ცოლთანაც მიმაქვს ეგ ბურთები,
განა მარტო მკვდრებთან, და თანაც,
ეგ ბურთები საერთოდაც მან შემაყვარა.
ის გიჟდებოდა, აგროვებდა,
და მეც ავყევი, მიმქონდა მასთან.
ერთხელ, ბევრი რომ ვიყიდე,
საფლავზეერთი ცალი დავტოვე
და იმის მერე ეგ ჩვევა მაქვს –
ერთი ჩემს ცოლს, ხოლო მეორე –
რომელიმე სამუდამო მობინადრეს სან-მიქელესი.
საღამოობით ერთ ბოთლ ღვინოს ამოვიტან აქ
და ვიღაცის საფლავზე ვწრუპავ.
ახალგაზრდა რომ ვიყავი, მახსოვს, ერთხელ
ნორვეგიელი ერთი გოგო
გადმოვიყვანე აკლდამებთან და მივეცით თავი სიყვარულს,
თუმცა ეგ აქ რა სათქმელია,
ხმა ჩავიკმინდო, ალბათ ჯობს და
ვიყო ამ ჩემს გალავანში მოქცეული და
მკვდრებს მოვუარო.
ისე, სიკვდილი რომ მომიწევს,
ნეტავი სად გამითხრიან საფლავს, ანდა
საერთოდ, მინდა, რომ მეც აქვე დამასაფლავონ?
მე, ჯოვანი,
„დირიჟორი“ სან-მიქელეს საფეხბურთო გუნდის, რომელიც
იტალიის ჩემპიონატის არცერთ ლიგაში არ თამაშობს,
მას ელენიო ერერიას სახელობის
ერთადერთი საკუთარი სტადიონი აქვს,
აგურის გალავნით შემოღობილი,
მაყურებელთა ტალღები კი წყლის ტალღებია,
ხანდახან რომ მოგვასკდება და ტურისტებს მოიყოლებს,
ვერ იზ ბროცქი,
ვერ იზ ფაუნდ,
ვერ ის სთრავინსქი,
ვერ იზ დიაგილევ შეკითხვებით,
მე კი ვდგავარ და ხეებსა ვრწყავ,
ხოლო ბავშვი კუნძულისა, ერთადერთი,
საფლავის ქვებს შორის დარბის და
აი, მარკო, აი, ჯაკომო, აი, ლუკინო –
იზუთხავს ანბანს.
სექტემბერი, ვენეცია, 2018 – აგვისტო, თბილისი, 2019
