ლუმიერებმა თავიანთ გამოგონებულ ,,სინემატოგრაფზე’’ პატენტი აიღეს და 28 დეკემბერს ფასიანი სეანსები უჩვენეს. კაპუცინების ბულვარზე ,,გრანდ კაფეს’’ წინ ინდურ სალონში მაყურებელმა იხილა რამდენიმე წუთიანი ფილმები. პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჟეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის ცნობილი ფილმები: ,,მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან’’, ,,მატარებლის შემოსვლა’’’,,ბავშვის საუზმე’’ და ,,გაწუწული მებაღე’’ იხილა.’ეკრანზე ამოძრავებულმა სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე.

ლუმიერების სეანსი დღემდე კინოს დაბადების ათვლის წერტილად არის მიჩნეული. ძმები ოგუსტ და ლუი ლუმიერების მამა ანტუან ლუმიერი ლიონის ფოტოქაღალდის ფაბრიკის დირექტორი და საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, რომელიც ყოველმხირვი უწყობდა ხელს თავის შვილებს რომ სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ. მას დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა და მალე შეძლო ამ გამოგონების პოპულარიზაცია.

კინო სწრაფად გავრცელდა ამერიკაში და ევროპაში. 1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ-პეტერბურგში, ამავე წლის 26 მაისს მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს თბილისში. ყველგან უჩვენებდნენ ლუმიერების ფილმებს, რომელნიც ძირითადად საოჯახო ალბომის’ პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისაგან შედგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მაქს და ემილ სკლადანოვსკიმ ლუმიერებამდე ერთი თვით ადრე მოაწყვეს ცვლადი გამოსახულებების ფასიანი სახალხო ჩვენება ბერლინში. კინოს ისტორიკოსები გრან კაფეს თვლიან კინოს დაბადების ნამდვილ ადგილად. სკლადოვსკების ჩვენება არ იყო მოძრავი სურათების ფილმი არამედ უბრალოდ უძრავი ფოტოების მონაცვლე სლაიდები, რაც თავისი არსით კინემატოგრაფიას არ წარმოადგენს. არის ცნობა ასევე რომ 1888 წელს ინგლისელ, ვინმე დიუმონტის ჰქონდა პატენტი მსგავს გამოგონებაზე. მისი აპარატი ძალიან რთული კონსტრუქცია იყო 16 ლინზით და პრიზმული ეფექტისგან შედგებოდა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კინოპროექტორის ავტორი დიუმონტია და პირველი ,,ცოცხალი სურათების’’ მაჩვენებელი” აპარატი, სწორედ მან შექმნა.

ლუმიერების კინოაპარატს უდიდესი უპირატესობა გააჩნდა სხვა აპარატებთან შედარებით. ეს იყო მსუბუქი, კარგად კონსტრუირებული, პორტატიული აპარატი, რომელიც უბრალო სახელურების მეშვეობით მუშაობდა. მას ჰქონდა ფირის წყვეტილად მოძრაობის მარტივი პრინციპი და გრეიფერი, რომელიც ამ წყვეტილ მოძრაობას უზრუნველყოფდა. იგი გამოიყენებოდა როგორც კინოკამერა, საპროექციო და პოზიტივების საბეჭდი აპარატი. ამ აპარატით აღჭურვილი კინოოპერატორი თან მთელ კინოფაბრიკას დაატარებდა და შეეძლო მისი გამოყენება ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება. მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა დახვეწეს და მან ფართო გავრცელება ჰპოვა.

ლუმიერებისთვის კინო მხოლოდ დოკუმენტური რეპორტაჟი და ცოცხალი ფოტოგრაფია იყო – ცხოვრების ამსახველი ქრონიკა. კინოს როგორც სახელოვნებო დარგის ფორმირება შემდეგი დროის მოღვაწეების ხელში ჩამოყალიბდა.

 

 

 

1 2 3 4 5