„საშიში დედა“ ქალის ჩაგვრის საკითხს თანამედროვე თვალთახედვით  უდგება. პირველი რასაც ვეცნობით, მთავარი პერსონაჟის, მანანას ოჯახია. ქმარი მანანასგან ითხოვს ცოლის ყველა ფუნქცია-მოვალეობის შესრულებას – სახლი მუდამ სანიმუშოდ დალაგებული და საჭმელი გემრიელად მომზადებული უნდა დახვდეს. ქალი ქმრისათვის ყოველთვის მიმზიდველად და ვნებისაღმძვრელად უნდა გამოიყურებოდეს, რაც მთავარია, შვილებსაც არაფერს აკლებდეს და სამაგალითოდ უვლიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მანანა მწერალია, მის ამ პროფესიას სერიოზულად არავინ უყურებს, მისგან აქაც ფემინურობის პატრიარქალური ნორმების მორჩილებას ელიან, მაგალითად, „ქალური“, მელოდრამატული ნოველების წერას. ვხედავთ, რომ მანანა იჩაგრება როგორც ოჯახურ, ისე შემოქმედებით სარბიელზე. შედეგად დაგროვილ დისკომფორტს მთავარი გმირი თავის ნაწერებში გამოხატავს და ალეგორიულად აღწერს საკუთარ განცდებს, თუ რამდენად შემზარავ მდგომარეობაში აყენებენ მას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად საკუთარი ოჯახის წევრები. მისი ნაწარმოების გაცნობის მერე, ქმარი ცენზორივით იქცევა და უკრძალავს წიგნის გამოქვეყნებას. იმის ნაცვლად, რომ  კონფლიქტზე მოხდეს რეფლექსია, ამ კონფლიქტის მკვებავი კულტურული საწყისების გამოკვლევა და შეიქმნას სივრცე კომუნიკაციისთვის, რეჟისორი სხვა გზას ირჩევს – მანანა სახლიდან გარბის. გაქცევას მოყვება ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია და სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლებ ორგანული ხდება ქალისადმი თანაგრძნობის გაჩენის შესაძლებლობა, რადგან მისი მხრიდან მხოლოდ მავნებლურ ქმედებებს ვხედავთ, რომელიც ზიანს აყენებს გარშემომყოფებს, იქნებიან ეს შვილები, მოწყვლადი ბუნების პუბლიცისტი თუ ზემოთხსენებული ქმარი. ფილმი, რომელიც ქალის ჩაგვრაზე მოგვითხრობს, საბოლოოდ ისე ანვითარებს ნარატივს, რომ კაცი უფრო საბრალო და დაზარალებული გამოდის.

საინტერესოა.

1 2 3 4