არ შეიძლება ზაკის სიყვარული, რადგან ზაკს დიდი ხელები აქვს, შეუძლია ემილის მთლიანად შემოაწვდინოს და დაფაროს. ემილის მოკლეხელებიანები უყვარს, მოკლეხელებიანები და დიდგულიანები. ზაკს პატარა გული აქვს და იქ მხოლოდ ემილი ეტევა, ემილი კი მარტოობა არ უყვარს, შიშები აქვს, ამიტომ სხვებთან ერთად ცხოვრება უნდა, სხვებთან ერთად სექსი, სიყვარულიც საზოგადო და საყოველთაო. ეს ერთადერთობა როგორ გაამართლოს ემილიმ?

იატაკზე წვება, მდინარეზე და კენჭებზე ფიქრობს, სოფელში ჩასულ გაჩხინკულ პატარა გოგოზე. იქვე მამამისი დგას, მისი ბიოლოგიური მამა,  იმ ერთადერთი ყოჩაღი სპერმატოზოიდის პატრონი, ემილი რომ მოავლინა დედამიწას. „მამა, ქვები, მდინარე, არდადეგები“ უგულოდ ამბობს და კუთხეში ათავსებს ტანს.

 ცხადად ხედავს, როგორ მიყავს ზაკს ნინა ოთახისკენ. ზაკის ოთახში გასარეცხი ტანსაცმლის და წინა დღით დატოვებული ფასთფუდის ნარჩენების სუნია. მაგიდაზე გადაშლილი წიგნი დევს, რომელსაც ზაკი საღამოობით კითხულობს ხოლმე, როცა მეტი ნებას რთავს. ხედავს ემილი, როგორ იყუდებს ზაკი არყის ბოთლს და ნინას აწვდის. არაყი თეთრია და თბილი. არაყი პილპილით და თაფლითაა შეზავებული. ყველაფერს ხედავს მისი ორი თვალი, იმას, როგორ იხსნის ნინა პერანგის ღილებს, როგორ ეხება ზაკი ნინას ძუძუებს და იმასაც, როგორ წვანან ლოგინში და სასმელის ნარჩენებს ენაზე იწვეთებენ.

 რცხვენია. ეს სულ იმ დანაშაულის გრძნობის ბრალია, რომელიც ზაკთან აკავშირებს. ზაკმა დაამტკიცა, რომ კაცია. დიახ, კაცია, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ბევრი ვერაფერი გამოუვიდა.

 

 სიკეთის დღე

ემილი დედამიწაზე ყველაზე კეთილი გოგოა. ილუმინატორიანი ოთახიდანაც სწორედ ამის გამო გამოუშვეს. იმის გამოც, რომ თქვა, ზაკს მასთან წინა ღამით ვერაფერი გამოუვიდა, იმის გამოც, რომ სახლის პატრონს მოუყვა, როგორ იპარავდა საწყობიდან ყოველ ღამით სასმელს. დღეს ზაკს დასჯიან,  მას კი სიკეთის კეთების დღე აქვს.  დღეს ემილი არც ლობიოს და არც სპაგეტის არ გააკეთებს, არც მტვერს გადააცლის სასტუმრო ოთახში ფაიფურის ლამბაქებს და ჭიქებს და არც უბეებს გაახამებს, დღეს ელენე ისვენებს.

ორი დღის წინ ჩაცმული ტრუსი სასწრაფოდ გაიძრო და აბაზანაში შევარდა. „ზაკი უნდა ვნახო, ზაკი უნდა ვნახო და პატიება ვთხოვო“, – წყალს ყველაფერი მიჰქონდა, ზაკის ნახვის სურვილი, ემილის მონდომება, გამოგონილი სიკეთე და სიყვარულიც, რომელშიც ვერაფრით დაეტია, რადგან ზაკის დიდი ხელები სულ ერთ ადგილზე იჭერდნენ მას. მაგრამ ზაკის ნახვამდე, ჯერ საქმეები აქვს ემილის. თავისი, პირადი საქმეები, ვალდებულებების გარეშე. დღეს ემილი არავის წინაშე არაა ვალდებული და რასაც გააკეთებს, მხოლოდ იმიტომ რომ ის კეთილია, იმდენად კეთილი, რომ მზადაა თავისი უქმე დღე საქმეებში დახარჯოს, თან ისეთ საქმეებში, რაც ეზარება. ემილის მარტო თავისი საქმეები უხარია და გეგმას ადგენს:

