ფაზილ ისკანდერი (1929 – 2016)

 

 

შავი ზღვის ბიჭუნები

 

ჰეი, მედაფდაფე-მეაბანოეებო, ჰეი, მესაყვირე-ბუხრის მწმენდავებო!

მეზღაპრეებო, მატყუარებო, მეფოკუსეებო, არტისტებო!

მოფაფხურეებო, განძთა მძებნელებო, ახალ მიწათა აღმომჩენებო,

ლიმონათის მოყვარულებო, საკუთარი თავის გენერლებო!

ჩარგეთ, სანამ დროა, ცივ საზამთროებში ცხვირ-პირი, შესაქები!

წკრიალებენ და ბუყბუყებენ თქვენი მხიარული სტომაქები!

რად გინდა, მითხარი, თუ ხარ მეგობარი, თუ ხარ ამხანაგი,

ეს გაზეპილი, საძაგელი იხვი, ოთახის ეს ჭირიანი თაგვი!

ზღვების, ტყეების ჰაერი – ისაა, რასაც ეძებდი!

ხე – ექიმია, ფოთოლი კი საუკეთესო რეცეპტი.

იბობღეთ მთებში, ბიჭუნებო, ფეხქვეშ მოყანყალე ჩანჩქერის ნაკადს,

მიწაში რომაა ჩასობილი, როგორც ხმალი,

წაავლეთ ხელი მალე!

(ქარმა ტანსაცმელი დააფეთა,

მზე ყველას ზემოდან გადაჰყურებს,

მიდით, ზღვის წყალი ააქაფეთ,

ისკუპეთ, გაცურეთ ბაყაყურით!)

სადღაც რიფია, სადღაც ყურეა, სადღაც სტამბოლი და ათენია.

საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან მოფრუტუნე დელფინია!

არადა რა დროს ხუმრობაა! ხედავ, მეთევზე,ნიჭიერი,

ქორჭილას წყალქვეშასიმღერას ანტენა-ანკესით იჭერს.

კიბორჩხალების გამყიდველებო, მყვინთავებო, ნიჟარების მფლობელებო,

გულადო წითელარმიელებო, უჩინარო ინდიელებო,

მომავალო კოსმონავტებო, მზისგან კანგადატყავებულებო,

გაქებთ და გადიდებთ, ბიჭუნებო, ეშმაკუნებო!

 

 

 

1 2 3 4 5