ყველაზე უსარგებლო თავისუფლება ისაა, რომელიც ბედნიერებას არ განიჭებს.

ოთახიდან გამოვდივართ. უხერხულობას ვგრძნობ, თითქოს მე ვიყო დამნაშავე, რომ მას არ უშვებენ. უსიტყვოდ ვბრუნდებით პალატაში.

აქ ყველა საწოლი ორ სართულიანია, მხოლოდ ჩვენი დგას პირისპირ. ამიტომ ყოველთვის შეგვეძლო ერთმანეთის დანახვა, როდესაც ვსაუბრობდით; თვალებში ყურება, ღიმილის შემჩნევა და სხვა.

ნახევარ საათს უხმოდ ვატარებთ…

– დროა, ერთმანეთს დავემშვიდობოთ, – სიტყვა უწყდება დარდისგან, – ხომ შემომივლი თვეში ერთხელ მაინც?

– პირობას გაძლევ, – ვეუბნები და ვბრუნდები, თითქოს საწოლს ვაწესრიგებდე, არ მინდა ცრემლები შემამჩნიოს.

– ნუ იდარდებ, აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, – პირიქით ცდილობს ჩემს დამშვიდებას.

შემობრუნების გარეშე ვეთანხმები და თვალებს ვისრეს.

ათი წუთის შემდეგ საბოლოოდ ვემშვიდობებით ერთმანეთს. ხელს ძლიერად მართმევს, სიყვარულით ვეხვევი მეგობარს და ვთხოვ, რომ ოთახში დარჩეს. არ მინდა დაინახოს როგორ მივდივარ.

მიმღებში თითქმის არავინაა, რამდენიმე ახალი პაციენტის გარდა. ვცდილობ მათ ქცევებს არ დავაკვირდე და ისე ავუარო გვერდი, როგორც ჩემს ახალ მდგომარეობას შეეფერება. მშვიდად მივდივარ დახლისკენ.

– ალბათ თქვენი ნივთები და ხელის მოწერა გინდათ საბუთებთან ერთად, – მასწრებს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ხუთი წელია ზის ამ ადგილზე და ზარს ელოდება, ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს. მანამდე, ორი წელი ახალგაზრდა ბიჭი იკავებდა მის ადგილს, ისე გაქრა ვერავინ გაიგო. აი, ასე! ერთ დღეს უბრალოდ ადგა და წავიდა.

– სწორად მიხვდით, – ვცდილობ გავუღიმო.

ნივთებს მაწვდის: ერთი ძველებური საათია რომელიც, რა თქმა უნდა, უკვე გაჩერებულია, ვერცხლის სანთებელა და ყელსაბამი.

დოკუმენტებს არც ვკითხულობ ისე ვაწერ ხელს. სამჯერ თუ ოთხჯერ დამჭირდა ხელმოწერის გამეორება.

ალბათ როგორი სიცივე იქნება გარეთ.

– ქურთუკი გრჩებათ, საერთო კარადაშია, მეხუთე ნომერში, – მომაძახა გოგონამ დახლიდან და ცალყბად გამიღიმა.

ქურთუკი. მხოლოდ ახლა გამახსენდა როგორ გამოვიყურებოდი როდესაც აქ მომიყვანეს. რატომ არ მოვითხოვე აქამდე! ეჰ, საიდან მოვითხოვდი აღარც კი მახსოვდა.

კარადიდან შავ ქურთუკს ვიღებ და თვალს ვავლებ. წონაში საგრძნობლად მოვიმატე ალბათ ვეღარ შევიკრავ, სამაგიეროდ, გამვლელები ადამიანად აღმიქვამენ. მართალიც აღმოვჩნდი, ნამდვილად მომემატა წონა, თუმცა აქ მოსვლისას იმდენად გამხდარი ვიყავი, მგონი მხოლოდ ახლა გამოვიყურები ნორმალურად.

ერთადერთი, რაც ახლა ჩემს გარეგნობაში მაღიზიანებს გრძელი თმაა. გამოხედვასაც ძლივს ვახერხებ, პირდაპირ თვალებში მეყრება.

