_ გამიგია ფიროსმანა.
_ ჰოდა მაგან მოგვიხატა! ფული არ გამოგვართვა, ზუსტად იმ ცოლიკაურის ღვინოზე ვაქეიფე, ფეხბურთელები გვყავდნენ კიდე სტუმრად, მოიცა რა დღე იყო იცი?.. პირველი მაისი? რაღაც დღესასწაული იყო ეგ მახსოვს და…
პაუზა ისევ. დამქანცველი ძაბვა სატელეფონო კაბელში, შხუილით ჩაქროლილი სიჩუმე. საზღვარზე შეყოვნება. ეჭვის პასპორტი.
_ შენ, გყავს შვილები?
რუსულად. სახლიდან. მისი სახლიდან. მთავარია, რომ ხმა ისევ ისმის, არის სიგნალი.
_ მყავს, გოგო. ათი წლისაა. ბაღში დადიოდა მაქაურობა რო დავტოვეთ…
_ ბაღი მუშაობს ისევ.
_ მართლა? სონია მასწავლებელი იყო მანდ, არის კიდევ ნეტა?
_ მოკვდა სონია, ინსულტით.
_ უჰ… ღმერთმა აცხონოს… ჩემი მასწავლებელიც იყო და ჩემი შვილისაც. ვანილის სუნი ასდიოდა მისდღემში თეთრ ხალათზე და ბავშვები ნიძლავს ჩამოვდიოდით ხოლმე, რომ რომელიღაც ჯიბეში კრემიან ნამცხვრებს მალავდა.
ბუენოს–აირესში წვიმას ელოდებიან. კედელზე ფეხმიყრდნობილი ქალი ცალი ხელით ფაქიზად არწევს ფართოფარფლებიან შლაპას. ზუსტად ამ დროს, სანაპიროს ღია კაფეში, ხაზის რადიო უკრავს არგენტინულ სიმღერას, მუსიკა მსუბუქი ჭავლით იღვრება და ადამიანები ბეღურებივით სხდებიან ამ ნიაღვარში.
_ ასლან, სახლი რა მდგომარეობაშია? სახურავი ხო არ ჩაზნიქა თოვლმა, ჩვენ რო წამოვედით, ისეთი ზამთარი იყო მაგ წელს, რო მეგონა თოვლს ჭერიდან სარდაფში ჩამოიტანდა.
_ გადავხურეთ ხელახლა. შიფერი დაარიგა მთავრობამ, არ გვეყო მარა ახლობლებმა გამიხერხეს დანარჩენი. აივანი შევაკეთეთ კიდე, მონგრეული რო იყო, და შიდა კიბეც გავამაგრეთ.
_ ყოჩაღ! აივნის დარდი მეცმქონდა. ვეღარ მივხედეთ, ეს მოხუცები, ეს ბავშვი, სამსახური, მერე ომი და… შპალერს შეცვლიდით ოთახებში ალბათ?
_ არა, ისევ ის შპალერია.
_ ჰა? ჩაიდნებიანი სამზარეულოში და ჩაისვარდებიანი _ საძინებლებში?
_ ეგრეა კი.
_ რა გაცინებს… კაი, მეც გავიცინებ… ზედა ზალის ჭაღზე რამდენი ბურთულაა, მე ეგაც კი მახსოვს, გეფიცები. აი, სულ მინდა დავივიწყო, განა რა აუცილებელი ამის ცოდნა და გახსენებაა, ტვინს ღლის პირიქით და ბიდნავს ამ უსარგებლო ინფორმაციით, მარა რო ვერ ვივიწყებ? აი რა გავაკეთო არ ვიცი…
_ მე კედელს ვურტყამ ხოლმე თავს, ეგეთი რამეების გამოსაბერტყად.
_ ებიჭო ასლან, ღმერთი არ გაგიწყრეს და დერეფნის ბოლოში რო საკუჭნაოა, მაგის კედლებს არ მიარტყა თავი, რკინა–ბეტონია და მიგადუღებს ადგილზე!
ხითხითებს სატელეფონო კაბელი, მსუბუქი ვიბრაციებით მიწისქვეშ, ღრუბლებს შორის, საზღვრის გაღმა და გამოღმა ტალღებში.
_ კიდე მითხარი რამე, მიდი, დამათვალიერებინე აბა! აბაზანა ხო გამოგადგათ? ფარდული და ქუხნა ხო არ შეგიერთებიათ? ჩვენ ვაპირებდით მაგას, ნახავდი _ ქუხნის ცალი კედელი მოშლილი გვქონდა უკვე, მარა ვეღარ მოვასწარით. კაი დიდ ფართს დაიჭერს ეგეც, თუ იზამთ.
_ ფარდული სეფად გადავაკეთეთ, ცოტა ეზო მივამატეთ და ხანდახან ვაქირავებთ ხოლმე. ქუხნა ისევ ქუხნაა, არ გვიხლია ხელი.
_ სეფად აქირავებთ? რა კარგი აზრია! ღმერთმა სულ ქორწილები ამრავლოს ამქვეყანაზე!
_ ქორწილებზე არა, ქელეხებზე ვაქირავებ. ქორწილებს იშვიათადღა იხდის ვინმე. ქელეხი კიდე, იცოცხლე, ბევრი გვაქვს.
_ ვიზიარებ, ასლან…
_ ყოველკვირა ვპოულობთ ომში გარდაცვლილთა სამარხებს. ჩვენთან სიკვდილს დიდ პატივს სცემენ, დიდს!
_ სიცოცხლეზე დიდს, ასლან?
რაღაც ხროტინებს კაბელში, ასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ხმოვან მავთულში, დამუხტულ ძარღვში, რომელსაც თავისი სასულე აქვს და დროდადრო ამ სასულეში ეყლაპება ნერწყვი.
_ ასლან, აქა ხარ?
_ აქა ვარ.
_ არ იფიქრო ცუდად ჩემზე, არაფერი არ მინდა მე, სახლის ამბავი მაინტერესებდა, მეთქი მოვიკითხავ… ყველაფრისთვის მშვენივრად მოგივლია. კარგი სახლია ეგ, ბედნიერი სახლია, ვინც იცხოვრა, ყველა მადლიერი წავიდა, ზოგი იმქვეყნად, ზოგიც ამქვეყნად.
_ მივხვდი მაგას, ფოტოალბომი ვიპოვეთ ზალაში, კარადაში და რო დავათვალიერეთ, მივხვდი.
_ დაწვი ეგ ფოტოალბომი, ან ეზოში აკაციის ძირში ჩაფალი, გეხვეწები რა.
_ რატომ?
_ მაგ სახლში მაგის ადგილი აღარაა და იმიტომ.
ნატიფ მკლავზე, მაქმანიან მანჟეტზე, ქალს ვიღაც ეხება, იქ, ბუენოს–აირესში, ხალხმრავალი ტავერნას წინ. გაუხედავად გრძნობს იმ ვიღაცის ძალას. Don t stay lonely _ ამბობს ქვაფენილი, ქალის მაღალი ქუსლის ქვეშ, სამყურის ფურცლებივით მოკირწყლულ წარწერის ტვიფარით. ამ წარწერასაც გადარეცხავს წვიმა?!