ემილი კ ე თ ი ლ ი ა

ემილი კეთილია, იმიტომ, რომ ის:

  • მივიდა ზაკთან და სთხოვა პატიება;
  • მეტს სასტუმრო ოთახში დაახვედრა ზუსტად, თანამიმდევრობით დალაგებული მაგიდის ჩვრები (როგორც უყვარს. რაც მეტს ევალება);
  • დინას ფული უშოვა და შვილთან გააგზავნინა (დინას შვილი ძალიან ავადაა);
  • ბიბის დაეხმარა ბოსტნის საქმეებში (ანუ, ბოსტანში წავიდა ელენე);
  • ნინას ბოდიში მოუხადა გაბრაზებისთვის და სასმელი აჩუქა. (ნინა კი მაშინ გააბრაზა, როცა ზაკის ოთახიდან გააგდო)
  • სახლის პატრონის საძინებელში შეიპარა და ზღაპარი მოუყვა. (როგორც გუშინ, გუშინწინ და იმის წინაც).

გადაწყვიტა, ფეხსაცმელი არ ჩაეცვა და ფეხშიშველი წასულიყო. ნაჭრის ჩანთაში, უხერხულად ჩაჩურთა მეტის უჯრიდან ამოღებული, კონვერტში ჩაწიკწიკებული  ფული („მეტს გადაუხდის, აუცილებლად გადაუხდის, უბრალოდ ახლა არ აქვს და თან მეტი ხომ საყიდლებზეა წასული, სახლში არაა, რომ ჰკითხოს“), ნინასთვის წასაღები სასმელი (რომელიც ზაკმა საწყობიდან მოიპარა და ემილის აჩუქა),  მზის ქუდი, ზღაპრების წიგნი  და პატიება, რომელიც ზაკთან უნდა მიიტანოს.

 

პუნქტი მესამე – დინა

დინა ქალია, წითური, ჭორფლით, შესაშურად კარგი ტანითა და ზედმეტად პატარა ცხვირით, რომელზე ირლანდიული ამბავი იკითხება. აი, მაგალითად, დინას ცხვირით შეგიძლია მიხვდე, რამდენი წელი გაატარა ირლანდიამ მონობაში და რად დაუჯდა ინგლისისგან თავის დაღწევა. „ჩვენ ყველაზე მაგარი ერი ვართ“ – ამბობს დინას ცხვირი და ემილიც თავს უქნევს. არ უნდა დინამ თავის კავკასიურ ცხვირზე ჰკითხოს რამე, ამიტომ მზეს თვალს უსწორებს და ცხვირს მანჭავს, ასე უფრო მოკლე ჩანს.

 -იცი, დინა, დინა, იცი რა… ეს ის დანაზოგია, რაც გადავარჩინე.  ვიცი, რომ.. რომ ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ გამომართვი, გთხოვ, იქნებ შენ ბიჭს რამეში გამოადგეს, – ემილი ნაძალადევ ღიმილს ყურებამდე წელავს და ქაღალდის კონვერტს აწვდის.

დინას თვალებში ირლანდიის მინდვრები წყლით იფარება. ჩუმად ართმევს კონვერტს.

ერთმანეთის პირისპირ დგანან.

 

ექთანი დინა – საჭირობის გამო ყელში ბურთივით გაჩხერილი მადლობით.

და ემილი- სავალდებულო გეგმიდან ერთი შესრულებული პუნქტით.

1 2 3 4 5