისხს, რომელსაც იგი გვანიჭებს. ლეო ფერეს შემთხვევაში არანაირი ეჭვი არ არსებობს: სიამოვნება უზარმაზარია. თავიდან, ეს არის აბსტრაქტული, გონებრივი სიამოვნება. სიტყვების მნიშვნელობა გვატყვევებს. შემდეგ კი მოდის უფრო ფიზიკური შეგრძნება, რომელიც ამ გონებრივი სიამის ეფექტია და რომელიც თავად სხეულს ესაუბრება. ჩვეულებრივ, ამას ეძახიან სიამოვნების მწვერვალს… ფერე ემოციების მყვინთავია, რომელიც სიტყვებს ისე იყენებს, როგორც ხილულის მტვერში მოცეკვავე ქვიშის მარცვლებს” 3.

ფერე, უპირველეს ყოვლისა, პოეტია. იგი იყენებს მდიდარ ლექსიკას, მოულოდნელს იმ თემებისთვის, რომლებსაც ირჩევს, თამაშობს სიტყვის კონოტაციით, იგონებს ნეოლოგიზმებს, ქმნის კომპლექსურ ხატებს და ხშირად ცვლის რიტმს. ლიტერატურული ინტერტექსტი მასთან მდიდარია, იშვიათად ერთმნიშვნელოვანი. ლუი არაგონს მიაჩნდა, რომ “ფერეს გამო, ლიტერატურის ისტორიის ხელახლა გადაწერაა საჭირო”.

ლეო ფერე, თავისი ნახევარსაუკუნოვანი მუსიკალური და პოეტური შემოქმედებით, ფრანგული შანსონის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლადაა მიჩნეული. ორმოცზე მეტი ორიგინალური ალბომისა და ოთხასზე მეტი სიმღერის ავტორი, იგი პოეტზე არანაკლები კომპოზიტორია, რომელსაც შექმნილი აქვს ბევრი სხვადასხვა ჟანრის კლასიკური ნაწარმოები: სიმფონია, ბალეტი, ოპერა, ორატორია… ლეო ფერე ყველაზე უხვრეპერტუარიანი ფრანგი ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებელია.

                                                                                                                    მთარგმნელისაგან

 

 

 

სენ-ჟერმენ-დე-პრე

 

სენ-ჟერმენ-დე-პრეზე ვცხოვრობ

და ყოველ საღამოს ვსტუმრობ

ბებერ ვერლენს.

არ იშლის ჩვენი პიერო

სენის ნაპირზე სიარულს,

სხვაგან ვერ ძლებს.

 

 

არ ვავიწყდებით ძმები

აპოლინერს,

მოდის, რომ ლამაზები

გვაპოვნინოს.

გვინდა, ერთმანეთს გული

გავუხაროთ,

მაგრამ არა გვაქვს ფული,

სამწუხაროდ.

 

 

დახეთ ამ მიეთ-მოეთებს,

ამ ორგროშიან პოეტებს,

უფერულებს!

დახეთ ამ ვითომღატაკებს!

თითოეული ქადაგებს

უფულობას.

 

 

ლექსებს რომ გახედნიან,

რითმით მდიდარს,

კვდებიან და ხედავენ

ფერად სიზმარს.

ლათინურს ღაღადებენ

შეკრებებზე,

შიმშილი არ ადარდებთ

სენ-ჟერმენზე.

 

 

სენასთან ახლოს, იცოდეთ,

თუ ჩაიარეთ ვისკონტი

ან აბეი,

გადაგეყრებათ მაშინვე

პოლ ვერლენი, ან რასინი,

ან ვალერი.

 

 

და თქვენთვისაც გახდება

გასაგები,

თუ რატომ ხარხარებენ

ღატაკები.

იფიქრებთ, “ეს ხომ, ალბათ,

ჩვენც შეგვეძლო!”…

მოდით, მათ მივესალმოთ

სენ-ჟერმენზე!

 


1 Le Boeuf sur le toit – ეს კაბარე გახსნისთანავე ქალაქის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად იქცა და მუდამ სავსე იყო პარიზის ბომონდით და ავანგარდის საუკეთესო წარმომადგენლებით.

Milord l‘Arsouille – უძველესი კაბარე, რომელიც პარიზის ისტორიული ძეგლების სიაშია შეტანილი.

Cité par Dominique Lacout, Leo Ferré, Éditions Sévigny, 1991.

 

1 2 3 4 5 6