ტაუმატროპი

1824 წელს ასტრონომ-ფიზიკოსმა ჯონ გერშელმა სანაძლეო დადო თავის მეგობარ ფიზიკოსთან. მისი მტკიცებით, ერთსა და იმავე დროს შეიძლებოდა მონეტის ორივე მხარის დანახვა. გერშელმა მეგობარი მაგიდასთან ისე დააყენა, რომ მაგიდის გასწვრივ ეცქირა და მონეტა სწრაფად დაატრიალა. სანაძლეო მოიგო. მონეტის ერთი მხარის გამოსახულება ისევ რჩებოდა მეგობრის თვალის ბადურაზე იმ დროს, როდესაც უკვე ფულის მეორე მხარესაც ხედავდა. ჯონ გერშელმა ეს მიგნება მუყაოზე გადაიტანა. მან პირველმა შექმნა ოპტიკური სათამაშო ნახატების გამოყენებით. მუყაოს ცალ მხარეზე დახატა ფრინველი, მეორეზე – გალია, გაუკეთა ღერძი და თოკით სწრაფად დაატრიალა. სწრაფი ტრიალის დროს მუყაოს სხვადასხვა მხარეზე გამოხატული ფრინველი და გალია ერთ ნახატად ერთდებოდა. ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ფრინველი გალიაში იჯდა. გერშელმა თავის გამოგონებულ სათამაშოს ტაუმატროპი უწოდა. ტაუმატროპის ყიდვა შეიძლებოდა შვიდ შილინგად და შვიდ პესოდ. ამ სათამაშომ მსოფლიოში ერთგვარი შეჯიბრი გამოიწვია. მრავალი გამომგონებელი დაინტერესდა ტაუმატროპით, სწავლობდნენ თვალის თვისებებს და იგონებდნენ ახალ აპარატებს.

ფარადეის ბორბალი

ტაუმატროპის გამოგონების შემდეგ, 1830 წელს ინგლისელმა ფიზიკოსმა ფარადეიმ ახალი ხელსაწყო გამოიგონა, რომელსაც ფარადეის ბორბალი უწოდეს. აპარატი შედგებოდა მუყაოს ცილინდრისგან, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა ვერტიკალური ჭრილები და ცალ მხარეზე დახატული იყო საგანი მოძრაობის თანმიმდევრულ ფაზებში. სარკის წინ ნახატიანი მხარის დატრიალება და ჭრილებიდან ცქერა სარკეში საგნის მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნიდა.

სტრობოსკოპი

1832 წელს ორმა ფიზიკოსმა – ბელგიელმა ჯოზეფ პლატომ და ავსტრიელმა პროფესორმა შტამპფერმა – ერთიმეორისგან დამოუკიდებლად შექმნეს საინტერესო ხელსაწყო. ამ აპარატით შეიძლებოდა არა მხოლოდ ორის, არამედ მრავალი მოძრავი გამოსახულების დანახვა. ამ ხელსაწყოს სტრობოსკოპი უწოდეს. ,,სტრობოს’’ ბერძნულად ნიშნავს ბრუნვას. სტრობოსკოპი ორი ერთნაირი მუყაოს დისკოსგან შედგება. ერთს ვერტიკალური ჭრილები აქვს, ხოლო მეორეზე დახატულია ადამიანი, ბურთით მოძრაობის თანმიმდევრულ მდგომარეობაში. ფირფიტის სწრაფი ტრიალის დროს ჭრილებიდან ყურებისას, მოძრაობის შთაბეჭდილება იქმნება. დროის შუალედი გამოსახულებათა შორის იმდენად მცირეა რომ ერთი ფიგურისგან მიღებული შთაბეჭდილება ჯერ არ გამქრალა, რომ თვალი უკვე მომდევნო

ფიგურას ხედავს, ასე იქნება უწყვეტი მოძრაობის ეფექტი.

 

ზოოტროპი

სტრობოსკოპის გამოგონებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოში. ბევრს მუშაობდნენ მის სრულყოფაზე და სულ ახალ და ახალ კონსტრუქციებს იგონებდნენ.

