იმელის  შენობამდე სირბილით. კედლებს სუნი _ ჩამხმარი ცეცხლის, ძველი ნამწვის, ჭადრების ორთქლიანი ნახარშის. არსად ადამიანი, არც ძაღლი. მხოლოდ ყრუ ექოები _ თითქოს წინა ცხოვრებიდან ჩარჩენილი და დროდადრო გამსკდარი _ სიცოცხლის ნიშანი.

ათი კიბე, ათჯერ ექვსი _ მეექვსე სართულზეა ის ოთახი. უთხრეს ნომერი და კოდი ტელეფონზე. ახლა ყველაფერი კოდებითაა, პაროლებით: სიტყვებიც, გრძნობებიც, სიკვდილიც კი _ ყველაფერს კოდი ადევს, ინდივიდუალურია და არაა საჭირო სხვამ იცოდეს. რაც უფრო დაშიფრულია შენი ცხოვრება, მით უფრო მეტი შანსია გადარჩე.

ეს პატარა კოდი მისი მონაპოვარია. განძი ხელთუქმნელი, წყარო სიხარულისა. პოულობს _ ეს ოთახია, ეს კარი. შედის. რამდენიმე ტელეფონი სქელ, მტვრიან მაგიდაზე _ წითელი, შავი და კრემისფერი.

კრემისფერი უნდა იყოს. არასტანდარტული ციფერბლატით, კოდური ზედაპირით. ნერწყვი სასულეში, ხრჩობამდე. ფანჯარა უნდა გამოაღოს, ჰაერი არაა, ჰაერი დამწვრის სუნით და ჭადრების ორთქლით. კინაღამ!.. რაფას ეჭიდება ფრჩხილებით. ხელებში _ მთელი სისხლი, სასულედან ამოსროლილი სული. სისხლი და სული _ ხელებში. მარჯვენა საჩვენებელი თითის ადგილას _ პატარა კუნძი, ნათითარი. რაფას ვერ წვდება. დანარჩენი თითები ინაწილებენ კუნძის ძალას. გავს რაღაცით _ გადაჭრილ თითს. უმწეობით გავს. ზუსტად მას აჭერს რაფას, აჭერს, სანამ ძალა მთელს სხეულში არ ნაწილდება.

ბიძგი მაგიდამდე. ტელეფონამდე. ქაღალდის ნაგლეჯზე _ ნომერი შვიდი ციფრით. ადრე სხვა ნომერი ჰქონდა, ახალმა ბინადრებმა გამოცვალეს. ადრე გიჟივით რეკავდა თავის ნომერზე. პირველად ქუთაისიდან დარეკა, დევნილების ბარაკიდან. მერე ქუჩებიდან, სადაც ტელეფონს შეხვდებოდა, რეკავდა. გადიოდა ზარი. მთავარი იყო, რომ გადიოდა ზარი და იქ, მის სახლში, სიჩუმეში, ტელეფონის ხმა მის ნაცვლად აღებდა კარს, ფანჯრებს, გადიოდა აივანზე, შლიდა მკლავებს, ისუნთქავდა ევკალიპტების ნოტიო სურნელს, ტელეფონის ხმა მის ნაცვლად დადიოდა ოთახებში და აკვირდებოდა ყველაფერს, რამაც ამ წლების სიჩუმეში თავისი ხმა დაკარგა…

ციფრები რიგრიგობით, საეჭვო სიმშვიდით. პაუზა წელავს ნერვებს, აბლაბუდაში შეყოფილი ბავშვის ხელისგულივით. კედელზე თვალმოკრული ბუენოს–აირესის პეიზაჟი. ვისი კაბინეტია, ვის უყვარდა ბუენოს–აირესი, ოთახში კედელზე რომ გაიკრა? რა კარგია ბუენოს–აირესი, ტეხილი ქუჩა კაფეების დერეფნით. ლავანდებიან კედელთან ქალი, ცალი ფეხი _ კედელს მიბჯენილი. ბუენოს–აირეს, ჩვენ ვმღეროდით შენს სიმღერებსაც!

