ემილი ცარიელ ოთახში წევს და შია. ოთახი თეთრია და მრგვალი. „რატომაა ოთახი მრგვალი?“ – ფიქრს იწყებს ემილი. არ იცის, რამდენი დრო გავიდა რაც აქ, ამ უცნაურ ილუმინატორიან ოთახში შემოიყვანეს.

ემილი წრეზე იწყებს სიარულს და ფანჯარასთან ჩერდება. ფანჯრიდან ზაკს ხედავს. „ზააააკ, ზაააკ“ – ყვირის, – „ზააკ, იქნებ რამე საჭმელი მომიტანო, ძალიან მშია, ზაააკ, გესმის ჩემი?“  ზაკს მისი არ ესმის. ზაკს და ოთახს და სამყაროს ემილისი არ ესმით. არც მისი ქალაქის ესმის ზაკს, ფეხი რომ აუდგამს და  ილუმინატორიდან შემომძვრალა. არც სახლების, რომლებიც ემილიმ მიატოვა, არც ბებიას კაბების და უძველესი წელთაღრიცხვების ესმის ზაკს. არც უნდა ესმოდეს.

გამხდარი, ვიწრო და აწურულმხრებიანი გოგო-ქალია. ვერც გოგოს იტყვი და ვერც ქალს. გამხდარი კია, მაგრამ ფორმიანია, თეძოებზე ცელულიტი გასჩენია, მკლავებზე კანი ოდნავ მოშვებული აქვს, თითქოს ცოტა ღაბაბიც, მაგრამ მაინც გოგოა ემილი. გოგო და არა ქალი. სწორი, შავი თმა, მაღალი კისერი, დიდი თვალები და კავკასიური ცხვირი. მხრებს უცნაურად წურავს ხოლმე, გოგოობისას მკერდს მალავდა ასე, ბიჭების რცხვენოდა და იმიტომ. ახლა ჩვევაში გადაუვიდა.

 -ზაააააკ“, – ილუმინატორის ფანჯარაზე აბრახუნებს ემილი და მერე თეთრ კედელს ღონემიხდილი ეწებება. თითქოს ზაკმა გაიგო მისი, მეტიც, გამოიხედა კიდეც, მაგრამ, მაგრამ შეიძლება ზაკი დღეს „ბოროტია“, შეიძლება ასეთი დავალება აქვს, შეიძლება ემილი სძულს კიდეც, ისიც ახსოვს, რომ ბოროტი იყო გუშინ და ცუდად მოიქცა. თავისი გაისწორა და ზაკი სულ ცალ ფეხზე დაიკიდა, დააგდო და წავიდა. მაგრამ ზაკი, ზაკი ხომ კეთილია, ზაკს ხომ ემილი უყვარს – „ზააააკ, ერთი ნაჭერი, ერთი ნაჭერი პური მომიტანე ზაკ, მთელი ღამე მეყვარები, არა, მთელი ღამე ბევრია, მთელი ცხოვრება მეყვარები ზააკ..“

 ზაკს მისი არ ესმის. ემილი მხრებს კიდევ უფრო ივიწროვებს და თავს კისერში მალავს. ქოთნის ლობიოზე და შიგ ჩაფშვნილ მჭადზე ფიქრობს. ასეთს ბებია აკეთებდა ხოლმე, რომ გაიზარდა ემილიმაც ისწავლა, მაგრამ მაინც არ ჰქონდა ისეთი გემო, მაინც აკლდა რაღაც. სულ რაღაც აკლდა ემილის გაკეთებულს, ცოტა, მაგრამ მნიშვნელოვანი.

  ზაკი ნინას ელაპარაკება ეზოში. მერე მხარზე ტორს ხვევს და სადღაც მიდიან. ემილის შეუძლია მათი დიალოგი წარმოიდგინოს:

– ოთახში სასმელი გაქვს, ზაკ?

-ნინა, ახლა არ შეიძლება დალევა, შეგვამჩნევენ.

-მკიდია ზაკ, ცოტა დამალევინე რა, ნერვებზე ვარ.

(„არ დაალევინო, არა!“ – ილუმინატორიდან ვერ ძვრება ემილი)

-წამო, ჰა, ნება შენია.

 ნინას დალევა უყვარს. ემილისაც უყვარს, ოღონდ ნინასავით არა. ნინა ლოთია. კეთილია თუ ბოროტია დღეს ნინა? არა, ნინა არც კეთილია და არც ბოროტი, უბრალოდ ლოთია და ერთი ყლუპი სასმელის გამო ზაკს ლოგინში ჩაუწვება. თან ისე ჩაუწვება, რომ ხვალ, როცა სასმელი ბევრი ექნება, ზედაც არ შეხედავს. ის კი შეხედავს, ყოველთვის შეხედავს, შეიძლება სიყვარულით არა, მაგრამ მთავარია, თვალს არ აარიდებს.

ზაკის დაცვა უნდა ემილის. ზაკის დაცვა ნინასგან და საკუთარი თავისგან. „ნინა ცუდია,ზაკ“ – ცუდია დღესაც, ხვალაც, ზეგაც ცუდია და სულ, როცა შეიძლება რომ ცუდი იყოს. ის კი, ის, ანუ ემილი, სულ ხანდახანაა ცუდი, მაშინ, როცა არ შეუძლია კარგი იყოს.  „მე ცოტა ცუდი ვარ, ანუ ცოტა კარგიც გამოვდივარ, იმ ცოტა კარგით შეიძლება კეთილიც ვიყო. სიკეთე რა არის? აი ვინმეს კარგს რომ გაუკეთებ და გული გაგითბება, მაგრამ ხო შეიძლება კარგიც გაუკეთო, არც შეგშურდეს და კეთილი მაინც არ იყო? ვალი“, – ფიქრობს ემილი, – „ვალი კაი რამეა. ადამიანი ვალში თუ ჩააგდე, გამოჭერილი გყავს, ამიტომ მე ხვალიდან გავხდები ყველაზე კეთილი და ზაკს სიკეთეს გავუკეთებ, ისეთ სიკეთეს გავუკეთებ, რო მთელი ცხოვრება ჩემი ვალი ჰქონდეს“.

მშია. – ზაკი შია ემილის. ზაკი და ლობიო. პირველყოფილი, ცხოველური ჟინით შია და მისი წარმოდგენები სიკეთესა და ბოროტებაზე ამ შიმშილში თავსდება.

 

1 2 3 4 5