მათი გვარები შესასვლელშიც აღნიშნულია ფირნიშებზე,

ისრებიცაა მაჩვენებელი,

თუ რომელ ბილიკს უნდა გაუყვნენ,

საით უნდა გადაუხვიონ…

მაგრამ ისინი მაინც ხშირად უგზოუკვლოდ დადიან და

აქეთ-იქით აცეცებენ დაბნეულ თვალებს.

მერე ჩვენთან მოდიან და გვეკითხებიან:

ვერ იზ ბროცქი,

ვერ იზ ფაუნდ,

ვერ იზ სთრავინსქი…

ჩვენ აქ დილიდან გამოვდივართ სამუშაოდ,

თავზე მზე გვაჭერს,

კოინდრები გასაკრეჭია,

სადღაც ხრეშია მოსაყრელი,

ყვავილებსაც ზრუნვა სჭირდებათ,

დამხმარე კი არავინაა,

მუზეუმი ხომ არაა, რომ გიდები თან დაჰყვებოდნენ,

და ჩვენ სად ვსდიოთ,

სად ვირბინოთ აქეთ-იქით,

ეს ინგლისურიც არ გვეხერხება,

გავიშვერთ ხელს მარცხნივ ან მარჯვნივ, მივანიშნებთ,

მიდიან ისინიც იმედიანად,

მერე წრეებს ურტყამენ და

ისევ უკან გვიბრუნდებიან,

სტრავინსკი ნახეს,

ახლა ვაილს მოინდომებენ,

ეგეც თუ ნახეს, მერე პაუნდს მოიკითხავენ.

განსხვავებული ტიპის ხალხია,

ელენიო ერერას რომ ეძებენ ხოლმე.

ჰო, იმ ერერას, „კატენაჩოს“ გამომგონებელს,

„ინტერი“ და „რომა“ ძალზე ბევრ გამარჯვებას რომ აზეიმა.

მაგის ფანები სულ სხვა ხალხია.

ძირითადად ჯგუფ-ჯგუფ დადიან,

ხმაურით და დროშის ფრიალით,

პოეტების და მუსიკოსების სამარეები ფეხზე ჰკიდიათ,

მხოლოდ და მხოლოდ ელენიოს მიაგებენ პატივს და

მერე ითესებიან.

ერთი სიტყვით, სან-მიქელეს მწვანე მინდორზე

სადღაც ასე ოცი წლის წინათ

ბოლო-ბოლო ფეხბურთელიც დაასაფლავეს,

და ეს იყო, თერთმეტკაციან ჩვენს კუნძულზე,

ჩემი აზრით, საოცრად სწორი…

დღეს ერთი კაცი შემოვიდა,

აწოწილი და გამხდარი, იბორიალა,

მერე მოვიდა, ბროდსკი მკითხა,

იქვე ახლოს ვიყავი და ჯანდაბას-მეთქი, არ დავიზარე,

გავუძეხი, მივიყვანე, გავაგრძელე ჩემი საქმე,

დავინახე, ჩამოჯდა იქვე

და ფურცელი ამოხია ბლოკნოტიდან,

რაღაცა წერა,

ის ფურცელი საფლავზე დადო,

ფოტოების გადაღებაც წამოიწყო,

გადაღება სასაფლაოზე აკრძალულია,

მაგრამ არავინ აკონტროლებს,

და მე სად ვდიო,

წამოუწვეს მკვდარს გვერდით, თუ სურს

და აჩხაკუნოს აპარატი რამდენიც უნდა… –

ჰოდა იმ ტიპმა ფოტოები რომ გადაიღო,

მერე ადგა, ახლომახლო საფლავები ათვალიერა,

კვლავ შემამჩნია, მოვიდა და ვერ იზ ფაუნდო.

 

1 2 3 4