XX ს-ის  ქართულ სალიტერატურო სივრცეში რევაზ ინანიშვილს შინაგანად მთლიანი, სავსე, ნათელი მხატვრული სამყარო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და ზეგავლენას ახდენს მის შემდგომ გსანვითარბაზე. დროთა განმავლობაში მას ერთგვარი განშტოებებიც გაუჩნდა და ერთ მთლიან ნაკადად, ცალკე გამოკვეთილ ნიშად ჩამოყალიბდა, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს დამოუკიდებელი სისტემის, ნამდვილი ოსტატის მიერ შექმნილი   სკოლის არსებობაზეც კი ვიფიქროთ. ეს მყარი სისტემა, განსაკუთრებული ხიბლისა  და ღირებულების მქონე მხატვრული დრო და სივრცე თავისი მსოფლმხედველობით, შინაგანი სისუფთავით, კამკამა, გამჭვირვალე ფერებითა და სიღრმითაა  მიმზიდველი. მასში ყველაზე დრამატული, ტრაგიკული მოვლენებიც კი ადამიანური თანაგრძნობის, სიკეთის და სულების შინაგანი ერთიანობის გამო უცნაურ სიმშივიდეს და სხვა, უფრო ღრმა და ამავე დროს ლირიკულ, ფარული ნუგეშის შემცველ ხასიათს იძენს და სულიად განსხვავებული სახითა და  ხმით  აირეკელება მკითხველის ცნობიერებაში.

                                 მხატვრული დრო და სივრცე ტექსტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი მხატვრული სამყაროს არსებობა და შემდეგ გაანალიზება. თუმცა, ნათელია, რომ დროისა და სივრცის მნიშვნელობა  სხვადასხვა მწერლის შემოქმედებასა და სხვადასხვა ტექსტში განსხვავებულია. თუ ერთგან მხატვრულ დროსა და სივრცეს შეიძლება სრულიად  შეგნებულად მიენიჭოს კონცეფტუალური მნიშვნელობა, მეორეგან მისი არსებობა და ფუნქციონირება იქნებ არც იყოს იოლად შესამჩნევი, რადგან არც ამოტივტივდება  მისი ნიშნები ტექსტის ზედაპირზე. მიუხედავად ამისა, ის მაინც ახდენს დიდ გავლენას როგორც ტექსტის სტრუქტურაზე, ხასიათის განცითარებაზე, სტილზე, ჟანრულ კუთვნილებაზეც კი, ასევე შემდგომში მკითხველის მიერ ნაწარმოების,  ამ  ერთიანი, შეკრული სტრუქტურის აღქმაზე.

                                  რევაზ ინანიშვილის მხატვულ სამყაროში დროსა და სივრცეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება და გარკვეული   თავისებურებებიც ახასიათებს. უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე მწერლის სტილის, მსოფლაღქმის და სამყაროსადმი სრულიად განსაკუთრებული  დამოკიდებულებისგან, შეიძლება ვუწოდოთ მას  ლირიკულ-პირობითი დრო და სივრცე (ანალოგია ეპიკურ-პირობით დროსა და სივრცესთან), რადგან აშკარაა, რომ მწერლის ლირიზმი ვლინდება ტექსტის თითქმის ყველა დონეზე. მისი მხატვრული ქსოვილის ყველა შრე გარემომცველისადმი ლირიკული, ნატიფი, სათუთი და რბილი დამოკიდებულების შედეგადაა შექმნილი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ მისი ტესტები არ არის მრავალშრიანი, ეს მაინც უცაბედი, ზედაპირული შთაბეჭდილებაა, რადგან უფრო დაკვირვებით განჩხრეკისას აშკარად ჩანს, რომ ნებისმიერი ტექსტი, ყველაზე მცირე მიიატურაც კი, რამდენიმე, ერთმანეთთან უფაქიზესი ძაფებით დაკავშირებულ სიბრტყეს შეიცავს, რომელთა საფუძველში დევს სამყაროს აგებულებაზე ფილოსოფიური მსჯელობა, ოღონდ  უკიდურესად შეფარული და სახეობრივ ქსოვილში შებურული, ემოციათა  ნისლში   განზავებული. შემდეგი შრე –  სიცოცხლის  არსის შეგრძნება, ასევე ლირიკული ნახევარტონებით მოწოდებული. ამას მოსდევს კონკრეტული ამბავი ან სურათი, რომელსაც მწერლის, როგორც ფერმწერის ფუნჯი ქმნის და ბოლოს, ღრმა, ფსიქოლოგიურად   უზადოდ დამუშავებული ხასიათების სისტემა, რომელიც ასევე გამჭვირვალე ლირიზმითაა შეფერილი. თუნდაც როგორც მინიატურაში ,, ,,მარადიული პეიზაჟი’’ დედის სახე, გამოკვთილი  საოცრად ფერდოვანი, ღრმა შინაარსისა  და  მარადისობაზე მინიშნების შემცველი  პეიზაჟის ფონზე. ან მინიატურა ,,ბაღი’’,  რომელიც რამდენიმე სტრიქონით გადმოსცემს  სიცოცხლის, დროთა  ცვლილების, შეუქცევადი წრებრუნვის არსს:

