„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ სოცრეალიზმის ენით გვესაუბრება. მთავარი პერსონაჟი მანანა (მგონი, სახელი მანანა ქართველი ჩაგრული ქალის კრებით სახელად ყალიბდება) მშობლებთან, შვილებთან და ქმართან ერთად ცხოვრობს. პარალელურად სკოლაში ასწავლის. ქალის არაღიარებული შრომის სიმძიმე იდეაში ყველაზე თვალნათლივ აქაა აღწერილი. მანანა ცდილობს შვილებზეც იზრუნოს, მშობლებზეც, ქმარზეც და ქმრის სამეგობროზეც, უფრო სწორად, ქმრის სამეგობროზე ზრუნვას მეტწილად თავად ქმარი ინერტულად აიძულებს ხოლმე. ამ ყველაფრისგან გაბეზრებული, კულტურული წნეხით შებოჭილი და ყოველდღიური მსახურის როლში მყოფი მანანა დარწმუნდება, რომ გათავისუფლება აუცილებელია და მიხვდით, ალბათ, რასაც მოიმოქმედებს. რასაკვირველია, სახლიდან გაიქცევა. წინა ორი ფილმისგან განსხვავებით, ეს გაქცევა უფრო საინტერესოა. იმიტომ, რომ დამოუკიდებელ აქტს წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ მანანას სტაბილური შემოსავალი აქვს, იგი ახერხებს, სხვათა დახმარების გარეშე იცხოვროს. აქ მაყურებელს შეუძლია, მარტივად დაინახოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის განათლების მიღება, პროფესიის არჩევა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა, რათა გარდამტეხ სიტუაციებში, შეეძლოს საკუთარი თავის უზრუნველყოფა. მოკლედ, მანანა ცხოვრებაში პირველად მოპოვებული დამოუკიდებლობით იწყებს ტკბობას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი ბილბორდივით უნდა იყოს, ან ალამაზებდეს, ან ამხიარულებდეს გარემოს, ის კვლავ კარნახის და ძალდატანების სამიზნე ხდება. კლასელების შეკრებაზე მას ყოფილი კლასელი (რა თქმა უნდა, მამაკაცი) აიძულებს, იმღეროს და გაართოს შეკრებილები. ეს ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც მანანა გაიგებს, რომ მის ქმარს უკანონო შვილი ჰყავს და ემოციური ტრაგედიის წინაშე დგება. მაგრამ, რასაკვირველია, მისი პირადი დრამა და განცდები არავის ადარდებს. ჩვენთვის მოულოდნელად რეჟისორი სიმღერის სცენას  ისე გვიხატავს, რომ ამ სასიმღერო ნომერში საკუთარ გმირს კომფორტს აპოვნინებს. კაცის მიერ თავსმოხვეული ნარატივი ქალისთვის შვების მომგვრელი გახდება. ძალიან უცნაურია ასეთი შემობრუნება მაშინ, როდესაც ფილმი ცდილობს, მაყურებელს დაანახოს, რამდენად მანკიერია საზოგადოებაში ქალზე დაკისრებული მოვალეობები და როგორ უზღუდავს მას თავისუფლებას პატრიარქალური კულტურა. აქ შეიძლება, შეგვეპასუხონ, რომ სასიმღერო ნომერია, ინოლა გურგულია ყველას აკეთილშობილებს და ა.შ. მაგრამ თუ ტოტალურად შევხედავთ ნამუშევარს, რომელსაც ემანსიპატორული ვნებები ამოძრავებს, ასეთი გამრუდებული რეალობის წარმოჩენა მთავარი მიზნის უარყოფად გარდაიქმნება, ამიტომაცაა აუცილებელი მისი გაკრიტიკება. და რაც შეეხება ფინალს – მანანა აღმოაჩენს, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემის მოსაგვარებლად მაინც ქმრის დახმარება სჭირდება. ვახშამზე, რომელსაც აშკარად რომანტიკული ელფერი დაჰკრავს, ხდება ინციდენტი. მამაკაცის რაინდული საქციელი, რომლითაც ის ცოლის ღირსებას უშიშრად დაიცავს, ქმრისადმი კეთილგანწყობას უბრუნებს მანანას და ეკრანიც ბნელდება.

საინტერესოა.

1 2 3 4