ჩემი ძმა მხოლოდ იმის გამო ვერ მიტანს, რომ დედა მოვკალი.

ყოველდღე ვიხსენებ შობის იმ შორეულ საღამოს, როდესაც ფსიქიატრიული კლინიკა პირველად დავტოვე. როგორც ყველა ადგილობრივს, მეც მგონია, იქ სრულიად უსაფუძვლოდ გამომაწყვდიეს. როგორც ყველა მათგანი, ახლა მეც ვთვლი, რომ გარეთ აღარაფერი მესაქმება.

მათთვის არ აქვს მნიშვნელობა მე როგორ ვფიქრობ. ისევე დაუკითხავად მიშვებენ, როგორც მომიყვანეს. დღესაც, ჩვეულებრივ მზიან დღეს, ნათლად ვხედავ შობის იმ შორეულ, სუსხიან საღამოს:

ჯერ მხოლოდ შუადღეა. ოთხი საათი თუ იქნება, მაგრამ უკვე ბინდი ჩამოწვა და გარეთ გასვლის სურვილს საბოლოოდ გვიკარგავს. ჩემი ქურთუკი ნახევრად დაფლეთილია და მიუხედავად იმისა, რომ ეზოში უცხო თვალი ვერ შემოაღწევს მაინც ვიღაცის მრცხვენია. ამის გამო მუდმივად მერიდებოდა ზამთარში სასეირნოდ გასვლა. ქურთუკიც მხოლოდ ერთი და შელახული მაქვს.

მთავარი ექიმი ჩემს გვარს აცხადებს.

ჯეფერსონი… ისმის ჩემი მეგობრის გვარიც, რომელთანაც ბოლო ორი წელი გავატარე მეცხრე პალატაში.

ერთად გვიშვებენ მთავარ ექიმთან. კეთილი კაცია, მაღალი და ჩამომხმარი. სათვალე კეხიან ცხვირზე სასაცილოდ ადევს. მე და ჯეფერსონს ახლაც ერთად წაგვსკდა ცრემლნარევი სიცილი მისი დანახვისას.

– იცით თუ არა რატომ დაგიბარეთ? – ჩაახველა ექიმმა და ჩემს მეგობარს მიაშტერდა.

– არა, – აქაც სინქრონულად ვპასუხობთ.

– ახლავე გაგარკვევთ.

მთავარი ექიმის კაბინეტი საკმაოდ დიდი და მაინც მყუდროა. მხოლოდ საჭირო ნივთებია, რაც საკმაოდ ცოტაა, თუმცა ისე გადაუნაწილებია, დიდი სიცარიელე არსად იგრძნობა.

ჩვენი პალატები კი საკმაოდ პატარაა. საწუწუნო არაფერი გვაქვს, სამაგალითოდ სუფთაა და საწოლებიც რბილია, ისე კი – ორი ადამიანის საცხოვრებლად მოუხერხებელი. ხშირად მიჭირდა სუნთქვა თან სარკმელიც პატარა აქვს. ისე უნიჭოდ გამოუჭრიათ, სკამზე შედგომა გვჭირდებოდა მიწის დასანახად.

– საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც აქ მოხვედით, – აგრძელებს ექიმი და ამჯერად მზერა ჩემზე გადმოაქვს, – თითქმის ერთდროულად დაიწყეთ ჩვენთან მკურნალობა.

– ნამდვილად ასეა, – პასუხს ვასწრებ ჯეფერსონს, რადგან მე მიყურებს და ამიტომაც მგონია, თითქ მხოლოდ მე მესაუბრება.

– ჰო, – სიგარეტს აბოლებს ფანჯარაში, – თქვენ ამ კლინიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პაციენტი ხართ… ასე ვთქვათ.

– მივეჩვიე.

– თავს როგორ გრძნობთ? – უკვე ზურგით დგას. მაინც მგონია, რომ მხოლოდ მე ვყავარ მხედველობაში.

– ჩვეულებრივად, კარგად.

კმაყოფილი ბრუნდება, შემდეგ კი ჩემს მეგობარს ეკითხება:

– თქვენ, ჯეფერსონ?

– მხოლოდ იგივე შემიძლია გითხრათ, სერ, – ისმის პასუხად და ისევ ერთდროულად გვეცინება.

– მე კი სხვანაირად მივიჩნევ, – საუბარს იწყებს მთავარი ექიმი ისე, რომ თვალს არ მაშორებს, – ანუ მინდოდა მეთქვა, ნაწილობრივ. უნდა მოგილოცოთ, თქვენ თავისუფალი ბრძანდებით. ვეღარსად გაექცევი, ახლა ნამდვილად შენ მოგმართავს.

ძალიან ვიბნევი. ამ წამს პირველი დღიდან ველოდი, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. სიტყვა თავისუფლება მაბნევს, მზარავს. უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის სხეულში.

ჯეფერსონის ბედნიერებას ვამჩნევ. მას კი სხვანაირად უნდა ესმოდეს ეს სიტყვები; გარეთ ოჯახი ელოდება, მეგობრები, ძველი ნაცნობები.

– ჯეფერსონ, თქვენ კიდევ მოგიწევთ აქ დარჩენა, ექვსი თვით მაინც, – სიტყვები მეორდებოდნენ, თითქოს კედლებიდან ხელახლა გამოჟონა ამ დაწყევლილმა წინადადებამ, ასე რომ შეაცბუნა ჩემი მეგობარი.

შევნიშნე როგორ მოიღუშა.

– კარგია, პროტესტს არ გამოთქვამთ, – ისევ აგრძელებს ექიმი და მეორე ღერს უკიდებს, – როგორც ხედავთ აქ ყველაფერი სამართლიანად ხდება. ექვსი თვეც მალე გავა და თქვენც დაბრუნდებით ოჯახში.

,,თქვენც დაბრუნდებით ოჯახში’’, ეს სიტყვები საშინლად მხვდება გულზე. ყველანაირად ვცდილობ, ექიმს არაფერი ვაგრძნობინო. ჯეფერსონი ისედაც ყველაფერს ხვდება. მთელი ისტორია ზეპირად იცის. არასოდეს დაავიწყდება როგორ უამბე ოჯახზე, რომელმაც ხელი გკრა და აქ გამოგამწყვდია. შენ კი მაინც გიყვარს ისინი, მთელი გულით, უანგაროდ, გიყვარს თითოეული მათგანი. ჯეფერსონს ეს არ ესმის და შენც აღარ ცდილობ დაარწმუნო, მაგრამ ერთხელ ხომ მაინც შეგეპარა ეჭვი, რომ არ იმსახურებენ.

– შემიძლია ხანდახან მოგინახულოთ? – ვეკითხები ექიმს და ერთი კვირის დაგროვილ თოვლს გავცქერი.

– როდესაც სურვილი გექნებათ. ძალიან გაგვახარებთ.

მადლობას ვუხდი, ხელს ვართმევ.

– ახლა კი უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, ბევრი სამუშაო მაქვს, ახალი ნაკადი მელოდება. უნდა გავესაუბრო თითოეულს ცალ-ცალკე, ხომ გახსოვთ ეს პროცედურა? დიდ დროს მოითხოვს, მეგობარო. აქ მოსვლისას ჩამორთმეული ნივთები და დოკუმენტები შეგიძლიათ მიმღებში მოიძიოთ. მხოლოდ რამდენიმე ფორმალურ საბუთს მოაწერთ ხელს და თავისუფალი ხართ.

 

 

1 2 3 4 5