ამ სტატიაში შევეხები 2017 წლის სამ ქართულ ფილმს, რომლებიც ქალ რეჟისორებს ეკუთვნით და რომელთა მთავარი გმირებიც ქალები არიან. ეს ფილმებია – „დედე“, „საშიში დედა“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. მე არ ვისაუბრებ ფორმაზე, ესთეტიკურ ნაწილზე, ტექნიკურ ასპექტებსა თუ სტილზე, მხოლოდ  იმ საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, თუ  ქალის როგორი პორტრეტები იკვეთება თანამედროვე ქართულ კინოში.

„დედე“ წარსულში გვაბრუნებს. 90-ანი წლების პირველი ნახევარი, სვანეთი, ტრადიციები, ფონად აფხაზეთის კონფლიქტი და ტიტულოვანი პერსონაჟი ქალი, რომელსაც არჩევანის და სიყვარულის უფლებას ართმევენ და აიძულებენ, იმ ინდივიდს გაყვეს ცოლად, რომელზეც ბავშვობაში დანიშნეს. ცხადი ხდება, კონფლიქტის საფუძველია კრიტიკის ხაზი, რომელიც ვადაგასულ, მავნებლურ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებზე გადის. ვხედავთ, რომ ჩაგვრა მანამდე იწყება, სანამ ის აქტად განხორციელდება. მთავარი თემაა – ქალი პატრიარქალურ კულტურაში, განსაკუთრებით კი არაინდუსტრიულ, ტრადიციულ გარემოში, სადაც მორალური კანონები კონსტიტუციურს აღემატება, საძირკველშივე გასაგნებულია და ავტორიტეტების სურვილებსაა მორგებული, იქნება ეს მამა, ბაბუა, ძმა თუ, მოგვიანებით, ქმარი. ჩაგვრის მექანიზმი ნათელია, მაგრამ როგორ ხდება მასთან დაპირისპირებული ქალის დახასიათება? სიუჟეტში მხსნელად ისევ მამაკაცი გვევლინება, რომელიც მთავარ გმირს ერთი ნახვით უყვარდება და მასთან ერთად გაქცევით არიდებს თავს არსებულ გარემოს. მოგვიანებით მისი გათავისუფლების საილუსტრაციოდ რეჟისორი იღებს სცენას, სადაც დოღში პერსონაჟი მამაკაცებს ეჯიბრება და იმარჯვებს. დედე ძლიერი ქალია, იმიტომ, რომ ცხენს კარგად მართავს. გასაგებია. შეიცვალა კი რაიმეთი მის სოციალური სტატუსი, გარდა იმისა, რომ თავად აირჩია ცხოვრების მეწყვილე? ნული ცვლილება. ახალი ყოველდღიურობა წარსულის იდენტური რჩება, ოჯახის სტრუქტურა კვლავ იერარქიულია, ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჰორიზონტზეც არ ჭაჭანებს და რაც ყველაზე სამწუხაროა, მის მოსაპოვებლად არც არანაირი მცდელობა არაა ნაჩვენები. მას შემდეგ, რაც ქმარს მოუკლავენ, დედე კვლავ ჩაგვრულის როლს უბრუნდება, რადგან გათავისუფლება არც შემდგარა, მოხდა მხოლოდ გაქცევა. დედე ისევ იმ რეალობის წინაშე დგას, როცა სარეცელის გამყოფი მისთვის მიუღებელი ადამიანია, ანუ მორალურად გაუპატიურებული, ფიზიკური გაუპატიურების პოტენციური მსხვერპლი ხდება. თუმცა მესამე აქტი, რომლითაც რეჟისორმა თხრობა უნდა დაასრულოს, შეგუებით მთავრდება. დედეს ბავშვი ავადაა. კაცი, რომელმაც ის დაქვრივების შემდეგ მოიტაცა,  სახლში გამოკეტა, რამდენიმე თვე ტყვეობაში ამყოფა, ემოციური ტრავმებით ამოავსო, ყოველ ღამე ცდილობდა მასთან ჰქონოდა სექსი, მიუხედავად იმისა, რომ ქალისგან არანაირი სურვილი და იმპულსი არ დაუნახავს და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შვილისთვის თბილისიდან წამალს ამოუტანს, დედე გადაწყვეტს, რომ ამ კაცისთვის კარგი ცოლი უნდა გახდეს. და აქ მთავრდება ფილმი. დედე ახალ  ცხოვრებას კვლავ ჩაგვრაში აფუძნებს. შემაძრწუნებელი ის ფაქტი გახლავთ, რომ დასასრული ბედნიერ სენტიმენტებადაა წარმოდგენილი, თითქოს დედე ტანჯვისგან გათავისუფლდა. რეჟისორი მას აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად აირჩიოს თავისი ბედი და ეს  ჩაგვრასთან შეგუებაა.

საინტერესოა.

1 2 3 4