                                   ,,ბაღი ლამაზია გაზაფხულზე, ხეხილი რომ ყვავის. უფრო ლამაზია შემოდგომაზე, ფოთლები რომ ცვივა.

                                   გაზაფხულზე ბაღი ხმაურობს, ხმაურობს. შემოდგომაზე მქრქალი ღიმილით დუმს.’’

    მინიატურაში ,,მეჭირნახულენი’’ ვხედავთ ყველა შრეს, დაწყებული ასთა არსის საფუძვლიდან, დამთავრებული ორიოდე შტრიხით მყარად მოხაზული სახეებით, ხასიათებით და მკითხველზე უძლიერესი ემოციური ზემოქმედების  უნარის მქონე გრძნობიერი ველით:

                                  ,,დათესეს ჩემი ნაკვეთის გვერდით ბებრებმა, გიორგიმ და მარიამმა, კარტოფილი, ლობიო და სიმინდი. თესავდნენ ნელა, შეწყობილად. გიორგი ორმოებს აკეტებდა თოხით, მარიამი თესლს უყრიდა. მოვიდა ყველაფერი ლამაზად, კარტოფილიც, ლობიოც, სიმინდიც. გათოხნეს, გაამარმარეს. სხედან ახლა ბილიკზე ერთმანეთის გვერდით და არიან ასე, უყურებენ  თავიანთ ნაშრომს ჩუმად.’’ ესაა მთელი სიცოცხლის აზრი და მშვენიერება მოცემული და არეკლილი ერთ პატარა მინაკვეთში, როგორც წვეთში ზღვა.

                                 ხატვის ასეთი მანერის გამო, მიუხედავად მრავალშრიანობისა, მწერლის მიერ შექმნილი მხატრული დრო და სივრცე არასოდესაა ეპიკური, არამედ ყოველთვის, ნებისმიერი სიუჟეტური სვლის შემთხვევაში, მაინც ლირიკულად რჩება, რაც ქმნის კიდეც მის თვითმყოფადობას. თუმცა ეს განსაკუთრებულობა მხოლოდ ლირიკულობით ვერ შეიქმნებოდა, რომ არა ერთგვარი პირობითობა, ეფემერულობა, რომელიც, ჩემი აზრით, ახასიათებს ამ ტექსტებს. მართალია ის სამყარო, რომელიც აისახება მათში ძალიან მჭიდროდ უკავშირდება ემპირიულ დროსა და სივრცეს, მაგრამ არასოდესაა მისი ანაბეჭდი, ზუსტი ასლი, არამედ შეიცავს პირობითობის, საკუთარ წარმოსახვაში, ფანტაზიის დახმარებით ტრანსფორმირების და განზოგადების ელემენტებს: ეს დრო და სივრცე, რომელიც გაშლილია ჩვენ წინაშე, მისი შემავსებელი მოვლენები, სახეები, ქმედებები, განცდები, მიუხედავად იმისა, რომ ჰგავს რეალურის უკიდურესად დახვეწილ, მაგრამ ზუსტ მხატვულ ანაბეჭდს, მაინც უფრო მეტად არის ის, რაც მწერალს სურს რომ იყოს სამყარო და არა ის, რაც სინამდვილეში არის…

                         მწერალს კი სურს, რომ სამყარო იყოს სიკეთის, თანაგრძნობის, თანადგომის, მშვენიერების, სიყვარულის საუფლპ, სიკეთის ეჭვშეუტანლად ასებობის დადასტურება და ბნელი, ბოროტი, მძიმე მოვლენა თუ სახე, მისი კონცეფციით, მხოლოდ ჩრდილია, რომელიც უკეთ გამოკვეთს ნათელს. იგი შუქ-ჩრდილებით ხატავს იმ პირობით მხატვრულ რეალობას, რომლის დროსაც და სივრცესაც ლირიკულ-პირობითთან ერთად  უყოყმანოდ შეგვიძლია ვუწოდოთ ე.წ. ,,კეთილი დრო და სივრცე’’.

 

1 2 3