(პოემა)

 

„მოსახლეობა – 11 ადამიანი“

ვიკიპედია

 

სულ თერთმეტნი ვართ,

როგორც ერთი ფეხბურთის გუნდი,

გარს გვარტყია აგურის ძველი გალავანი და

სტადიონივით ერთი დიდი მწვანე მოლიც

არის შიგნით გადაჭიმული,

ისეთი, კაცი ბურთს რომ ცელქად გააგორებდა,

მაგრამ აქ სპორტი და ჟრიამული,

ტაშის კვრა და მსაჯისათვის დედის გინება არ დაიშვება.

აქ მსაჯი სხვაა – სიკვდილი ჰქვია და არ ლანძღავენ.

მერამდენე საუკუნეა

ამ კუნძულს ერთი მსაჯი ჰყავს და ერთი მფარველი,

ჩვენ კი ვცხოვრობთ – თერთმეტი კაცი,

ცოცხალი ჯერაც,

და უკვე მკვდარი – ათი ათასი.

ჩვენ აქ მკვდრების დამატება ვართ,

ანდა უფრო დახმარება – ვუვლით, ვპატრონობთ,

ხეებს ვურგავთ, მერე ვურწყავთ,

ბალახს ვუთესავთ და მერე ვუკრეჭთ.

წითელ ბარათს რომ ამოიღებს ხანდახან მსაჯი,

კაცნაკლულნი ვრჩებით ხოლმე და

გვიჭირს გავუძლოთ შემოტევებს… ტურისტების…

თუმც ისეც ხდება,

მოედანზე სათადარიგო მოთამაშე შემოგვყავს ხოლმე.

 

კარგად არც მახსოვს, როდის იყო ბოლოს, მაგრამ

სან-მიქელეზე ზოგჯერ ბავშვიც დაბადებულა.

მერე ეს ბავშვი იზრდებოდა საფლავებს შორის,

დარბოდა  და თამაშობდა,

წერა-კითხვაც აქ ისწავლა,

აი, პეტრო, აი, მასიმო, აი, ჯოვანი,

დაბადებული ამა და ამ წელს,

გარდაცვლილი ამა და ამ წელს,

ეპისკოპოსი, დოჟი, პოეტი… –

ეს იყო მისი დედაენა,

წიგნი პირველი…

ბევრი იკითხა,

ასაკში რომ შევიდა, მერე

არაერთხელ გადაიკითხა,

ხან ბიბლიას უკირკიტებდა, ხან დედაენას,

მაგრამ ფეხბურთს ვერ თამაშობდა

ისეთი ჟინით და გალაღებით,

რომ მისგან როსი, ბაჯო ან თუნდაც

ის ბუფონი გამოსულიყო,

სიკვდილის კართან რომ დგას მკლავებდაკაპიწებით…

არ შეგვიძლია ჩვენ გავუძლოთ

ტურისტების ამ შემოტევებს.

ყოველ ოც წუთში ერთხელ კუნძულზე გადმოსხდებიან

და დადიან,

ამ ათი ათას მკვდარში რატომღაც

სულ ათიოდეს ეძებენ მუდამ.

 

1 2 3 4