_ ალო!

სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოდან. შორიდან, საზღვრის გადაღმიდან, სახლიდან. მისი სახლიდან.

_ ალო!

ხელმეორედ პასუხი. რუსულად.

ისევ ნერწყვი სასულეში, მაგრამ სული უკვე გარეთაა, მთელ ოთახშია, ფანჯრებს აწყდება, ამიტომ ვეღარ დაახშობს ვეღარავინ. სული ასკდება კბილებს და კოდურ სიტყვებად იშლება, პაროლებად.

_ ასლან ბჟალია ხარ?

_ მე ვარ. ვინ კითხულობს?

_ რუსლანი გეტყოდა ჩემზე, დარეკვას რო ვაპირებდი.

პაუზა. სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოში, საზღვრის გადაღმა, სახლში. მის სახლში.

_ ასლან, მამუკა ვარ… მესხი. გამარჯობა!

გამარჯობა ქართულად. ესაც პაროლია. უნდა გაამართლოს. შიგ წარსულში, ხსოვნაში.

_ გაგიმარჯოს!

აფხაზურად. მიღებულია. საზღვარი იტყობინება, რომ სიგნალი არის. სიგნალი სულ არის, როცა ის ესმით.

_ როგორ ხარ, ასლან…

_ კარგად ვართ. არ გიცნობ.

_ ჰო მარა ახლა შენ ცხოვრობ ჩემ სახლში. ახლობელი გამოდიხარ ასლან.

_ კი გამოვდივარ.

_ რა ხდება მანდ, როგორი შემოდგომა გაქვთ, უჩანს კაი პირი მოსავალს?

_ გვალვა იყო ამ ზაფხულს და ქარაშოტიც. მიწა გამოახმო, ვერაა კარგი ამბავი.

_ ჰო, აქაც. აქაც ეგრე იყო. მარა ჩემი ეზო… ეგ ეზო მაღალზეა და მანდ სინოტივეს სულ ინარჩუნებს ხოლმე მიწა. ხო ხარ დაკვირვებული?

_ კი, კარგი ეზოა. წელს ციტრუსს უნდა გაუმართლოს. კაკალიც ჯანზეა, ბლომად მოისხამს.

_ ცოლიკაური? ხო არ მოჭერით?

_ არა არა, ცოტა მოიხრუკა ეგეც, მარა რამდენიმე ძირს ეშველება. შარშან უფრო ყოჩაღად იყო.

_ მე ეგ შვიდ ოციანს მავსებინებდა ხოლმე. სამს მე ვმყოფინობდი ზამთარში, ერთი მამაჩემთან მიმქონდა და დანარჩენი _ მიმსვლელ–მომსვლელისთვის. ჩემი დიდი ბაბუას დარგულია, ადესაზე დაამყნო და წვენი ჰქონდა ისეთი _ სისხლი, კუნაპეტი!  ძალიან გამძლე ვაზია. ჩრდილიც დიდებული აქვს, მოწონთ ბავშვებს? გყავს ხო ბავშვები?

_ ხუთი. ორი გოგო და სამი ბიჭი.

_ ღმერთმა გამრავლოთ! საქანელა რო იდგა ეზოში, მოხატული, ხო დგას კიდე? ერთობიან ხო?

_ რა საქანელა? მე არაფერი დამხვედრია…

_ რას ამბობ! ვინ დაეჭიდა და წაათრია ნეტა! რა საქანელა იყო იცი? წითელი, გრძელი, სამი კაცი მინიმუმ ეტეოდა და ხუთ ბავშვს უეჭველი ჩაისვამდა! ცეცხლოვანი ფასკუნჯებით იყო მოხატული, გიორგი ძიგუა რო იყო, მხატვარი, შეიძლება კი იცოდე, იცნობდა ნახევარი ქალაქი, ფიროსმანას რო ეძახდნენ…

 

 

1 2 3