1834 წელს ინგლისელმა ჰორნერმა ამ აპარატებს მისცა ახალი ფორმა და შექმნა მოწყობილობა, რომელსაც ზოოტროპი უწოდა. ზოოტროპი შედგება ღერძზე მბრუნავი ცილინდრისგან, რომელსაც ვიწრო ვერტიკალური ჭრილები აქვს. ცილინდრის შიგნით იდება ქაღალდის ლენტი, რომელზედაც დახატულია ადამიანი ან ცხოველი მოძრაობის თანმიმდევრობით ფაზებში. ცილინდრის სწაფი ტრიალის დროს თუ ჭრილში ჩავიხედავთ, დაახლოებით იმავე კინემატოგრაფიულ ეფექტს მივიღებთ, როგორსაც ვღებულობთ სტრობოსკოპში.

ჯადოსნური ფარანი

1853 წელს ავსტრიელმა სწავლულმა ფრანც უხაციუსმა შექმნა ჯადოსნური ფარნის მსგავსი მოწყობილობა. მან გადაწყვიტა სტრობოსკოპული ნახატები არა მარტო ერთი ადამიანისთვის არამედ მთელი აუდიტორიისთვის ეჩვენებინა. მან სტრობოსკოპული ნახატების სერია, ცილინდრში მოათავსა. ცილინდრის დატრიალებისას ჯადოსნური ფარნის საშუალებით ეკრანზე გადიდებული მოძრაობის ილუზია შეიქმნა. ასე გაიზარდა მოძრავი სურათების მაყურებელთა რიცხვი.

პარასკინოსკოპი

 

1877 წელს ფრანგმა ემილ რეინომ შექმნა უფრო გაუმჯობესებული აპარატი, რომელსაც პარასკინოსკოპი დაარქვა. ეს აპარატი წარმოადგენდა ჯადოსნური ფარნის და ზოოტროპის შეერთებას.

ამ აპარატმა გაითქვა სახელი. იგი ბევრ სურათს მოითხოვდა, რომელსაც მხატვრები ხატავდნენ. ხელით ნახატი სურათები პრიმიტიული იყო და არ გადმოგვცემდა საგნების სწორი, თანმიმდევრული მოძრაობის ფაზებს. ამ ნაკლის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო მიეგნოთ ისეთი საშუალებებისათვის, რომლითაც შეიძლებოდა თანმიმდევრული მოძრაობის ნამდვილი გამოსახულების მიღება. ე. ი. საჭირო იყო ფოტოგრაფია. ფოტოგრაფიას თავისი განვითარების ისტორია აქვს. ჯერ იყო კამერა ობსკური, (ბნელი კოლოფი, რომლის უკანა კედელი მქრქალი მინაა). შემდეგ დაგეროტიპი (დაგერის ტექნოლოგიით შექმნილი ფოტოგამოსახულება). ადამიანს ძალიან დიდი შრომა დასჭირდა ვიდრე თანამედროვე ფოტოფირს მიიღებდა და ფოტოგრაფიას ჩამოაყალიბებდა. თუ მანამდე სტრობოსკოპისთვის ნახატებს მხატვრები ხელით ხატავდნენ, ფოტოგრაფიის გამოგონების შემდეგ ფოტოგრაფიული სურათების გამოყენება დაიწყეს. მაგრამ აქ საჭირო იყო ადამიანის ან ცხოველის მოძრაობის თანმიმდევრობითი ფაზების ხელოვნურად შეერთება. მხოლოდ ასეთი ფოტოგრაფიული სურათების სერიის დემონსტრირება შექმნიდა მხედველობით ეფექტს. თავდაპირველად ფოტოაპარატები ძალიან პრიმიტიული იყო და არ იძლეოდა რამდენიმე ფოტოს სწრაფად გადაღების საშუალებას. გამომგონებლებმა დაიწყეს მუშაობა ისეთი აპარატის შექმნაზე, რომელიც საშულებას მისცემდა მიეღოთ საგნების თანმიმდევრული ფოტოსურათების მთელი სერია. XIX საუკუნის 60-იან წლებში არაერთი სწავლული მუშაობდა მომენტალური ფოტოგრაფიის შექმნაზე, მაგრამ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით გამოიგონეს ცელულოიდის ფოტოფირი, რომელიც მაღალი შუქმგრძნობიარობით გამოირჩეოდა. ამან საშუალება მისცა გამომგონებლებს რომ მომენტალური ფოტოსურათების გადაღება მოეხდინათ. მიუბრიჯიმ შექმნა ფოტოდრომი რის მეშვეობითაც ადამიანის და ცხოველის მოძრაობის ყველა ფაზა ფოტოსურათებში დააფიქსირა. ეს მოხდა 1872 წელს.

 

1 2 3 4 5