ამასობაში ორი ტომარა სულ ნარჩევი და საუკეთესო სოფლის ნობათით გაივსო. ჩემი ,,თავის კისერმაც“ მანქანისკენ მიმანიშნა, აბა, ჰე, რას დამდგარხარ, გასწიე წინო. მეც მოვიკიდე ეს უშველებელი ტომრები და ქშენა-ოხვრით მანქანისკენ დავიძარი. მართლია, ძალიან ძნელი იყო ორი ამოდენა ტომრის თრევა, თუმცა მერწმუნეთ, ბევრად უფრო რთული იყო მკვლელობაზე ფიქრი. აბა, როგორი საქმეა, ადგე და კაცი მოკლა? თუნდაც პუტინი… ცოდვა ცოდვად და დანაშაული კი სასჯელად… მგონი, ამ საქმეს არც იქ შემინდობნენ და დიდად არც აქ მომიწონებდნენ. აბა, როდის იყო, კაცის მკვლელებს თავს ევლებოდნენ? ნუ, ფორმალურად მაინც, თორემ ისე სულ ეგრე არ იყო?! თუმცა არსებობდა კიდევ ერთი ვიწრო გასაძრომი, რომელშიც ჩემი სული თუ გაეტეოდა, შეიძლება გადავრჩენილიყავი. გამოსავალი კი ომში მდგომარეობდა. დიახ, თუ ჩვენს ყოფას დაერქმეოდა ომი, პუტინს მოსისხლე მტერი და მე – ჩემი ქვეყნის დამცველი, მაშინ ვინღა შემედავებოდა, კაცი მოჰკალიო? ეს ხომ უფრო თავდაცვა იქნებოდა? საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს დაცვა უცხოელი დამპყრობლისგან? აი, ეს ამბავი კი დადად მეამა. დიახ, ამ კაცის მკვლელობა ნამდვილად სამშობლოს დაცვაში ჩამეთვლებოდა და არა მგონი, იქ, ზეცაში ამ საქმისთვის ვინმეს გავემტყუნებინე. ახლა რჩებოდა აქაური სამსჯავრო. აქ ალბათ ჩაერთვებოდა პოლიტიკა, ინტერესები, გავლენები და იყო იმის ალბათობაც, რომ პირწმინდად გავემართლებინეთ. მეტიც, მარტო გავემართლებინე კი არადა, მედალიც გადმოეცათ. ღირსებისთვისაც… რამე ფულადი ჯილდოც დაემატებინათ. თუნდაც ლარში და ან კიდევ ნატურით… მაგალითად, ფქვილისა და ან კი შაქრის ტომრების სახით. თუმცა ასევე იყო ალბათობა იმისა, რომ მიუხედავად მორალური გამართლებისა, იურიდიულად მაინც გავემტყუნებინეთ და ციხეშიც კი გავეშვით. დიახ, ჩრდილოელი მეზობლის ზედმეტად გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ალბათ გიჟად გამომაცხადებდნენ და გისოსებს მიღმა გამომკეტავდნენ. ტომრების სიმძიმემ ფიქრიც დამიმძიმა. რაღაცატომ  არ მომინდა ციხეში წასვლა. გინდაც გმირის სახელით… ისე კი, იქ ალბათ მაგარი პატივით დამხვდებოდნენ. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა, როდესაც გაიგებდნენ რომ თვით პუტინი გავასაღე. კარგ ადგილზე, ფანჯარასთან ახლოს დამაწვენდნენ და ახლობლების მიერ შემოგზავნილ ,,პერედაჩებსაც“ დაუყვერდებლად გამიყოფდნენ. ყველასთვის საამაყო და დასაფასებელი პიროვნება, თითით საჩვენებელიც კი გავხდებოდი. შეიძლება, ციხეც კი ჩაებარებინათ ჩემთვის. ნუ, სიმბოლურად მაინც. ზედმეტსახელად ,,ვოვაუბიცას“ დამარქმევდნენ და ვიქნებოდი კიდევ ერთი რიგითი უსახელო გმირი. სასეირნოდ გამოსულსაც ბადრაგი თუ პატიმარი რუდუნებით გამაყოლებდა თვალს და მერე თავისთვის ჩაილაპარაკებდა, სადაა სამართალი, თორემ ეს კაცი ციხეში კი არა, მთავრობაში უნდა იჯდესო. ისე გამიტაცა ჩემმა ჰეროიკულმა უსახელო გმირობამ და გისოსებიდან ლურჯი ცის ნაგლეჯის სევდიანი სახით ცქერამ, რომ თვალზე ცრემლიც კი მომადგა. და მერე რა, რომ მავანს შეიძლება ჰგონებოდა, ამ სახედარ-კაცს იმხელა ტვირთი აუკიდებია, სიმწრისგან ტირისო. თუმცა არა, მეგობრებო, მე სიხარულისგან ვტიროდი.

