პუნქტი მეოთხე – ბიბი

 ბიბი ბაბილინას გავს, ემილის ბებიას, მასავით აქვს თავზე წაკრული თავშალი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ბიბის თავშალი ნამდვილი აბრეშუმია, ბაბისი კი ჩითის. ტკბილი ქალია ბიბი, კაცმა არ იცის რატომ მუშაობს ბოსტანში, რისთვის უნდა ეს მოწეული პომიდორები და კარტოფილები, რომლებიც მერე, შვილებივით ამოჰყავს მიწიდან და სათითაოდ ასუფთავებს, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლია. თავისუფალ დროს რაღაც უნდა აკეთოს. არადა, თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, ძროხები უნდა მოწველოს, ქათმებს მიხედოს, ყველი ამოიყვანოს, პური დააცხოს. მეპურე ბიბი – სახლის პატრონის ნაჩუქარი აბრუშუმის თავსაფრით. პურის ქვეყნიდან საშოვარზე გამოქცეული მეპურე ბიბი. აბრეშუმის ჭია.

ემილის სოფელი ახსენდება, ბოლოს რომ ჩაირბინა, თითქმის დაცლილი იყო, აქა-იქ ერთი-ორ კომლს თუ გადაეყრებოდი და, ისინიც სახელმწიფოს დახმარებით ცხოვრობდნენ. რამდენჯერმე დასეტყვილ ვენახებში გლეხებს მუშაობა ეზარებოდათ და ქალაქში ტაქსაობდნენ. ასე იყო მის სახლშიც, ასე ჩამოვიდა მამამისიც ქალაქში და  მოსავლის დასეტყვის სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან აღებული ფულით მერსედესის მარკის მანქანაში ჩაჯდა. მერე მანქანას ტაქსის ნიშანი დაადგა და ყანის გათიბვის ნაცვლად დედამისს სცემდა ხოლმე.

მეპურე ბიბის, მზეს და ბოსტანს – სამივეს სცხელათ. ემილის კი ქუსლები სტკივა და  ბოსტანი ეზარება.

-ქოთნის ყვავილებივით არიან, ლაპარაკი უნდათ, მოვლა, არა და გაგიჯიუტდებიან და მიწიდან ფეხსაც არ ამოდგამენ, – ვითომც არაფერი, ისე იწყებს.

ხვდება ემილი, რომ თუ ბიბის დახმარება ნამდვილად უნდა, მთელ დღეს დაკარგავს. მერე და სხვა სიკეთეები?

 „ოღონდ უარი მითხარი ბიბი, ოღონდ არ მოგინდეს ჩემი დახმარება“, – ცოტას მოგეხმარები – ყბააკანკალებული ამბობს.

ბიბის ესმის და თავსაფრიდან ეშმაკურად იყურება.

-ნელ-ნელა გავუყვები და მზის ჩასვლამდე დავამთავრებ. წადი შენ, მიხედე, საქმე უჩემოდაც ბევრი გექნება.

წარმოიდგინა, როგორ გაუჩნდებოდა ბიბის მიტოვების შემდეგ ჩაუდენელი დანაშაულის გრძნობა, ერთ-ერთი იმ გრძნობათაგანი, რომელიც ადამიანს აიძულებს დანაშაულში იცხოვროს, რომლის ჩადენაც შეიძლება უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. და რაც ვერ მოასწრო, რატომაა დასჯადი? რაც ვერ ჩაიდინა, იმისთვისაც მოეთხოვება?

-უნდა მოგეხმარო – ამბობს, და აქ ტონი უკვე კატეგორიულია. დიახ, დღეს ასეა საჭირო.

იცის ბიბიმ დავალების შესახებ, მაგრამ არ იმჩნევს. ბიბი ზოგადად არაფერს იმჩნევს, მხოლოდ დგას და მხრები უცახცახებს. ასე თუ შეატყობ, რომ ღელავს.

ზედხედი – ბოსტანი, ელენე. ბარი. ტერფები.

გვერდხედი – ბიბის თვალები. მიწა. ბელტები.

უბრალოდ ხედი – წელიწადის დრო.

 

პუნქტი მეხუთე – მინა

კარი დაკეტილი ხვდება, არადა, სასმელი აქვს მისთვის გადასაცემი. გადაწყდა, მინა ოთახში არაა. ელენე ბლოკნოტში  იწერს: მრეცხავი ნინა არ დახვდა კეთილ ემილის. სიკეთე გადაიდო.

ზაკი

ზაკი ყველაზე მოსიყვარულე ადამიანია, რომელიც ცხოვრებაში შეხვედრიადა ის ფანჯარასთან ზის.  ზაკი ემილის გამო ჯერ არ დაუსჯიათ. დაუსჯელი ზაკი, ფანჯარა და სკლერები ემილის ელოდებიან. სიკეთის კეთება არასდროს ყოფილა ასეთი სასიამოვნო, არც ასეთი ჩვეულებრივი. ჩვეულებრივად შეიძლება უყვარდეს ზაკი. არა გაგიჟებით, სუნთქვის შეკვრით, პერანგის შემოხევით, არამედ ჩვეულებრივ, თითქოს ეს უკვე იყო,  „ჩვეულებრივი სიკეთეებიც არსებობს“ ამბობს ემილიდა ფანჯარასთან დგება. მინის იქით ზაკის სახეა. ზაკის ცხვირი ამბობს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ემილი გამოამწყვდიეს, ის ნინას ძუძუსთავზე იწვა და დანაშაულის გრძნობა კლავს.

-მაპატიე – ენას უყოფს ემილი ზაკს ფანჯრიდან. ზაკს შავი თვალები უფართოვდება და ფანჯარას ხსნის. გაუხეშებული ტერფები რაფაზე გადადიან. „დაღლილი და გაუხეშებული ტერფების საერთაშორისო დღე“, – იცინის ემილი და ზაკს იმ გულში ეხუტება, არასდროს რომ არ იყო მისთვის საკმარისი.

საწოლზე ნინა წევს, არყის ბოთლით და გაწებილი თმით. მრეცხავი ნინა, – ემილის სასმელი რომ უნდა მიეტანა და ოთახში არ დახვდა. არყის ბოთლს უხალისოდ იღებს ჩანთიდან  და  საწოლთან დგამს.

 

1 2 3 4 5