როგორც ჩანს საუბარი არ უყვარს, გუნებაც აერია. გამოფიტულია, ალბათ. ასმაგად გრძნობ დაღლას, როდესაც წასასვლელი არსად გაქვს. აღარაფერი კითხო! თავს ნუ მოაბეზრებ შენი უმიზნო ცნობისმოყვარეობით!

– არ გინდა მომიყვე? – სხვათაშორის ვეკითხები, ისედაც ვიცი, რომ პასუხი უარყოფითი იქნება.

– არა. მაპატიე, – მეუბნება რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, – შენ პირველი კაცი ხარ, რომელიც საუბარს მთხოვს. საიდან მოდიხარ?

– კლინიკიდან, – აღარ ვაკონკრეტებ, ვიცი არ ჩამეძიება.

– სახლში რატომ არ წახვალ?

– იქ არ მიმიღებენ.

– რამე დააშავე?

– დედა მოვკალი, –  ვეუბნები და თვალებში ვაკვირდები, შიშის ნატამალსაც ვერ ვამჩნევ.

– კარგად ხუმრობ, – გულიანად გადაიკისკისა, – მე კი მეგონა შენგან სასაცილოს ვერასოდეს ვერაფერს გავიგებდი.

– მერცია…

– კარგი, კარგი, – არ მაცდის საუბარს, – რა მნიშვნელობა აქვს. ახლა სად უნდა წავიდეთ?

– წასასვლელი არც მე მაქვს.

– ამ შემთხვევაში უფრო ადვილია რამის მოფიქრება. – თვალები უციმციმებს, ფერი ეცვლება.
მთელ ღამეს სიარულში ვატარებთ. მერციას არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მცივა. ვუყურებ და სასიამოვნო ფიქრებში ვიძირები, წარმოდგენაზეც კი გულს ბაგაბუგი გაუდის. ყურები დახშული მაქვს, გონება ამღვრეული. ნუთუ ეს არის?

– მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე.

– ამბიციური ყოფილხარ, – კეკლუცობას ემჩნევა, ხასიათი გამოუკეთდა როგორც ჩანს.
– არც ისე.

მხოლოდ გამთენიისას, როდესაც უკვე ორივესთვის აუტანელი გახდა სიარული, გადავწყვიტეთ, იაფფასიან სასტუმროში მოგვესვენა. თურმე ქალაქს კარგად იცნობდა და სასტუმროსაც მალე მივადექით. ნომრის ფულის გადახდა არაფრით დამანება. სხვა გზა აღარ მქონდა, დავთანხმდი.

– შხაპი ერთად ხომ არ მიგვეღო? – მკითხა ნომერში შევედით თუ არა.

საოცრად ვიბნევი.

– კარგი, მაშინ მხოლოდ ჩემს შემდეგ. – ხვდება და თავადვე პასუხობს საკუთარ შეკითხვას.

ერთი საათის შემდეგ ორივე ვიხდით და ვწვებით. სხეული ცხელი აქვს, იმდენად მწველი, მეეჭვება გადავურჩე. მისი თმის სურნელს ვგრძნობ.

– ახლა შეგიძლია მომიყვე რა ჩაიდინე, – მეუბნება და ნაზად მკოცნის, – ოღონდ ძალიან მოკლედ.
სწრაფად ვემორჩილები და მოყოლას ვიწყებ:

ჩემი ძმა მხოლოდ იმის გამო ვერ მიტანს, რომ დედა მოვკალი.

სახლში დაბრუნება არ შემიძლია. ერთი დღეც არაა გასული, რაც ფსიქიატრიული კლინიკიდან გამომიშვეს, მერცია. იცი, იქ გატარებულმა წლებმა უფრო მეტი მომცა, ვიდრე მანამდე თავისუფლების ოცმა წელიწადმა. თუკი რამე შემეძლო მესწავლა იქ ვისწავლე ყველაფერი და სიმართლე გითხრა, არ ვიცი ახლა აქ რა უნდა გავაკეთო. ჩემი ისტორიის ადამიანი ნორმალურად ვერაფერს შეძლებს ამ ქვეყანაში. ჩემი დაბადებიდან დაიწყო პრობლემები. მე როდესაც გავჩნდი ჩემი ძმა თოთხმეტი წლის იყო. ასე ვთქვათ, დაუგეგმავი ბავშვი გაჩნდა ჩემი სახით. დედას ფეხმძიმობა გაურთულდა, ორმოცდახუთ წლამდე იყო. ალბათ ყველაფერი გააკეთეს ექიმებმა მის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერი შეძლეს. რა ბანალური ისტორიაა, არა? ის კი მოახერხეს, რომ მკვლელად დავბადებულიყავი. ერთი დღის მკვლელი, როგორია? პირველი მოგონება, რაც სამყაროსთან მაკავშირებს ჩემი ძმის მოღერებული დანაა, რომელმაც მოზრდილი ნაიარევი დამიტოვა მკერდთან. სკოლიდან მოსულს მუდამ ძალადობასთან გამკლავება მიწევდა. დალევა დაიწყო. როდესაც ნასვამი იყო საერთოდ კარგავდა კონტროლს და მკვლელს მიწოდებდა. მასთან გამკლავება, თუნდაც მთვრალთან, ჩემს ძალებს აღემატებოდა. ერთი პერიოდი თითქოს გონს მოეგო, ცოლი მოიყვანა და ჩემს ცემას თავი დაანება. მერე კი ყველაზე უარესი მოხდა. ორ წელზე მეტი ვერ გაძლო ქორწინებაში. ამის შემდეგ ისევ სასმელს დაუბრუნდა. ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე, პირველად და უკანასკნელად შევუბრუნე ხელი, სახეში გავარტყი. ხმა არ ამოუღია, სახლიდან გავიდა. თითქოს გავიმარჯვე კიდეც… თუმცა ნახევარ საათში რეზინის ხელკეტით დაბრუნდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ კეფაში საშინელი დარტყმა ვიგრძენი. შემდეგ კი თავი კლინიკაში ამოვყავი. აღარც ჩემი ძმა მახსოვს კარგად. მოძალადე უფროსი ძმა, მათთვის ჩვეულებრივი შემთხვევა იყო.

სიგარეტს ვუკიდებ, ნერწყვის გადაყლაპა მიჭირს. გაფითრებულ მერციას ვაკვირდები, ცდილობს თვალი ამარიდოს.

– მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე, მერცია.

– არ ღირს, ვერაფერს შევცვლით.

– მე ხომ გულწრფელად გითხარი.

– მიმძიმს ამაზე საუბარი, ჩემი ისტორიაც მსგავსია. ძმა კი არა, ამ შემთხვევაში მიზეზი დაუფიქრებელი ქორწინება იყო. აქ ამიტომ ვარ, დღემდე მას გავურბივარ. ყოველთვის ახერხებს ჩემს მოძებნას.

– როგორ შეიძლება შენ შეგეხონ, – ბრაზი ყელში მიჭერს მძლავრ მარწუხებს. წარსულის ამბები მოსვენებას მიკარგავს. თითქოს რაღაცის გახსენებას ვცდილობ.

 

 

1 2 3 4 5