შუადღით მაღაზიაში გავდივარ, მინდა მოვასწრო სანამ გაიღვიძებს.

დაბრუნებულს ისევ საწოლში მხვდება. მშვიდად ძინავს.

გაზქურაზე წყლით სავსე მადუღარას ვდგამ. გაღვიძებისას მინდა თაფლიანი ყავა მივუტანო.

მისი თვალები ისევ თაფლისფერია. საწოლში გემრიელად იჭიმება და აშლილ თმებს ისწორებს.

– დილამშვიდობის.

– შუადღემშვიდობის, მერცია. – ნაზად ვუღიმი და ვკოცნი.

უკვე ერთი კვირაა ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. საერთოდ გადამავიწყდა სახლზე ფიქრი, რომელსაც ისედაც ვერიდებოდი.

– იქნებ სამოგზაუროდ წავიდეთ?

– არა, არა. ფრენის მეშინია.

გულიანად გადაიკისკისა. როგორც ჩვევია, თვალები გაუბრწყინდა. რა მარტივი ყოფილა ბედნიერად აგრძნობინო თავი.

საღამოს მეგობართან ერთად მიდის ბარში. დაბადების დღე აქვს მერიონს, ალბათ დამაგვიანდებაო მეუბნება. უსიტყვოდ ვთანხმდები.

ძილი არ მეკარება და პლაჟზე ვსეირნობ ღამის ორ საათამდე. რამდენიმე დღეა აღარ მოუთოვია, თუმცა ისევ საშინელი სიცივეა. კარგია, რომ ზაფხული არაა. მაისის შემდეგ, სექტემბრის თვემდე, ზღვაზე მუდამ ხალხმრავლობა და აურზაურია. პლაჟი კი დაბინძურებული და ხმაურიანი. ზამთარში უფრო მშვიდი და ლამაზია ყველაფერი. სახლში მისულს მერცია საწოლში მხვდება.

– ადრე დაბრუნებულხარ.

ბედნიერი ვარ, რომ მისი თითები ჩემს სახეს ეხებიან. ვარდისფერი ლაქი უმშვენებს წაგრძელებულ ფრჩხილებს.

– მოსაწყენი იყო, შენთან უკეთესია. მომწონს, როდესაც შენს საუბარს ვუსმენ.

გახარებული მთელი ღამე ათას სისულელეს ვუყვები. დრო შეუმჩნევლად გადის, უკვე ხუთი საათია და ჩაეძინა. სანამ დავიძინებ მის დამშვიდებულ სახეს ვაკვირდები. ვგრძნობ როგორ შემცვალა. ყველა ჩემი შიში და აუტანელი ფიქრი უკვალოდ გააქრო ისე, თითქოს არც არასოდეს ყოფილა ჩემში. მძინარეს ვკოცნი, თმაზე ვეფერები, კანზე ვეხები. მის შუბლზე ნაიარევს მხოლოდ ახლა ვაკვირდები. ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს. მიყვარხარ! ვჩურჩულებ ჩემთვის.

გაღვიძებული მარტოობას ვგრძნობ. სადღაც წასულა, თანაც ისე, რომ წერილიც არ დაუტოვებია. ტელეფონი არ მაქვს, არც მისი ნომერი ვიცი. სად უნდა წასულიყო, დაბრუნდება. თავს ვიმშვიდებ.

გადავწყვიტე ჯეფერსონი მოვინახულო.

მისმა მარშრუტმა საერთოდ ამირია ყველაფერი. ტაქსს ვაჩერებ და  მისამართს ვეუბნები, კლინიკის სახელს. ახლა იმ ქუჩის შენობებსაც მხოლოდ რიცხვი აწერია – თერთმეტი.

უცნაურად მაკვირდებიან, თითქოს პირველად მნახეს.

მიმღებშიც სხვა გოგონაა.

გაკვირვებული ვუყურებ, თუმცა არ მინდა რამე შემამჩნიოს, გამომეტყველებას ვიცვლი და დახლთან მივდივარ.

– გამარჯობა, – ვესალმები თავაზიანად.

საპასუხოდაც იგივეს ვიღებ.

– აქ ერთი პაციენტის სანახავად ვარ.

– გვარი?

– ჯეფერსონი.

– დამელოდეთ.

ტელეფონზე რეკავს.

რამდენიმე წამში მთავარი ექიმიც ჩნდება და ათას სისულელეზე მელაპარაკება. რა დაემართა ამ კაცს? – ვეკითხები საკუთარ თავს.

– ჩემი მეგობრის ნახვა მინდა, – ვიმეორებ თხოვნას ამჯერად მთავარ ექიმთან.

– რა თქმა უნდა, ახლავე.

ხელს მკიდებს და იმ ოთახში შევდივართ სადაც შეხვედრები იმართება.
რამდენიმე წუთში ჩემი მეგობარიც შემოდის. სკამიდან ვდგები და სახეზე ვაკვირდები. როგორღაც შეცვლილა: სახეზე ნაოჭები ემჩნევა, ცხვირიც ოდნავ წაგრძელებული თვალები კი ჩაცვენილი აქვს.

– აქ რას აკეთებ? – მეკითხება გაკვირვებული.

საბოლოოდ ვიბნევი.

-მე… მე ხომ შეგპირდი, რომ მოგინახულებდი. როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?

– აქ საუბარი სახიფათოა, ექიმს უკვე შევუთანხმდი. ჩვენს პალატაში შევიდეთ. შენს შემდეგ იქ არავინ შემოსულა.

ჩვენი პალატა ზუსტად ისეთივეა. მგონი ერთადერთია რაც აქ არ შეცვლილა.

– შეგიძლია ერთი დღით დარჩე, სასაუბრო ბევრი გვაქვს, – მეუბნება ჯეფერსონი, – ძალიან გამახარებ თუ ამას შეძლებ.

უარი ვერ ვუთხარი.

მართლაც უამრავ რამეზე მესაუბრა. აშკარაა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმებულია. თვალები ამღვრეული აქვს და ყველაფერს ადვილად ვამჩნევ. ხუთი წელი საკმარისზე მეტი დროა მსგავსი ინსტიქტების გამომუშავებისთვის.

ისე ჩამეძინა თითქმის ვერაფერზე მოვასწარი დაფიქრება.

დილით საშინელმა ხმამ გამაღვიძა.

,,ჭამის დროა, ადექით’’, იმეორებდა ნაცნობი ხმა.

,,პალატა ნომერი ცხრა…’’ ,,ჯეფერსონ…’’ ჩემი გვარიც გაისმა. სასადილოში უნდა ჩავიდეთ.

რა ხდება? ვეკითხები საკუთარ თავს. ჯერ კიდევ არაფერი მესმის. ჯეფერსონი ნაღვლიანი, მაგრამ დამშვიდებული თვალებით მაკვირდება, თითქოს მასაც არაფერი ესმის.

მერცია…

 

 

 

1 2 3 4 5