ფოტოდრომი გენიალური გამოგონება იყო. მიუბრიჯმა მიწაზე დაალაგა კლავიშები თითოეული კლავიში ძაფებით შეერთებული იყო ფოტოკამერებთან. გავლის დროს ცხენი კლავიშს ფეხს დაადგამდა თუ არა, ძაფი წყდებოდა და ფოტოაპარატის საკეტი ამუშავდებოდა – ფოტოს იღებდა. ამდენად რამდენიმე წამის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე ფოტოაპარატი მოდიოდა მოქმედაბაში და გაჭენებულ ცხენს უღებდა ფოტოს. ამ ფოტოების სწრაფი მონაცვლეობის დროს კი იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ ცხენი მოძრაობს.

კალიფორნიაში 1872 წ. ფოტოდრომი საზოგადოების შოკირებას ახდენდა. ,,კაცი, რომელმაც წამი გახლიჩა. ცხენებს შეუძლიათ ფრენა – ასე ჩანს წამის მცირე მონაკვეთში გადაღებულ ფოტოზე, როდესაც ცხენის ოთხივე ფეხი ჰაერშია. ამ ფოტომ დაასრულა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავა, რჩება თუ არა ერთი ფეხი დედამიწაზე ნავარდით ჭენებისას.” – წერდა ხელოვნებათმცოდნე რებეკა სოლნითი ფოტოგრაფ მიუბრიჯზე. მისი აზრით ფოტოდრომი ატომის გახლეჩის დონის მეცნიერული აღმოჩენა იყო.

ფოტოგრაფი თოფი

ფრანგი ფიზიოლოგი მარე, რომელიც დაინტერესებული იყო ფრინველთა ფრენის შესწავლით, მთელი საათობით ადევნებდა თვალს ფრინველების ფრენას. მარე ბევრს ფიქრობდა გამოენახა ისეთი საშუალება, რითაც შეძლებდა თანმიმდევრულად აღებეჭდა ფრინველების ფრთების ქნევის სხვადასხვა ფაზა. 1882 წელს, როცა მარემ პირველად ნახა მიუბრიჯის ფოტოდრომი, გადაწყვიტა თავის ცდებში ფოტოგრაფია გამოეყენებინა. მან მოიგონა ხელსაწყო, რომელსაც ფოტოგრაფიული თოფი უწოდა. გარეგნულად ეს სანადირო თოფს ჰგავდა, მაგრამ ლულაში მოთავსებული იყო ობიექტივი, ტყვიების კოლოფის ნაცვლად კი ფოტოფირფიტები იდო. ასე რომ ამ თოფს ერთდროულად 12 ფოტოსურათის გადაღება შეეძლო. თუ მიუბრიჯი 24 ფოტოაპარატის საშუალებით იღებდა გარბენილ ცხენს, მარემ თავისი გამოგონებული ფოტოგრაფიული თოფის საშუალებით ბევრად მარტივად გადაიღო ფოტოები.

1885 წელს, მარემ პირველად ჩაატარა კინოგადაღება, კოჭზე დახვეული ქაღალდის გრძელი ფირით და თავისი გამოგონება საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა. ცოტა ხანში კი, ქაღალდის გრძელი ფირი, პერფორირებული ცელულოიდის ფირით შეცვალა, რაც თითქმის არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი კინოფირისგან. 1889 წელს მარემ და მისმა ასისტენტმა დემინომ, პირველად წარმოსახეს ეკრანზე ხმოვანი გამოსახულება. ადამიანის თავი ახლო ხედით, რომელიც ამბობდა: “გაუმარჯოს საფრანგეთს” და “მე თქვენ მიყვარხართ”.

ედისონის კინეტოსკოპი

1877 წელს ედისონმა გამოიგონა ადამიანის ხმის ჩამწერი აპარატი, რომელსაც ფონოგრაფი დაარქვა. ედისონს დაებადა აზრი რომ ფონოგრაფი გაეუმჯობესებინა – მისთვის მოლაპარაკე ადამიანის გამოსახულება შეერთებინა. ედისონმა ეს საქმე თავის მოწაფეს დიკსონს მიანდო, რომელმაც მარეს ფოტოგრაფიული თოფი გამოიყენა და გადამღები აპარატი შექმნა. აპარატში იდებოდა ცელულოიდის ლენტი, რომელსაც ორივე მხარეს ჰქონდა ნაჭვრეტი – 4 წყვეტილი პერფორაცია თითოეულ კადრზე. ფაქტიურად ეს იყო კინემატოგრაფიული ფირი. 1889 წელს დიკსონმა ედისონს აჩვენა კინემატოგრაფით გადაღებული პირველი კინოსურათი: ბნელ ოთახში ედისონის წინ ეკრანზე გამოჩნდა თვითონ დიკსონი, რომელმაც თქვა: ,,დილა მშვიდობისა, მისტერ ედისონ! მგონი თქვენ კმაყოფილი იქნებით თქვენი კინეტოფონოგრაფით?!’’

 

ედისონის კინეტოსკოპმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, ეს აპარატი შედგებოდა ნათურის მიღმა მოძრავი ლენტისგან, რომელიც გადიდებულ გამოსახულებას იძლეოდა. კინეტოსკოპს ჰქონდა ორი დიდი ნაკლი. ლენტის სიგრძე 15 მეტრზე მეტი ვერ იქნებოდა რაც ზღუდავდა გამოსახულების ქრონომეტრაჟს. გარდა ამისა კინეტოსკოპში ჩახედვა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო.

 

ოპტიკური აპარატები არ იყო კინო. ისინი მსგავსი კადრების დროში სწრაფი მონაცვლეობით ქმნიდნენ ოპტიკურ ილუზიას. ტვინი სწრაფად მონაცვლე კადრებს, ერთ ცვლად გამოსახულებად აღიქვამდა. მეცნიერების მიერ შექმნილი აპარატები მხოლოდ სათამაშოები იყო და ზოგიერთი მათგანით მოძრავი სურათების ცქერა მხოლოდ ერთ კაცს შეეძლო. ყველა ამ სათამაშოს სახელი ლათინური და ბერძნული წარმოშობის სიტყვებიდან მოდის. მოძრაობის შთაბეჭდილების შექმნით ადამიანი მივიდა კინემატოგრაფიის გამოგონებამდე. ხანგრძლივი ისტორიული პროცესი საბოლოოდ ფირზე მომუშავე კინოკამერების გამოგონებით დაგვირგვინდა. ფირიანი კინოკამერები ე. წ. ძველი გვარდიაა, რომელმაც სახელოვნებო დარგი – კინო ჩამოაყალიბა და მთელი ეპოქა შექმნა. ეს უკვე აღარ იყო თამაში.

 

 

1 2 3 4 5