კინოს განვითარება კინოტექნოლოგიების განვითარებაზეა დამოკიდებული. კინემატოგრაფის გამომსახველობითი საშუალებები გამუდმებით იცვლება და იხვეწება. ამოძრავებული გამოსახულების შექმნის სურვილი ადამიანს ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრების დროს ჰქონდა. გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილია ნახატები, რომლებიც ერთი და იმავე ფიგურის სხვადასხვა მოძრაობებს იმეორებს. საუკუნეების წინ ცეცხლის გარშემო ცეკვის რიტუალური შესრულება და ზღაპრების და მითიური ამბების მოყოლა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. გარკვეული წარმოდგენები მოძრავი გამოსახულების ენის შესახებ ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა, თუმცა ეს შესაძლებლობები არასდროს ისე არ განვითარებულა, როგორც კინოს დაბადების შემდეგ მოხდა. ლიტერატურის განვითარების ადრეულ ეტაპზე ცეცხლთან შესრულებული ზეპირსიტყვიერი ლიტერატურული ნიმუშები, გონებაში წარმოსახული ხატების გაცოცხლება, მითიური საკრალური დანიშნულების მოვლენაა, სადაც ცეცხლი, როგორც ყველაზე ძლიერი საკრალობა ერთგვარი ტექსტის ჰერმენევტია.

ცეცხლთან კავშირი არ არის მხოლოდ გამოსახულების ისტორიული ეტაპი. ცეცხლთან შესრულებული ლიტერატურული ამბების ქმნადობა ვიზუალურის აღქმის აქტიც იყო, რომელიც იწვევდა ასოციაციას, ქმნიდა ფერის აღმნიშვნელ სიტყვებს ენაში, მეტყველება მდიდრდებოდა პოეტური და მეტაფორული საშუალებებით.

მეოცე საუკუნის ადამიანმა ისწავლა ცეცხლის მართვა. სინათლის დამორჩილებად ნათურის გამოგონება შეგვიძლია მივიჩნიოთ (ლეპტოპის, პლანშეტის, ტელევიზორის თუ სხვა ნებისმიერი ეკრანი წვრილი ნათურებისგან შედგება. ასევე საპროექციო აპარატი, თავის ისტორიული წარსულითაც ნათურისგან მიღებული სინათლის წყაროსგან იკვებება). ცეცხლი, როგორც უნივერსალური გარდასახვის საშუალება, ჩვენს დროში ვლინდება კინო და ტელე ტექნოლოგიების საშუალებით.

ოპტიკურ ილუზიაზე გათვლილი სათამაშო ჯერ კიდევ ჩვ. წ. 180 წელს შეიქმნა ჩინეთში, ტინგ ჰუანის მიერ. იგი წარმოადგენდა თავღია დისკოს, რომლის შიდა კუთხეებზე გამოსახულია ცხოველები განსხვავებულ პოზიციებში. დისკოს ბრუნვა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შიგ ჩახატული საგნები მოძრაობენ.

შუა საუკუნეებში არსებობდა ასევე ჯადოსნური ფარანი. მრავალი საუკუნის წინათ ეგვიპტეში ტაძრის კედელზე ან სამსხვერპლოზე, სინათლისა და სარკის საშუალებით, ცხოველების გამოსახულებით ლანდებს აჩვენებდნენ. ჯადოსნური ფარანი წარმოადგენდა ყუთს, რომელშიც დგამდნენ ზეთის ჩვეულებრივ ლამპას. მისი სხივები გაივლიდა მინაზე დახატულ სურათს და თეთრ კედელზე ბუნდოვან გამოსახულებას იძლეოდა.

XIX საუკუნეში შექმნილი აპარატები საბოლოოდ კინოკამერის შექმნით დასრულდა, თუმცა მანამდე იყო ოპტიკური აპარატების ეპოქა, რომელმაც ნიადაგი შეუმზადა კინოს დაბადებას.

1700 წელს ეგვიპტელმა სწავლულმა პატოლომემ აიღო მრგვალი მუყაო, მისი ერთი მხარე წითლად შეღება, ხოლო მეორე – თეთრად. როდესაც სწრაფად დაატრიალა მიიღო ერთი ფერი – ვარდისფერი. მოძრაობის სიჩქარის დროს თვალი ფერებს ერთმანეთს ურევდა. თვალის ამ თვისებას XVII- XVIII საუკუნეებში ნიუტონი, შევალიე დ’ არსი და სხვა მეცნიერები სწავლობდნენ, მაგრამ სრულყოფილი ახსნა ვერავინ მოუძებნა. მარტივი ცდა თქვენც შეგიძლიათ ჩაატაროთ: ავიღოთ ხის ნაფოტი, მოვუკიდოთ ცეცხლი, შევიდეთ სრულიად ბნელ ადგილას და ნაფოტი ჰაერში წრიულად სწრაფად დავატრიალოთ. გარკვეული სიჩქარის დროს წერტილს ვეღარ დავინახავთ – ჩვენ თვალწინ იქნება მთლიანი მანათობელი წრე. სინამდვილეში არავითარი მანათობელი წრე არ არსებობს. ჩვენ იმიტომ ვხედავთ ასეთ წრეს, რომ ნაფოტს ვატრიალებთ უფრო სწრაფად, ვიდრე მას თვალი აღიქვამს. მანათობელი წერტილის ერთი მდგომარეობის გამოსახულება ვერ ასწრებს თვალის ბადურაზე გაქრობას, რომ მის გვერდით ჩნდება უკვე მეორე ასეთივე გამოსახულება. ორი მსგავსი გამოსახულება უერთდება ერთმანეთს და წარმოიქმენება ერთი მთლიანი ცეცხლის წრე – რკალი.

პირველად 1824 წელს ინგლისელი ექიმის პეტერ მარკ როჯეტის გამოკველევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანის თვალი მხედველობით შთაბეჭდილებას მოვლენის გაქრობის შემდეგ 0,1 წამის განმავლობაში ინარჩუნებს. თუ ორ მხედველობით შთაბეჭდილებას შორის ინტერვალი 0,3 წამს არ აღემატება მაშინ ეს ორი შთაბეჭდილება ერთმანეთს ერწყმის და ერთი სახეშეცვლილი საგანი მიიღება. ამ თვისების გამოყენების პრინციპს ეფუძნება არაერთი ოპტიკური აპარატი და სათამაშო.

 

1 2 3 4 5