უკანა გზაზე, სანამ ჩემს მეუღლესთან დავრუნდებოდი, რომელსაც ამასობაში ალბათ უკვე მორიგი ტომარა ექნებოდა გავსებულ-მომზადებული, სულ იმას ვფიქრობდი, როგორ მომეკლა ეს მტარვალი პუტინი. თოფი და მშვილდ-ისარი მე არ მქონდა და დიდად არც მათი ხმარება ვიცოდი. ინტრიგების ხლართვისა და შეთქმულებების მოწყობისთვის დრო არ მეყოფოდა. დიდი სიამოვნებით მოვწამლავდი, თუმცა კასპის ბაზარში კარგი საწამლავის შოვნა გამორიცხული იყო. წინ კი ედგა ლიმონათის ბოთლში ჩამოსხმული ჭაჭა, მაგრამ ეგ მაგას არ მოკლავდა. რჩებოდა კიდევ ერთი კარგი და ნაცადი ხერხი.   თავი უნდა გამეხეთქა. ბეისბოლის კეტსა და არმატურის გადანაჭერს მე იქ სად ვიპოვნიდი და მრჩებოდა სულ ბოლო ვარიანტი, რიყის მოზრდილი და ერთობ გლუვი ქვა-ლოდი, რომელიც ჩემ წინ ეგდო და ცდილობდა, ფეხებში წამომდებოდა და წავექციე. ეს უკვე ნიშანი იყო. ქვას დავწვდი და ხელში შევათამაშე. აშკარად არ დაადგებოდა ვოვას პატარა თავუკას კარგი დღე, როცა ეს ლოდი მის გოგრაზე დაეშვებოდა. ძალიან მესიამოვნა. ლოდი ზურგს უკან დავმალე და დანგრეულ ,,რაფს“, უკნიდან მოვუარე. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, ან ახლა და ან კი არასდროს-მეთქი და დახლის წინ მდგარ პუტინს უკნიდან მივეპარე. ქვა აღვმართე და ის იყო თავში უნდა მერეხვა, რომ ტელეფონმა დარეკა. სიმწრით ამოვიგმინე, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და ჯიბეს ვეცი, რათა ტელეფონისთვის ხმა გამეთიშა. ჩემი ,,თავის კისერი“ რეკავდა, სად ხარ, მე მოვრჩი და მანქანასთან გელოდებიო. ეტყობა, გზაში ავცდით ერთმანეთს. რაღაც პატარა საქმე დამრჩა მოსაგვარებელი და მალევე მოვალ-მეთქი, ჩავისისინე. ტელეფონი გავთიშე და ვოვას მეორედ მივეძალე… ის და დედა მისი კი ისევ იქ იდგნენ. ვითომ არაფერი მომხდარიყოს და დამოკლეს მახვილიც თითქოს ჩემს თავზე ეკიდა. ყურებში ჩამდგარი წუილის ხმამ ბაზრის ყაყანი გადაფარა. თავბრუსხვევას გულისრევის შეგრძნებაც შეემატა და მივხვდი, თუ დროულად არ ვიმოქმედებდი, შეიძლება, ნერვიულობისგან გულიც კი წამსვლოდა. ძალ-ღონე მოვიკრიბე და ისევე, როგორც კალათბურთელი ფარქვეშ შესვლისას, ორი ნაბიჯით პუტინს თავს გადავევლე და… უდიდესი ენთუზიაზმით ვთხლიშე თავში ქვა და მიწაზეც წარმატებით დავეშვი. ვოვა დახლზე დაემხო და დურბინდი წააქცია. გაისმა ლინზების მსხვრევის ხმა. მისი კასპელი დედა კი ინსტინქტურად ლიმონათის ბოთლში ჩასხმულ ჭაჭის აყარს დასწვდა და გატეხვას გადაარჩინა. მე როგორ აღმოვჩნდი მანქანასთან, წარმოდგენა არა მაქვს. კიდევ კარგი ჩემი ,,თავის კისერი“ იქ არ დამხვდა. ეტყობა, მობეზრდა ლოდინი და ბაზრის დასაზვერად მორიგ წრეზე წავიდა, თორემ ჩემს დანახვაზე, აუცილებლად გული გაუსკდებოდა. თხუთმეტი წუთი მარტო იმას მოვანდომე, კანკალი შემეწყვიტა და სუნთქვა აღმედგინა. როცა დაბრუნდა, ხალისიანად გავუღიმე და მანქანა დავქოქე. იმან კი მოურიდებლად დამაჯახა, რა გჭირს, რა მამის მკვლელი სახე გაქვსო. უხ, შენი გრძნეულ-ქალობა არ გაიშვას-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ არაფერი მითქვამს, რადგან მამა არა და პუტინი უკვე ნაღდად მოკლული მყავდა.

