ჩემი ,,თავის კისერი“ მანქანაში ნაჩქარევად ჩავისვი და აქსელერატორის სატერფულს ფეხი მივადგი. თავაუღებლად მესროლა, კავთისხევით გადი, იქ ყველი უნდა ავიღოთო. არადა, მე ავტობანით მერჩივნა, თუმცა აღარ შევწინააღმდეგებივარ. კავთისხევით თუ გინდა და ეგრე იყოს-მეთქი, მხიარულად ჩავილაპარაკე. საქმე გაკეთებული იყო და ახლა ყველის ასაღებად კავთისხევში გავლაც შეიძლებოდა. მართალია, გამიკვირდა, სად მიაგნო ახლა ამან კავთისხევში ყველის გამყიდველს-მეთქი, მაგრამ მისი გრძნეულებრივი ნიჭის ამბავი რომ ვიცოდი, ისიც არ გამიკვირდებოდა, ეს ყოველივე ღამით დასიზმრებოდა. კავთისხევამდე ხმა არ ამოგვიღია. ის სქროლავდა და მე კი ვეღარაფერს  ვფიქრობდი. გაშუშებული მივჩერებოდი გზას და ყურებში შუფუტინსკის ,,ტაგანკა“ ჩამესმოდა. ჩემი ,,თავის კისერი“ უცებ გამოცოცხლდა და ცენტრში, წრესთან გამიჩერეო. მოულოდნელობისგან ნერწყვი გადამცდა და ხველას რომ მოვრჩი, უკვე ცენტრში ვიყავით. მანქანა გავაჩერე და დაღლილმა თავი საჭეს ჩამოვადე. ჩემი ,,თავის კისერმა“, მალე მოვალო და თავზე ხელი გადამისვა. კარგი-მეთქი და ისევ ტირილი მომინდა. რაღაცნაირად ძალიან შემეცოდა ჩემი სამჯერ კაცისმკვლელი თავი. საკუთარი თავის შეცოდებას რომ მოვრჩი, მანქანიდან გადავედი. ცოტა მომშიებოდა და ვიფიქრე, იქნებ, სადმე თონე იყოს-თქო. კავთისხევის ცენტრი შთამბეჭდავად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.  რამდენიმე უსახური მაღაზია, ,,ბირჟაზე“ ლოთები და ერთიც მოწყენილი გაჩერება. მოკლედ, არც თონე და არც სხვა რამ განსაკუთრებული, იმას თუ რა ჩავთვლით, რომ  გაჩერებაზე შავი პლასტმასის პორტფელით ხელში პუტინი იდგა და დედას ემშვიდობებოდა. ეჰ, არ გამოვა ჩემგან პროფესიონალი ქილერი და არ ყოფილა ჩემი ხვედრი პუტინის მოკვლა-მეთქი, ამოვიოხრე და ხელი ჩავიქნიე. პუტინი კი დედამისს რაღაცნაირად მორიდებულად გადაეხვია და ორივე უხილავი ლოყაც დაუკოცნა. ფორმა შეისწორა და ახლად ჩამომდგარ ავტობუსს მარდად შეახტა. უსახურმა ქალმა გვერდით ისე ჩამიარა, შვილისკენ არც კი გაუხედავს. პუტინი კი ავტობუსის უკანა მინაზე გაკრულიყო და დედას თვალს არ სწყვეტდა. ყვითელ, დანჯღრეულ ავტობუსს წინ ,,კიევი“ და უკან კი ,,ფრთხილად, ბავშვები“ ეწერა… და სწორედ მაშინ მივხვდი, რადგან მე პუტინს ვეღარ მოვკლავდი, დედამისი უნდა მომეკლა. დიახ, რაც მას ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი გააჩნდა, სწორედ ის უნდა მომეკლა… მოკლედ, მე მოვკლავდი პუტინის დედას და მერე თავად ვოვაც მოკვდებოდა. ნელ-ნელა, დარდითა და ტანჯვით… სწორედ ისე, როგორც ეკუთვნოდა და შეეფერებოდა.

თბილისში რომ ჩამოვედით უკვე ბნელოდა. ჩემი ,,თავის კისერი“ სახლთან ჩამოვსვი და დავუბარე, მალე მოვალ-მეთქი. ყველი და ხორცი გადაიტანა, ესენი არ გაფუჭდეს და დანარჩენი მერე ამოიტანე, როცა მოხვალო. გამეცინა, ცოტა შეიძლება, დამაგვიანდეს-მეთქი. იმასაც გაეღიმა, არა უშავს, მაინც მიყვარხარო. მეც-მეთქი… იქიდან პირდაპირ პოლიციაში წავედი და აღიარებითი ჩვენება დავწერე. გამომძიებელმა ჩვენება ჩამომართვა და გულდასმით გადაიკითხა. მხრები აიჩეჩა – მაინც ვერ გავიგე, ვინ მოკალიო. პუტინის დედა, პუტინის კასპელი დედაც მოვკალი-მეთქი, თითქმის ჩავყვირე ყურში და შვებით ამოვისუნთქე.

 

 

 

 

1 2 3 4