ანუ რა გამოვიდა, ჩაგვრას გაქცეული სამი ქალიდან ერთი ბედს ეგუება, მეორე თავად იქცევა მჩაგვრელად, ხოლო მესამე დროებით ამბოხს აწყობს. რეჟისორები გაქცევაში ხედავენ პირველ ნაბიჯს, შემდეგ კი გზააბნეულები დაეხეტებიან ცარიელ სივრცეებში. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ ფილმში ვხედავთ, რომ ქალისთვის გაქცევა-გათავისუფლება კაცის დახმარების გარეშეც არის შესაძლებელი. თუმცა იმისთვის, რომ მსგავს ფილმებს გამოფხიზლების  ეფექტი ჰქონდეს, აუცილებელია, ისტორიული კონტექსტის ჩვენება, ოჯახში აღმზრდელობითი ეთიკის, რეპროდუქციის უნართან სტატუსის მიბმის, ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმის წარმოჩენა, კლასობრივი ცვლილებების აუცილებლობის ხაზგასმა და ა.შ. სამწუხაროდ, ქალის სექსუალობა კვლავ ხელშეუხებელ თემად რჩება და მისი არსებობის შესახებ არავინ იღებს ხმას. არც ის ჩანს სადმე, რომ ქალთა ემანსიპაცია, აუცილებელია, ქალებისვე ძალისხმევისა და გაერთიანების შედეგად იყოს მიღწეული, სხვანაირად მხოლოდ წესრიგის მოდიფიკაცია მოხდება. ამიტომ ეს ინდივიდუალური სიმამაცის გამოვლინებები ყოველგვარ ეფექტს კარგავს, როდესაც აქტივობების მკვებავად ისევ კაცის ფიგურა გვევლინება. ამ მხრივ ყველაზე სწორი სიუჟეტური მცდელობა 2012 წელს გადაღებულ ფილმშია – „გაიღიმეთ“, სადაც პირდაპირ არის ნაჩვენები, თუ როგორ გარდაქმნის პატრიარქალური მოდელი ქალს სამომხმარებლო ნივთად, როგორ ართმევს ღირსებას ეკონომიკური სიდუხჭირე, როგორ არ არსებობს პოლიტიკური ნება პოზიტიური ცვლილების მისაღწევად და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ აყალიბებს ქალებს შორის კონკურენციას და შუღლს პატრიარქალური მზერა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუძლებელი გახადოს წინააღმდეგობა და საფუძველშივე აღმოფხვრას ქალთა გაერთიანების სიმპტომები. აი, ეს კი მართლა საინტერესო იყო.

ალბათ მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რა მიზნით იქმნება ეს ფილმები: რეალობას ისინი მხოლოდ ირიბად აღწერენ, კონფლიქტის საფუძვლებს არ იკვლევენ, პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტებზე არაფერს გვეუბნებიან. თუ ეს ფილმები ქართველი მაყურებლისთვის იქმნება და მათთვის მავნებლური პრაქტიკის გადააზრების მიზანს ატარებს, მაშინ უბრალოდ ფუჭი მცდელობაა, რადგან მსგავსი აღწერით და ნარატივებით საზოგადოებას კი არა, კონკრეტულ ინდივიდსაც ვერ გარდაქმნი. მაგრამ თუ მიზანი ფესტივალებზე მოგზაურობა და ჩვენი ეგზოტიკურობის თუ არსებული ტოქსიკური გარემოს ჩვენებით უცხო ქვეყნის ჟიურის გულის აჩუყება გახლავთ, მაშინ მისია შესრულებულია.

 

 

1 2 3 4