ზედხედი: გამოცარიელებული და უგონო ნინა ზაკზე ზის. ზაკი ემილის ეპოტინება. ემილი პატარა, საბჭოთა, კიკინებიანი გოგოების სულელურ გასართობზე, რეზინობანაზე და ქაღალდის გემებზე ფიქრობს.

გვერდხედი: ნინა ემილის გაუხეშებულ ტერფებზე პემზას უხახუნებს და სასმელს სთხოვს. გული ერევა ემილის და გაუთავებლად უმეორებს ზაკს არა, მინას: მაპატიე.

ყველაფერი მაინც უჩვეულოდ ჩვეულებრივია: ზაკი – თავისი  ჩვეულებრივად ცხელი ტანით, კუთხეში, არყის ბოთლით  მიმჯდარი ნინა, და ემილი – უჩვეულოდ მონდომებული, არასავალდებულო სიკეთის საკეთებლად.

„ჰო, ალბათ ზაკი დასჯილია“ – მხრებს ივიწროვებს ემილი და ოთახიდან გადის.

 

პუნქტი მეორე – მეტი

რომ დაბრუნდა უკვე 12-ს გადაცილებული იყო,  ამიტომ მაგიდის ჩვრების თანმიმდევრობით დალაგება გადაიდო. სახლში ყველას ეძინა, მეტსაც. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. ფულიც არ შეემოწმებინა, უჯრა საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი. ან პირიქით, სახლში არავის ეძინა, არც მეტს, ამიტომ ყველას ყველაფრის დანახვა შეეძლო.

 პატრონის სახლში თავისი წესები დაახვედრა. ზუსტად იცოდა, რატომ სჭირდებოდა, რომ მაგიდის ჩვარი მაინცა და მაინც სამზარეულოს კარადის კარზე ყოფილიყო გადაფენილი, – სხვანაირად სუნი აუვიდოდა. ან მაგალითად, რატომ იყო აუცილებელი, რომ თეფში საგულდაგულოდ გაეწმინდა ნარჩენებისაგან, ვიდრე ნიჟარაში ჩადგამდა, ან ქვაბში რატომ უნდა ჩაესხა წყალი, ვიდრე გარეცხავდა, ან ზუსტად 11-ზე რატომ იძინებდა და 6-ზე რატომ იყო უკვე ფეხზე,  – ემილის ეს გერმანული სიზუსტე არ ესმოდა. მაგრამ მეტი უბრალოდ იყო, სრულიად განსხვავებული იმ ადამიანებისა და საგნებისაგან, ცხოვრებას არაკანონზომიერს რომ ხდიან. 80 წლის მეტი – მისი ოთახის მეგობარი, უფრო მეტი, ვიდრე ამ სახლის წესრიგი და მისი მარტოობა.

ტახტზე მოიკუნტა და მიხვდა, მის სხეულს დაღლის მეტი არაფერი შემატებოდა. შეეძლო მეტს მისწოლოდა, მარტოს რომ არ ეგრძნო თავი, მაგრამ არ შეეძლო.  იქვე ჩაეძინა, ბამბაზიის ხალათგადაფარებულს, სველი თმითა და უჩვეულოდ ჩვეულებრივი სიკეთის დღით.

  დანაშაული

დილა, რომელიც სიკეთის დღის შემდეგ გათენდა, ამბობდა, რომ ზაკმა აპატია, მაგრამ სახლის პატრონი მოკვდა და ზაკი, რომელიც არ მოკვდა, ზღაპარივით უყვებოდა ამბავს ემილის. ემილი კმაყოფილი იყო იმით, რომ ზაკმა აპატია და სევდიანი იმით, რომ სევდიანი უნდა ყოფილიყო. ის და დაუსჯელი ზაკი თავისუფლები იყვნენ, – ეს უხაროდა ემილის.

 იქნებ მოხუცი მაშინ მოკვდა, როცა უდანაშაულო ემილი ამ სახლში სამადლოდ მოიყვანეს, დედამისის დალილავებული ზეფირები კი წლებმა ღრუბლებად აქცია. არა, ის ახლა მოკვდა,  როცა მამამ მანქანას ტაქსის ნიშანი მოხსნა, სახლში არყის ბოთლი დაიდგა და ემილის სხვის სახლში პატრონის გაკრახმალებულ საცვლებთან ჩახუტებულს დაეძინა.  გუშინწინისწინის… პატრონმა თქვა, რომ ემილი შეშლილია, დედაჩემს მოსავლელად ვერ ვანდობო. არადა, ძალიანაც კარგად იყო გუშინწინისწინის… უბრალოდ, მაგრად შიოდა და სხვისი მაგიდიდან ფუნთუშა აიღო. არ მოუპარავს, მხოლოდ აიღო. ეს დანაშაულია?..

 აქ რომ მოვიდა, სახლის პატრონი ცოცხალი იყო და ემილი უნდოდა. მარტო მას უნდოდა უდანაშაულო ემილი, რომელმაც ადრე წებო შეისუნთქა და მაღაზიაში ფუნთუშა მოიპარა. მარტო მას უყვარდა ემილი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამ სახლის მშვიდობის მცველი, დაუსჯელი ზაკი ღამით, ზღაპრების წაკითხვის შემდეგ, ემილის  ცხვირზე ცხვირს მიადებდა და გოგოსაც აუცილებლად შუყვარდებოდა, ნამდვილი, მაგრამ სანახევრო სიყვარულით. ზუსტად ამ სანახევრო სიყვარულში შეეცილებოდა ემილის ნინა, ამ სანახევრო სიყვარულს ვერ აპატიებდა წესრიგიანი მეტი და აბრეშუმის ჭია ბიბი. ჰოდა, ყველამ ერთად, სანახევრო დანაშაული ჩაადენინეს ემილის: დამნაშავე კი სახლის პატრონის ბუმბულის ბალიში იყო.  ის არა, ემილი არა, ის უდანაშაულოა, მას ცუდი არაფერი ჩაუდენია.

1 2 3 4 5