ვლადიმირ ვისოცკი (1938 -1980)

 

 

მომღერალი მიკროფონთან

 

შემომცქერის ასი თვალი ავად,

ჩვეულ საქმეს შევუდექი ძლივს,

მიკროფონთან, როგორც ხატთან ვდგავარ,

ვდგავარ, როგორც ამბრაზურის წინ.

 

არ მოვწონვარ მიკროფონს დღეს თითქოს,

და ჩემი ხმაც ბევრს უღონებს გულს,

ვგრძნობ, თუ ახლა რამე ყალბი ითქვა,

ძალზე მძაფრად ეს მოხვდება ყურს.

 

ფეხებში მცემს რამპის ყველა შუქი,

პროჟექტორი ბოროტ ღიმილს მჩუქნის,

ჩემი თვალის დაბრმავებას იწყებს,

და ტრიალებს სიცხე, სიცხე, სიცხე!

 

ჩამეხრინწა ხმა დღეს ძალზე ცუდად,

ტონალობას თუმცა მაინც არ ვცვლი,

რადგან ვიცი, რამე თუ ვთქვი მრუდად,

იგი ამის გასწორებას არ ცდის.

 

 

გაქნილი და ცბიერია, ყველა

ყალბ ნოტს იჭერს, უნაკლო აქვს სმენა,

ვეწვალები მეც ამ ბგერებს, ვღელავ,

მას ჰკიდია, რომ ვუკიდებ ენას.

 

ფეხებში მცემს რამპის ყველა შუქი,

პროჟექტორი ბოროტ ღიმილს მჩუქნის,

ჩემი თვალის დაბრმავებას იწყებს,

და ტრიალებს სიცხე, სიცხე, სიცხე!

 

მიკროფონი თავის მოქნილ კისერს

ატრიალებს, აქვს გველური თავი,

რომ გავჩუმდე, იმწამშივე მიკბენს,

ამიტომაც სიკვდილამდე ვხავი!

 

არ შეირხე, არ გაბედო! არ!

ვიცი, რაც ხარ -შხამიანი ენით!

მე კი გველთა შემლოცველი ვარ,

ვაჯადოებ კობრას, კი არ ვმღერი!

 

ფეხებში მცემს რამპის ყველა შუქი,

პროჟექტორი ბოროტ ღიმილს მჩუქნის,

ჩემი თვალის დაბრმავებას იწყებს,

და ტრიალებს სიცხე, სიცხე, სიცხე!

 

ღორმუცელა არის ის და ბარტყის

სიხარბით მგლეჯს მე პირიდან ბგერებს,

მემუქრება ტყვიის შუბლში გარტყმით,

გიტარა კი სიმით მიბამს ხელებს.

 

არ ექნება დასასრული ამას!

ვინ გამარკვევს მიკროფონის არსში?

კანდელსა ჰგავს, თუმცკი არ კრთის ახლა,

მეც წმინდანი არ ვარ – აი, ფარსი!

 

მელოდია მარტივია, ვიდრე

გამა, მაგრამ წრფელ ტონს თუკი ავცდი,

სილას მაწნის და კონფლიქტში მითრევს,

მიკროფონის გარინდული ლანდი.

 

ფეხებში მცემს რამპის ყველა შუქი,

პროჟექტორი ბოროტ ღიმილს მჩუქნის,

ჩემი თვალის დაბრმავებას იწყებს,

და ტრიალებს სიცხე, სიცხე, სიცხე!

 

 

 

1 2 3 4 5