ხელოვანის ცხოვრება

 

ჩვენი შეხვედრა შემთხვევით მოხდა,

ამ სასახლესთან… ანდა იმ ქოხთან…

ის წუთი, ალბათ, შენც კარგად გახსოვს.

 

ვნებით აგვევსო გული უცნობებს,

და თუმცა ამას, დღეს, იუცხოებ,

ჯობს, დავუჯეროთ შორეულ წარსულს.

 

 

შენ მოგიძღვენი, რაც კი მებადა,

ზღვა სიმღერათა და ოცნებათა

და ამ ბოჰემამ გადაგიბირა…

 

 

და თუკი მაშინ ასე გნებავდა –

რომ “ჩვენ ჰაერიც გამოგვკვებავდა”,

დღეს, შენი აზრი სხვანაირია.

 

 

თვის ბოლო, თან რომ სიმწირე ერთვის,

კვირაში შვიდჯერ დგებოდა ჩვენთვის,

მაგრამ სიყვარულს ვერას აკლებდა

 

 

საღამოები კინოს გარეშე,

წარუმატებელ დღეთა თარეში

და უსაშველოდ მცირე საკვები.

 

 

ხედავ, წუთიც არ დამვიწყებია

წარსულად ქცეულ ჩვენი წლებიდან.

მას შემდეგ, გულში მხოლოდ დარდია.

 

 

შენ კვლავ ლამაზი დღეები გელის,

ნუ დააყოვნებ, ჩასჭიდე ხელი,

ძვირფასი წლები სწრაფად გადიან.

 

 

და ახლა, როცა შენ ჩემგან წახვალ,

დაველოდებით სიბერის ლახვარს

და ერთმანეთი გვემახსოვრება…

 

 

ეს ფონოგრამა თან გაიყოლე,

პიანინოს კი მე დავიტოვებ –

კვლავ ხელოვანის მელის ცხოვრება.

 

 

მოგვიანებით, დაუდევარი,

ჩემი აფიშის პირისპირ მდგარი

უცნობი, მზერით ცას რომ შერთვია,

 

 

ჩემს წარმატებებს გაგიზიარებს.

შენ კი, შემცბარი და სევდიანი,

ეტყვი, რომ ჩემთვის, დღეს, სულერთია…

დღეს, სულერთია…

 

1 2 3 4 5 6