არადა, დღეს კაბა აცვია, წვრილწინწკლებიანი, ვიწრო კაბა. ისე უხდება. დანაშაულია ამ კაბის ასე უბრალოდ ჩაცმა. დანაშაული კი ამის გარდა ბევრი რამ შეიძლება იყოს: ცხვირში ხელის შეყოფა და ჟღვლინტის მაგიდის ქვეშ მიწებება, ქერტლის საჭმელში ჩაყრა, ან სულაც ფიზკულტურით დაკავება ცოცხალ ზაკთან, რომელსაც ემილი უყვარს, ან იქნებ დანაშაული შეიძლება იყოს დინასთან მისვლა და ფულის უკან წართმევა, ან ბიბის ბოსტნის გადაწვა, ან საზიზღარი სახლის პატრონის აკანკალებული ხელის უკან გაბრუნება, რომელიც ზღაპრის კითხვის დროს უკანალზე ჩქმეტს და ზაკისსუნიან ძუძუებს უწელავს, ან სულაც დანაშაული დინასთვის ინგლისელ წყვილზე საუბარია, რაც მის ირლანდიურ ცხვირს ასე აკნინებს, ან მეტის დალაგებული მაგიდის ჩვრების არევა, „მოკლედ, დანაშაული ბევრნაირი არსებობს“ – ეთანხმება საკუთარ თავს ემილი და წვრილწინწკლებიან კაბას იხდის.
ზაკმა ყველაფერი იცის და აპატია. მაგრამ დანარჩენებმა არ აპატიეს სავალდებულო სიკეთის დღე ემილის. დინამ თავისი ირლანდიული ცხვირის, მეტმა ფულის მოპარვის, ბიბიმ ამოთხრილი მიწის და ნინამ სასმელის გამო. სახლის პატრონი არც გახსენებიათ. პატრონი არც მოუკითხავთ.
ფანჯარა ამბობს, რომ ზაკი ჯიშიანი ცხენივით დგას ნინასთან ერთად. ემილის ზაკი, ზაკი, რომელთანაც იწვა, რომელმაც აწყენინა, რომელსაც ემილიმაც აწყენინა. და რადგან ორივემ აწყენინეს, ესე იგი აპატიეს. მაგრამ ზაკს მისი ვალი არ აქვს, ზაკი და ემილი გასწორდნენ, ასე რომ მას შეუძლია ნინასთან ყოფნა აირჩიოს.
ახლა ემილი ადგება და მკვდარ პატრონს მოუვლის. მოუვლის იმის გამო, რომ თავისი სიკვდილით მოკვდა, თანაც იმის შემდეგ, რაც ემილიმ ზღაპრის კითხვის დროს უკვე მოკლა. მოკლა ჩუმად, მსუბუქად, ბუმბულის ბალიშით. არაფერი სტკენია. ზაკმა ხომ ყველაზე უკეთ იცის, რომ არაფერი უტკენია მისთვის.
ფანჯარა ამბობს, რომ წესრიგიანი მეტი დინას შვილის ამბავს ეკითხება. ხვდება ამას ემილი, მაგრამ ვერაფერს ახერხებს. ფანჯარა ამბობს, რომ ზაკი მიდის. მიდის მისგან და ამ სახლიდან. დიდხელება ზაკი, დიდხელება და პატარაგულიანი ზაკი ნინასთან ერთად მიდის. ის კი, ემილი, რჩება, მკვდარი სახლის პატრონის ამარა.
„ზაკ, არ წახვიდე, ზააკ“ – ყვირის ემილი და ილუმინატორიან ოთახში საკუთარი სურვილით შერბის. „ხვალ აუცილებლად წადი ზაკ, ოღონდ დღეს არა, დღეს მთელი ცხოვრება, მთელი ღამე მეყვარები ზააკ“ – ემილი იატაკზე წვება და ლობიოზე, მჭადზე და ჩაუდენელ დანაშაულზე ფიქრობს.
ახლა დაუსჯელი ზაკი შემოვა და ემილის აქედან წაიყვანს. წაიყვანს შორს და სწრაფად. დიდხელება ზაკი, მარტო ემილი რომ ეტევა გულში, ის. უკვე წასული ზაკი უკან დაბრუნდება და თავის სამყაროში წაიყვანს. ამ ოთახს და სახლს მოაცილებს და ცამეტი წლის ემილის, სახლის პატრონის მიერ მოყოლილი ზღაპრების სანაცვლოდ კანფეტებით პირგამოტენილს, ჰო, სახლის პატრონთან ფეხებგაშლილ ცამეტი წლის ემილის იპოვის, აუცილებლად იპოვის, აი, იმ პატარა ოთახში, თავზე საბანწაფარებულს, და ცოლად მოიყვანს.
სახლის პატრონისთვის ყველაფერი შეიძლება, მოკვდება თუ არ მოკვდება, მაინც შეიძლება. იმიტომ რომ თავისი სახლი აქვს და იმიტომ რომ სახლის პატრონია. ემილისთვის არაფერი შეიძლება. არც ის, რომ დაუსჯელი ზაკი დაბრუნდეს და მასთან ყოფნა მოუნდეს, არც ის, რომ დანაშაულის აღიარება ვერ შეძლოს, არც ის, რომ უდანაშაულო იყოს. რა ქნას ემილიმ? მკვდარ სახლის პატრონსაც მოუვლის, ზღაპრებსაც მოუსმენს, გაიღიმებს კიდეც, თავზე ბანტსაც გაიკეთებს, ჩითის საცვლებსაც გაიხდის, ყველაფერს იზამს, ოღონდ ზაკი დაბრუნდეს.
-ჰო, ზაკ, ემილი კეთილია. ყველაზე კეთილი გოგო დედამიწაზე, არ დასაჯო ზაკ, მას არაფერი დაუშავებია, ახლავე ზაკ, ზუსტად ორ წუთში, უდანაშაულო ემილი ადგება და სახლის პატრონს ყველაფერს შეუსრულებს, მტვერსაც მოაცილებს ფაიფურის ჭიქებს, საცვლებსაც გაახამებს, ზღაპრებსაც მოუყვება, თავისი სურვილით, გულით მოუყვება ზაკ, ოღონდ აქედან არ წახვიდე, ყველაფერს გააკეთებს, სუულ ყველაფერს… ზაკ, როგორც და რასაც სახლის პატრონი ინებებს.
ემილის უხარია.
ემილი კეთილია.
ღმერთი ადრეა, იქ, სადაც არარსებული სამყაროების მიღმა ჩნდებიან ზოგჯერ ქვეყნები: კირით შელესილები, მიტოვებული სახლებით, მოაჯირებზე გადაყუდებულები. არარსებული ქვეყნები ჩნდებიან ევროპისა და აზიის გასაყარზე, იქ, სადაც ასეთი დიდია მოლოდინი და ასეთი პატარა და შემოსაზღვრული რეალობა. არარსებული ქვეყნები აჩენენ უკანონო შვილებს, რომლებსაც მამებს არ აჩვენებენ, არღვევენ დოგმებსა და წესებს, რომლებიც ტრადიციულად დაუდგინეს, არარსებული ქვეყნები ირჩევენ თამაშებს „წესების გარეშე“ და არ იციან, რომ მათ მართავენ არსებული ქვეყნები, თავიანთი მოზომილი, „წესიერი“ ნაბიჯებით, სადაც ღმერთი უკვე არც ადრეა და არც გვიან.
