ჯეფერსონი მახსენდება. ალბათ, ახლა მარტოა ჩვენს პალატაში, ან კიდევ უარესი – ახალ პაციენტთან ერთად. მისთვისვე აჯობებს მარტო იყოს. ჭკვიანი ადამიანია. კლინიკის ბიბლიოთეკა სავსეა წიგნებით. მე არასოდეს არაფერი წამიკითხავს. ჯეფერსონი მუდმივად კითხულობდა და შემდეგ მიყვებოდა. მოსმენა უფრო მიადვილდებოდა ვიდრე ხუთასი გვერდის წაკითხვა და თავის მტვრევა.

ზღვისკენ მინდა წასვლა, მაგრამ გზა არ ვიცი. ორიენტაცია არეული მაქვს ქუჩების გამო. იძულებული ვარ ტაქსი გავაჩერო.

ერთი სიტყვით ვაცნობ ჩემი გეგმის შესახებ.

– ზღვა ხომ აქვეა, – მეუბნება გაკვირვებული და მანქანის ძრავის ამუშავებას არ ჩქარობს.

სირცხვილით ვიწვები, ახლა ტყუილები უნდა დავიწყო. კიდევ რამეს თუ მკითხავს აუცილებლად გამომიჭერს.

– ამ ქალაქში პირველად ვარ. ზღვა არასოდეს მინახავს ზამთარში. თუ შეიძლება წამიყვანეთ.

პატიოსანი ადამიანი ჩანს. სხვა ალბათ შემამჩნევდა უამრავს მატარებდა და ფულსაც დამცინცლავდა. მან კი თხუთმეტ წუთში ზღვასთან მიმიყვანა.

– ხურდა დაიტოვეთ, – ვეუბნები მადლიერების ნიშნად.

ზღვა მართლაც ლამაზი ყოფილა ზამთარში. თეთრად არის გადაპენტილი. სიამოვნებით გავატარებდი რამდენიმე დღეს აუტანელი სიცივე რომ არა. თვალს ვერ ვაშორებ დაუსრულებელ კამკამა წყალს, თეთრად შეღებილ სანაპიროს და დიდ სიცარიელეს.

ნახევარი საათის შემდეგ საბოლოოდ იმარჯვებს სიცივე და იძულებული ვხდები სანაპიროს ბარს შევაფარო თავი.

ძველებური სტილის ბარია, არჩევანი პატარაა, სამაგიეროდ კერძებია გემრიელი, როგორც მახსოვს. ათი მაგიდიდან მხოლოდ ორია დაკავებული. ფანჯარასთან ვჯდები და ატმის არაყს ვუკვეთავ ხილის ასორტთან ერთად. მკაცრად ამიკრძალეს ალკოჰოლთან მეგობრობა, თუმცა წასასვლელი არსად მაქვს, უკან დაბრუნება საუკეთესო ვარიანტი იქნება.

როგორც ხდება პირველ ჭიქას მეორე და მესამეც სწრაფად მოჰყვა.

აი, ისიც.

პირდაპირ მაგიდასთან გოგონა ჯდება. ალბათ ოცდახუთი წლის თუ იქნება, ისევე როგორც მე. იისფერი სვიტერიდან დაკლაკნილი, ლამაზად ამობურცვული ლავიწი მოუჩანს. მთაგრეხილივით ლამაზი და მიმზიდველია. ვაკვირდები მის ჟღალ თმას, ლამაზად შეკრულსა და მოწესრიგებულს.

– ყავა, თაფლით, თუ შეიძლება, – ისმის გოგონას ნაზი ხმა.

თვალები თაფლისფერი აქვს, ღია და წმინდა. როგორც იქნა ვბედავ ტუჩებზე დავაკვირდე. წითელი ტუჩსაცხი უსვია, მაგრამ არა მკვეთრად. ალბათ არ უნდა ზედმეტი ყურადღება მიიპყროს. აბა, დაფიქრდით, გამოუვიდოდა? შეუძლებელია თვალი აარიდო მის გრძელ, ლამაზ თითებს და ხელის მტევანზე გამოკვეთილ მკრთალ, ღია ლავანდისფერ ძარღვებს.

მოულოდნელად ჩვენი თვალები ერთმანეთს აწყდება. იმარჯვებს. ერთ წამში თავს ვხრი და მოზრდილი ლანგრიდან ვაშლის ნაჭერს ჩხირით ვიღებ.

აუცილებლად უნდა დაველაპარაკო. იღიმის. მის თვალებში იმდენი სევდაა, რამდენიც აქამდე არცერთ ადამიანში არ შემიმჩნევია. ჩვენი მაგიდები ზედმეტად ახლოსაა, ყველაფერს გარკვევით ვხედავ. მისი სუნთქვა მესმის, სურნელს ვგრძნობ, თვალებს ვაკვირდები, როდესაც გვერდით იყურება.

– უკაცრავად, – მივმართავ მიმტანს.

– დიახ.

– ერთიც დამისხით, თუ შეიძლება.

სწრაფად, აზრიანად იმოქმედე, თორემ ვინმეს ეგონება, რომ ხელმოცარული რომანტიკოსი ხარ. ან ამ ამბავს სიყვარულის ბილიკს მოარგებს. აი, მერე ნახავ რა არის იმედგაცრუება, რას ნიშნავს, როდესაც შენი არ ესმით. მორიგი ჭიქა მხნეობას მმატებს. ამდენი წლის შემდეგ პირველად მიღებული ალკოჰოლი სხეულს მიხურებს, გონებას მირევს. როგორ მითხრა ჯეფერსონმა? ბოლოს და ბოლოს ჩვენი ცხოვრებაა, თუ რაღაც მსგავსი. გადაწყვეტილება მკაცრად მაქვს მიღებული და სკამიდან ვდგები.

გოგონა ყავას შეექცევა და რაღაცას დიდი ინტერესით კითხულობს, სახიდან ღიმილი არ შორდება.

– ბოდიშს გიხდით… – ისეთი დაბნეული ვარ სიტყვებს ვეღარ ვალაგებ, ახლა რა უნდა ვუთხრა!

– გისმენთ, – თვალებში მიყურებს, ისევ თავს ვხრი და გვერდით ვიხედები.

– შეიძლება? – სკამისკენ ვაპარებ თვალს.

– დაბრძანდით.

რამდენიმე წუთი ხმა არ ამომიღია. გოგონა კითხვას აგრძელებს. შიში სირცხვილმა შემიცვალა, თავს დამარცხებულად ვგრძნობ მიუხედავად იმისა, რომ გავბედე. თუ კი რამე ძალა მაქვს ყველას ერთიანად ვიკრებ.

– რა გქვიათ?

– მერცია…

თორმეტი საათი იქნება.

გადაუღებლად თოვს…

ჩვენ ბულვარის ბილიკს მივუყვებით. ხელი თბილი აქვს. ისეთი ძალით ვუჭერ მგონი ვატკინე კიდეც, არაფერს ამბობს.

– მერცია…

– ჰო.

– წასასვლელი შენც არსად გაქვს?

– არა.

 

 

1 2 3 4 5