ქალაქის ცენტრს არ ვიყავი გაცილებული, ჩემი ,,თავის კისერმა“, ხორცის ყიდვა დაგვავიწყდაო. თან ისეთი მწყრალი მზერით შემომხედა, მივხვდი, რომ ეს სწორედ მე არ უნდა დამვიწყებოდა. ხორცის ხსენებაზე დახლზე დამხობილი და თავგაჩეჩქვილი პუტინი გამახსენდა. რაღაცნაირად გული დამიმძიმდა. საერთოდ ვერ ვგრძნობდი ახლა იმ სიხარულს, რომელსაც მეგონა, რომ ვიგრძნობდი, როცა იმქვეყნად გავისტუმრებდი. ისე, ეს ხორცი ხომ არ დავიკიდოთ-მეთქი,  მორიდებით ვიკითხე და ნეტა, არ მეკითხა. ისეთი გამანადგურებელი მზერა მტყორცნა, ეგრევე ხელის მუხრუჭს ამოვუწიე და მანქანაც ადგილზე დაბზრიალდა. დავბრუნდით კასპში. გამიმართლა, რომ ბაზარში მიბრუნება აღარ დამჭირდა. გზად რაღაც დიდი ხორცის მაღაზია შემოგვხვდა და აქ გავჩერდეთო. მანქანიდან არ გადავსულვარ, ვერ ვარ კარგად-მეთქი, რადგან ახალდაკლული დეკეულისთვის რომ შემეხედა, უეჭველი გული ამერეოდა. კარგიო, შემიბრალა და მაღაზიაშიც მარტო გადავიდა. თუმცა მალევე მობრუნდა და ფული მაიტაო. საფულე კი მაინცდამაინც ახლა აღმოჩნდა ცარიელი. მაშინ წადი და სადმე ბანკომატი ნახეო, ჭკუა დამარიგა. რა გაეწყობოდა, ავდექი და წავედი. ხუთას მეტრში მართლაც შემომხვდა ბანკომატი. მის წინ რამდენიმე კაციანი რიგი იდგა. ბოლო ვინ არის-მეთქი ვიკითხე. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, როდესაც ზურგს უკნიდან ისევ ის დამტვრეული ქართული შემომესმა, რომელმაც ბინოკლი 20 ლარი დამიფასა, ჩვენ ვართ ბოლოებიო. ცივად შევბრუნდი და გამაჟრჟოლა… ჩემ წინ ისევ პუტინი და მისი დედა იდგნენ. საღ-სალამათები და უდრტვინველი სახეებით. ეს ისევ თავის ხაკისფერ სამხედრო ფორმაში და ის კი ისევ თავშალებში გამოხვეული. თქვენს მერე ვიქნები-მეთქი, ჩავილუღლუღე და უკან დავუდექი. თვალებს არ ვუჯერებდი და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ახლა აქ მათი ხილვა. თან ყველაფერი იმის მერე, რაც თავს დაატყდათ. დაატყდათ კი – სამკილოიანი რიყის ქვა და მთელი შეგნებული სამყაროს რისხვა… ტირილი მომინდა. ბედისწერა მწარედ დამცინოდა. ერთი პირობა, ისიც გავიფიქრე, ერთი პუტინის, მისი დედის და ახალდაკლული დეკეულის პატრონიც-თქო, გავტრიალდები და უკანმოუხედავად გავიქცევი-მეთქი, თუმცა ადგილიდან ფეხიც ვერ მოვიცვალე. თავში კიდევ ერთმა უცნაურმა აზრმა გამიელვა. მგონი, კიდევ ერთხელ უნდა მეცადა ბედი და პუტინიც კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საბოლოოდ, უნდა მომეკლა.

 

 

 

1 2 3 4