ვინ იყო ლუი ლეპრენსი

1797 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა რობერტსონმა პარიზში დააპატენტა საპროექციო მოწობილობის მექანიზმი. XIX საუკუნეში საპროექციო კინოკამერის შექმნას ცდილობდნენ უდიდესი კომპანიები და უბრალო თვითნასწავლი ჩხირკედელაობის მოყვარული ადამიანებიც. ათობით გამომგონებელი სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად მუშაობდა კინოკამერის შექმნაზე. შეჯიბრში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ინგლისელი პოლი და რობერ პაული, რუსი ტიმჩენკო და აკიმოვი, ამერიკელ ლე როი და ედისონი, ფრანგი ანრი ჟოლი, იტალიელ ფილოტეო ალბერინი, გერმანელი სკლადანოვსკი და სხვა.

დღეს ბავშვმაც კი იცის რომ კინოს დაბადება ძმები ლუმიერების სახელთან არის დაკავშირებული. მაგრამ იყო ერთი კაცი, რომელმაც ლუმიერების სეანსამდე რამდენიმე წლით ადრე ააწყო კინოაპარატი და ფილმებიც გადაიღო. ეს იყო ფრანგი ლუი აგუსტინ ლეპრენსი. ბევრი მკვლევარის აზრით სინამდვილეში ლეპრენსი არის კინოს ნამდვილი მამა. ლეპრენსი საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ ინგლისსა და ამერიკაში მუშაობდა. იგი ექსპერიმენტებს ნიუ-იორკის ყრუ-მუნჯთა ინსტიტუტში ატარებდა, სადაც მოძრავი ფოტოსურათები გამოიყენა. მის ლე პრინსი, გამომგონებლის ქალიშვილი, წერდა, რომ ჯერ კიდევ 1885 წელს მან თეთრ კედელზე კადრები იხილა, რომლებიც სხვადასხვა ფიგურების უწყვეტ მოძრაობას უჩვენებდა. 1886 წლის ნოემბერში, ლეპრენსმა ამერიკულ პატენტზე განაცხადი შეიტანა – ”ეს აპარატი საგნების ჩვენებას უზრუნველყოფს, ისე რომ მოქმედება არ წყდება და მისი ნახვა გამეორებით, იგივე მიმდევრობით არის შესაძლებელი” – ეწერა განაცხადში. XIX საუკუნის მიწურულს 1885-1887 წლებში ნიუ-იორკში, ლეპრენსი საჯაროდ აჩვენებდა ხალხს თავისი გამოგონებული აპარატით გადაღებულ მოძრავ, ბუნდოვან გამოსახულებებს. რის შემდეგაც 1888 წელს ინგლისის ერთ-ერთ ფაბრიკაში წარადგინა თავისი ძალიან პატარა კინოფილმი ,,ტრანსპორტის მოძრაობა ლიდსის ხიდზე’’. ამ სეანსების შესახებ იმ დროინდელი პრესაც წერდა.

1888 წელს ლეპრენსის ერთობიექტივიანი კინოკამერა ქაღალდის ფირზე მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ გამომგონებელმა გადასაღებად ცელულოიდის ფირი გამოიყენა და თავის ფილმები (,,აკორდეონისტი’’ და ,,ტრანსპორტის მოძრაობა ლიდსის ხიდზე’’) გადაიღო სიდედრის სახლში – ინგლისში, სადაც ცხოვრობდა. ლეპრენსმა სახლის ეზოში ფირზე ასახა თავის სიდედრი ფილმში ,,სცენა ბაღში’’. გადაღებიდან ათი დღის შემდეგ სიდედრი გარდაიცვალა, ამდენად ის შეგვიძლია კინოს პირველ მსახიობად მივიჩნიოთ. ლეპრენსი ხვდებოდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აპარატზე პატენტის აღება და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. თავდაპირველად ლეპრენსი ამერიკაში გაემგზავრა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა კინოაპარატის საშუალებით ფულის ამერიკაში შოვნა. ეს ქვეყანა იმ ხანად ძალიან ჩქარი ტემპით ვითარდებოდა. ლეპრენსი იმედოვნებდა რომ საქვეყნოდ ცნობილ გამომგონებელთან ედისონთან ითანამშრომლებდა. ედისონი არამხოლოდ ფლობდა პირველი კლასის წარმოების ტექნოლოგიურ ბაზას, არამედ ლეპრენსისთვის რეალური დახმარების გაწევა შეეძლო კინოაპარატის დახვეწასთან დაკავშირებით. დღემდე უცნობია ლეპრენსსა და ედისონს შორის შედგა თუ არა ეს შეხვედრა. 1890 წელს 16 სექტემბერს ამერიკიდან შინ დაბრუნებულმა ლუი ლეპრენსმა თავისი კინოაპარატი აიღო და პარიზში მიმავალ მატარებელში ჩაჯდა. იგი უნდა გადამჯდარიყო ინგლისის რეისზე. იმ დროს პატენტის ინგლისში აღება ხელსაყრელი იყო, რადგან გამომგონებელი დაცული იყო შპიონებისგან, რომლებიც კონკურენტებს აწვდიდნენ ინფორმაციას. მატარებელი, რომლითაც ლეპრენსმა იმგზავრა ექსპრესი გახლდათ, გზაში არსად ჩერდებოდა და მგზავრობის დროს კარებები ავტომატური ბლოკირების სისტემით იკეტებოდა. მისი გაღება მხოლოდ გამცილებელს შეეძლო. საქმე ის არის რომ პარიზში ჩასულ მატარებელის კუპეში ლეპრენსი არ აღმოჩნდა. დაიკარგა არა მხოლოდ გამომგონებელი, არამედ მისი კინოაპარატიც. ლეპრენსის მიერ ნაყიდი ბილეთის თანახმად ის მატარებლის ბოლო გაჩერებაზე უნდა ჩასულიყო. თუმცა სადგურზე მისულ მატარებელში კუპე ცარიელი აღმოჩნდა. მტვირთავები, მებარგულები, უბრალო ნაცნობები თუ ლეპრენსის მშობლები ირწმუნებოდნენ რომ დაინახეს როგორ ავიდა ლეპრენსი მატარებელში და გაემგზავრა, მაგრამ ჩასულ მატარებელში ლეპრენსი და მისი აპარატი აღარ იყო. ატყდა სკანდალი, ფრანგული გაზეთები წერდნენ ლეპრენსის დაკარგვის შესახებ.

