დროსთან ერთად
დროსთან ერთად…
დროსთან ერთად, ყველაფერი მიდის.
ვივიწყებთ მის სახეს და ხმასაც ვივიწყებთ…
გული რომ აღარ ცემს, შენს ახირებაზე
ვერ დაძრავ. ჯობია, მიუშვა ნებაზე.
დროსთან ერთად…
დროსთან ერთად, ყველაფერი მიდის.
ის, ვის სიყვარულსაც ვეძებდით წვიმაში,
ვისი გამოხედვაც იყო საკმარისი,
რომ გვეცნო თვალებზე და ფერუმარილზე,
ბურანს მისცემია მიმწუხრის წინაშე.
დროსთან ერთად, ვინთქმებით წყვდიადში.
დროსთან ერთად…
დროსთან ერთად, ყველაფერი მიდის.
თვით მოგონებაც კი ყველაზე ძვირფასი,
თვლემს გალერეაში, სიკვდილის თაროზე,
სადაც დაისივით ნელდება სინაზე.
დროსთან ერთად…
დროსთან ერთად, ყველაფერი მიდის.
ის, ვისაც მივენდეთ სიცხისგან დაღლილნი,
ის, ვისაც ვჩუქნიდით ქარსა და სამკაულს,
ვისთვისაც გავყიდეთ სული და სამყარო
და ვისაც დავდევდით ერთგული ძაღლივით,
დროსთან ერთად, ეს არის ჩავლილი.
დროსთან ერთად…
დროსთან ერთად, ყველაფერი მიდის.
ვივიწყებთ ვნებებს და ხსოვნათა საცრიდან
ის ხმაც კი გვიქრება, რომ ჩაგვჩურჩულებდა:
“შინ დროზე დაბრუნდი, ქარში არ გაცივდე!”.
დროსთან ერთად…
დროსთან ერთად, ყველაფერი მიდის.
ჯაგლაგს ვემსგავსებით, დოღმა რომ დაღალა
და ვწევართ შემთხვევით გადაშლილ საწოლში
და მარტოობისგან მოგველის გათოშვა
და ფლიდი წარსულის ზარსა გვცემს ნაღარა.
ეჰ, მართლაცდა,
დროსთან ერთად,
აღარ გვიყვარს,
აღარ…
5 ფერე აქ სიტყვებით თამაშობს და პატივს მიაგებს ფრანგული ანარქიზმის გამორჩეულ ფიგურას, მორის ჟუაიეს (Maurice Joyeux, 1910-1991), რომლის გვარი ფრანგულად „მხიარულს“ ნიშნავს.