შობის ამ საღამოს პირველად ვტოვებ კლინიკას განსხვავებული სტატუსით. პირველად ვაკვირდები გარედან და მხოლოდ ახლა ვხვდები, სამ სართულიანი, საკმაოდ დიდი, თეთრი შენობაა. შიგნით ყოველთვის ვკარგავდი აღქმის უნარს, გარედან კი არასოდეს ჩავძიებივარ.
ალბათ უცნაურად გამოვიყურები, მთლიანად შავებში გამოწყობილი. ზოგადად შავი ჩემი საყვარელი ფერია. თავს კომფორტულად და რეალურად მაგრძნობინებს. გულის რევის შეგრძნება ყოველ ნაბიჯზე მიძლიერდება.

სად უნდა წავიდე?

იქით წადი, საითაც გული გაგიწევს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა გეყოს გამბედაობა, რომ კაცურად მოიქცე. თუკი მართლა არსებობს ადმიანი, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი, ეს შენ ხარ! პირველად ვგრძნობ როგორი ყოფილა, როდესაც ამბობენ სიცივე ძვლებში ატანსო. აუტანელი ყინვაა, ალბათ სადაცაა ისევ თოვლი წამოვა. გზას უაზროდ გავყურებ, სად უნდა წავიდე?

სადაც ყველაზე ნაკლები ხალხი იყო იმ ქუჩას გავუყევი. ასეთ ამინდში, ასეთ დროს, ადმიანი აუცილებელი საქმისთვის თუ გამოვა სახლიდან. აჰა, რამდენიმე მაწანწალა შეკრებილა სწორედ იმ ქუჩაზე, სიცივისგან მობუზულები სადარბაზოს შესასვლელთან ატუზულან და უხალისოდ შეექცევიან იაფფასიან არაყს. მე კი მხოლოდ ის ვიცი, რომ სახლში ვერ დავბრუნდები. არ მიმიღებენ, არავინ დამხვდება, მით უმეტეს ამ ყველაფრის შემდეგ. რამდენი რაღაც შეიცვალა, ალბათ. წადი, სახლში დაბრუნდი! ასაკი გემატება, გონება და გამბედაობა კი გაკლდება. ვინ იქცევა შენსავით!

ჯიხურთან მივდივარ და დაგროვილი ფულით ერთ კოლოფ ,,აქვა ბლუს’’ ვყიდულობ. გამყიდველიც უცნაურად მათვალიერებს.

შვიდი საათი იქნება.

ზღვაზე ხომ არ წავსულიყავი? – ვფიქრობ და დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ პირველ ღერს ვეწევი. სასიამოვნო განცდა მეუფლება, ბავშვობის გემო მახსენდება.

ქუჩებიც ცარიელდება. იმდენი რამე შეუცვლიათ ადგილებსაც ვეღარ ვცნობ. ქუჩის სახელებიც გადაკეთებულია, ახლა მხოლოდ რიცხვები აწერია. აი, ოცდამეერთე ქუჩაზეც გადავუხვიე.

კაფეები სავსეა ხალხით. ჩემს თავს გარეთ პირველად მოვკარი თვალი და გამახსენდა თმა რა მდგომარეობაში მაქვს.

ყველაზე ახლო სალონში შევდივარ.

– მოგესალმებით, – მიღიმის ახალგაზრდა გოგონა.

თავაზიანად ვუბრუნებ სალამს.

ათიოდე წუთში სხვა ადამიანი ვარ. თმას დაბალზე მპარსავს. ცოტათი მცივა. ვის ანაღვლებს! კმაყოფილების შეგრძნება მათბობს.

ქუჩაში გამოსულს უცნაური შეგრძნებები მეუფლება.

მართალია, არ მგონია, სახლებიდან სახურავები დაცურდება-თქო, თუმცა ოცსართულიანი შენობები როგორღაც მაშინებს.

 

 

1 2 3 4 5