ასი წლის შემდეგ პოლიციის არქივებში ერთი საუკუნის წინანდელ ფოტოს მიაკვლიეს, სადაც უცნობი დამხრჩვალი ადამიანია გამოსახული. შესაძლოა ეს იყოს ლუი ლეპრენსი. რადგან წყლის ორი წვეთივით ჰგავს ლეპრენსის დღემდე ცნობილ ფოტოს.

კადრი ლეპრენსის ფილმიდან – ტრანსპორტის მოძრაობა ლიდსის ხიდზე

1902 წელს გამომგონებლის უფროსი ვაჟი ლაფრონს ლეპრენსი, რომელიც მამამისმა გადაიღო ფილმში ,,აკორდეონისტი’’ გაემგზავრა ნიუ-იორკში ედისონთან შესახვედრად. ლეპრენსის ვაჟს სურდა პირველი პირისგან ედისონისგან გაეგო 1890 წელს ლეპრენსი შეხვდა თუ არა მას. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ უფროსი ლეპრენსი სასტუმროს ნომერში დაბინავდა. დილით კი დახვრეტილი იპოვეს. ნომერში იარაღი არ იყო. ოთახის კარები კი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. პოლიციამ საქმე ვერ გახსნა და დღემდე ეს მკვლელობა ერთგვარ გამოცანად ითვლება.

შეიძლება გვეფიქრა რომ ლეპრენსი იყო ავანტურისტი (რომლებიც იმ დროს მრავლად იყვნენ) და მას სინამდვილეში არ ჰქონდა კამერა, მაგრამ ლეპრენსის ფილმები დღემდე შემორჩა და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინტერნეტში. პატენტის ასაღებად წასული კაცის განზრახვაში თვითმკვლელობის მოტივიც არადამაჯერებელია. ერთი სიტყვით ლეპრენსის გაქრობა დღემდე მისტიკური და ამოუხსნელი ფაქტია.

ლუი ლეპრენსი შეგვიძლია მივიჩნიოდ კინემატოგრაფიის დამფუძნებლად, რადგან მან პირველმა აღბეჭდა მოძრავი გამოსახულება. რაც მთავარია თავის გამოგონილ გადასაღებ აპარატით, რომელსაც ერთი ობიექტივი ჰქონდა. ედისონი უარყოფდა ლეპრენსთან შეხვედრას, ბევრი ფრანგი აღნიშნავდა რომ ედისონი იმ დროს ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და ლეპრენსის გამოგონება მას დიდ ზიანს მიაყენებდა. ედისონი მომდევნო წლებში განაგრძობდა თავის გამოგონებებზე მუშაობას და 1893 წელს მისი კინეტოსკოპი გამოვიდა, კინეტოსკოპმა იმდენად მოიპოვა პოპულარობა რომ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყო. ლეპრენსის გარშემო ატეხილი სკანდალი მალე ჩაცხრა. კინოს დაბადება მაინც ფრანგების ხელში დარჩა. 1985 წელს 22 მარტს ძმებმა ოგუსტ და ლუი ლუმიერებმა ვიწრო წრეში მოაწყვეს პირველი ჩვენება. მათი განცხადებით, კინოაპარატი ერთ ღამეში ააწყეს, როდესაც თავი ძალიან სტკიოდათ. ძმებს დახმარებას უწევდა ცნობილი ინჟინერი კარპანტიე.

 

1 2 3 4 5