ანარქისტები 4
ასში ერთს თუ იპოვით, იღბლიანი იქნებით!
თუმცა ჩვენი ქვეყანა ითვლის ასეთ ფიგურებს –
ბევრი ესპანელია – ალბათ, იქ ვერ იგუეს
ანარქისტები.
გზებს მოედნენ კირწყლიანს,
ბევრი დარტყმა იწვნიეს.
თოფს ყვირილი ერჩივნათ
და ხმა არ ჩახლეჩიათ.
არც დღეს სხედან უჩინრად,
გული გადმოუშლიათ
და სული აქვთ აცრილი
უცნაური აზრებით.
ასში ერთს თუ იპოვით, იღბლიანი იქნებით!
თუმცა კვლავაც არიან ჩვენში ცოდვის შვილები,
ზედაც რომ არ ვუყურებთ, თუ არ შეგვაშინებენ –
ანარქისტები.
ბევრჯერ, სისხლით წარეცხილ
ფილაქანზე დაეცნენ –
მეგობრობას იცავდნენ,
მოკვდნენ ფილაქნისათვის.
კვლავ დგებოდნენ ჯიუტად
და გზას ოფლი სდიოდა.
თოფს ყვირილი ერჩივნათ
და ხმა არ ჩახლეჩიათ.
ასში ერთს თუ იპოვით, იღბლიანი იქნებით!
თუმცა, თუკი ტერორი მოთმინებას გამოლევს,
ბევრს არ იყოყმანებენ და ქუჩაში გამოვლენ
ანარქისტები.
თან ექნებათ ალამი
შავი, შეუბღალავი,
გამჭრიახი გონი და
ცოტაც მელანქოლია,
ძმობის პურის საჭრელი
დანა – ქამარს გაჩრილი
და ტალახით ნავსები
დაჟანგული მასრები.
ასში ერთს თუ იპოვით, იღბლიანი იქნებით!
თუმცა, ამაყები და მუდამ მხიარულები 5,
კვლავაც მოაბიჯებენ, ხელჩაკიდებულები,
ანარქისტები.
4 ფერემ ეს სიმღერა პირველად 1968 წლის 10 მაისს, პარიზის ლათინურ უბანში, ბარიკადების პირველ ღამეს იმღერა. „ანარქისტები“ ავტორის „გედის სიმღერაცაა“ – ეს იყო ბოლო ნაწარმოები, რომელიც ფერემ, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, საჯაროდ შეასრულა.