რევაზ ინანშვილის ლირიკულ-პირობით დროსა და სივრცეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარსულს. როგორც ყველაფერი ამ მხატვრულ სამყაროში, ისიც არ არის ეპიკური, თუნდაც ეს წარსული ემპირიულ ისტორიულ დროს უკავშირდებოდეს და ჰეროიკულ ან ბატალურ ამბებსაც მოიცავდეს. წარსული მასთან მაინც ლირიკულია. ,,ძონძებში გახვეულ ჯვრებში’’ ვხედავთ წარსულის პატარა ნაფლეთს, პატარა ამბავს, სურათს, რომელშიც, შესაძლოა,  უფრო მეტი თავგანწირვა ჩანს, ვიდრე ბევრ გამართულად მილიტარისტულ ნარატივში. ეს განსაკუთებული ხედვაა, რომელიც ისტორიული დროის ნაკადიდან გრძნობიერ პატარა ხატს, სურათს ამოიტაცებს და წარსულის მნიშვნელოვან, მრავლისმომცველ პარადიგმად აქცევს.

                                ზოგადად წარსული, ხსოვნის ქრონოტოპი დიდ როლს ასრულებს მწერლის მხატვრულ სამყაროში. მისთვის წარსული არასოდესაა ჩავლილი, დასრულებული. ისინი, ვინც ამ  წარულში  არსებობდნენ, უყვარდათ, განიცდიდნენ, სტკიოდათ, ეწამებოდნენ, კვდებოდნენ, კვლავ განაგრძობენ არსებობას, რადგან თხრობისას მწერალი თითქმის მუდმივად იცავ წესს: წარსულზე ყოველთვის ყვება ის, ვისაც ის ზუსტად ახსოვს, ვისთვისაც ძვირფასია, არ ივიწყებს და არაფრის გულისთვის არ დაივიწყებს (,,ყვავის დათესილი კაკალი’’, ,,ანდერძი’’, ქართველი ქალის  სიყვარული’’, ,,სიკვდილი ბაბალე ბადიაურის’’ და ა.შ. ).

                                რევაზ ინანიშვილი მცირე ფორმის ოსტატია და, ბუნებრივია, რომ მის ნაწარმოებებში ხშირად მოზღუდულია სამოქმედო სივრცეც და დროც. მაგრამ, ვფიქრობ, მას აქვს ერთი განსაკუთრებული ნიშანიც: ამ მოზრუდულ დროსა და სივრცეში ხდება არა  მარტო იმ მოცემული ადგილისა და წუთისათვის მნიშვნელოვანი ამბავი, არამედ მწერალი ხსნის და მკითხველის წინაშე სრულად წარმოაჩენს პიროვნებას, ფსიქოტიპს, ხასიათს, მთელი სიცოცხლის საზრისს. ,,ვიღაცას ავტობუსზე  აგვიანდება’’ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმოა, რადგან მოზღუდულ დროსა და სივრცეში გაიხსნა ელენეს სული, მისი გრძნობები, მისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც და ადამიანი მთელი სისავსით წარმოსდგა მკითხველის წინაშე, როგორც არა მხოლოდ უნაკლოდ შესრულებული მხატვრული სახე, არამედ ნამდვილი, რეალური,  სიცოცხლით სავსე არსება.

                                მოთხრობაში ,,წისქვილში რომ წავედი’’ ვხედავ როგორ იქცევა ერთ ღამეში პატარა ბიჭი ნამდვილ ,ღირსეულ კაცად. აქ გამოჩნდა მწერლის განსაკუთრებული თ ვისება – მის მიერ აგებულ, დახატულ  სივრცეში, სადაც უამრავი დეტალია, არც ერთი ხაზი, არც ერთი ფიგურა ან მოძრაობა არ არის უფუნქციო, არ რჩება აზრობივი დატვირთვის გარეშე. ყველაფერი ერთად კი მის უმთავრეს სათქმელს – ადამიანის ადამიანურობამდე მისვლის გზის ჩვენებას ემსახურება. მოზღუდულ სივრცესა და დროში მთელი სიცოცხლის ტოლფასი ამბის გაშლა და საკუთარი მხატვულ-ფილოსოფიური კონცეფციის მათი მეშევეობით გამოკვეთა ნიშანდობლივია მწერლისატვის.

                                რა თვალსაზრისითაც არ უნდა განვიხილოთ, რომელი მხრიდანაც არ  უნდა  მივუდგეთ რევაზ ინანიშვილის სამყაროს, მაინც ყველასგან განსხვავებულია, ახალი, გაუკვალავი გზებით დასერილი, გულისთვის ძალიან ახლობელი სათქმელიის შემცველი. სწორედ ამან განაპირობა ალბათ ის, რომ იგი ერთ-ერთი იმ არც თუ ისე მრავალრიცხოვან მწერალთაგანია, რომლებმაც თავსდაუნებურად ერთგვარი ლიტრატურული დინება შექმნეს, აშკარა მიმდევრები გაიჩინეს. მისი ლირიკული, პოეტური ,,სიტყვის ქვეყანა’’ სუფთაა, ხელშესახები, ცოცხალი. ამავე დროს  მოწყობილია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი  განსაკუთრებული, რაფინირებული  სიკეთის კანონების მიხედვით, რომლებიც იმითაა სწორედ ყველასგან განსხვავებული, რომ არც თავს გეხვევა და გაბეზრებს დიდაქტიკური ელფერის მქონე სახეებით, ხასიათებით და სიტუაციებით და თან მხატვრულად  უკიდურესად დამაჯერებელია. თუნდაც ,,ჩემი წყალჭალის ხმები‘’არის თვითკმარი ილუსტრაცია რევაზ ინანიშვილისეული ალტერნატიული მხატვრული დრო-სივრცისა,  ,,კეთილი დრო-სივრცისა’’, რომელშიც ყველაფერი ბუნებრივია, სადა და ადამიანური სითბოთი სავსე.

1 2 3