ბანკომატის რიგში იგივეს განმეორება რაც ბაზარში მოხდა, არ გამოვიდოდა. თან მეთოდიც ერთობ არასაიმედო გამოდგა. რამე ახალი უნდა მომეფიქრებინა. ისე, ამ სერიული მკვლელობების ამბავში აშკარად მაკლდა გამოცდილება და კრეატიულობა. თვალიც სულ ქვებისა და ლოდებისკენ გამირბოდა. სასოწარკვეთილი ავწრიალდი და უიმედოდ ამოვიოხრე. თავში ჯიუტად არანაირი საღი აზრი არ მომდიოდა. ძალ-ღონე ერთხელაც მოვიკრიფე, გონება დავძაბე და ერთადერთი მკვლელობის ვარიანტი, რაც ჩემი გონებიდან გამოდნა, ეს იყო პუტინისთვის მანქანა დაჯახება. დიახ, წავსულიყავი მანქანის მოსაყვანად, მერე მაღალი სისწრაფით სავალ ნაწილზე ავმხტარიყავი და  ან ზედ გადამევლო და ან კი სადმე კედელზე მიმეჭყლიტა. გეთანხმებით, საუკეთესო ვარიანტი არ ჩანდა, თუმცა ახლა უკეთესს მაინც ვერაფერს მოვიფიქრებდი. ის იყო მანქანისკეს გავტრიალდი, რომ ქუჩის კუთხეში ათასი წვრილმანის მაღაზიას მოვკარი თვალი. კარგად მენიშნა ეს ამბავი.  ზუსტად სამი წუთი დამჭირდა, რათა მაღაზიამდე მიმერბინა, უშველებელი პურის საჭრელი დანა და ასვატიანი ნათურა მეყიდა და უკან მოვბრუნებულიყავი. გზად გამახსენდა, რომ სადარბაზოში გადამწვარი ნათურა უნდა შემეცვალა. დედა-შვილს კი სწორედ ბანკომატთან მივუსწარი. ბევრი ფიქრისა და განსჯის გარეშე, გავაძრე ჩემი ახლად შეძენილი ყამა და პუტინს ზურგიდან ვეკვეთე. მართალია, ეს უკნიდან თავდასხმა ცოტა ,,მხდალურად“ კი გამომივიდა, თუმცა ახლა კოდექსების გარჩევის დრო ნაღდად არ მქონდა. სამჯერ ჩავეცი ზურგში დანა და როდესაც დავწრმუნდი, ვეღარ წამოდგებოდა, მანქანისკენ უკანმოუხედავად გავიქეცი. სხვათა შორის, დედამისი ადგილიდან არც ახლა განძრეულა. იდგა თავისთვის და დინჯად აჭერდა კოტიტა თითებს ბანკომატის ღილაკებს. მეტიც, ზედაც არ შეუხედავს მის ფერხთით გართხმულ პუტინისთვის. ეს რა უცნაური დედა-შვილობა ჰქონიათ-მეთქი გავიფიქრე, მაგრამ აზრს აღარ ჩავუღრმავდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, მერე პუტინიც კი  შემეცოდებოდა. თურმე კაცს დედის სითბო დაჰკლებია და მაგიტომაც გაბოროტებულა… მანქანამდე გაუჩერებლად ვირბინე. მეგონა, მთელი კასპური ალიაქოთი უკან  მომდევდა. დანას გზად შემხვედრ არხში გადავუძახე და ჩემი ,,თავის კისერს“ მწარედ მოვატყუე, არცერთი ბანკომატი არ მუშაობს, მგონი, დივერსია მოგვიწყვეს-თქო. იმან კიდევ, გადაიკისკისა და ხორცის მაღაზიაში ბარათითაც შეიძლება გადახდაო. წეღან დამავიწყდა მეკითხა და ახლა გავარკვიეო. წადი, გადაიხადე, ხორცი უკვე გადავადებინე და წამოიღეო. აღარაფერი მითქვამს და არც კი შემიგინია. მაღაზიაში აქოშინებული შევვარდი, ანგარიში გავასწორე, ხორცით სავსე პარკს ხელი დავავლე და გარეთ გიჟივით გამოვვარდი. მანქანაში ჩავხტი და სულ ბღუილით მოვწყდი ადგილს. მეგონა, უკვე სამშვიდობოს ვიყავი გასული, უეცრად რაღაც გრძელ ფიცარს რომ გადავუარე. უჩვეულო ტკაცუნის ხმა შემომესმა. ეგრევე მივხვდი, კასპიდან ასე იოლად ვერ გავიდოდი და მანქანაც ახრიალდა. გზიდან გადავედი და გავჩერდი. ავტომობილი გულის ფანცქალით შევათვალიერე და მწარედ გამეცინა. ჩემი ეჭვი გამართლდა და წინა საბურავები გახეთქილი დამხვდა. ჩემი კარმა რაღაცას ურევდა. აშკარად უხილავი ძალების ბრძოლის ეპიცენტრში ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა.

იძულებული გავხდი, ავტოსახელოსნო მეპოვნა და საბურავები შემეკეთებინა. ცენტრში დამბრუნებელი მე აღარ ვიყავი და ბედად ქალაქის განაპირას მდებარე პროფილაქტიკას მივაგენი. ჩემდა სასიხარულოდ, ვულკანიზაციაც იქვე ქონდათ.  ძველი, მაღალჭერიანი სასაწყობე შენობა იყო, სადაც ახლა ავტოსახელოსნო მოეწყოთ. შენობის ერთ ნაწილში მანქანის ელექტოამწევი მოწყობილობა, საბურავების ბალანსირების დანადგარი, კომპრესორი და ერთიც ჭუჭყიანი წყლით სავსე მომცრო ზომის აბაზანა იდგა. იატაკი სულ ზეთით იყო  გაპოხილი. ვიღაც უთითებო კაცმა, რომელიც წინა ცხოვრებაში თეძამზე დინამიტით მოთევზავე ბრაკონიერი უნდა ყოფილიყო, ხელით მანიშნა, მანქანა ამწეზე შემოაგორეო. მეც ჩემი ,,თავის კისერი“ გარეთ ჩამოვსვი და ავტომობილი პროფილაქტიკაში შევიყვანე. უთითებო კაცმა ჯერ ბორბლებს ჭანჭიკები დაუშვა და შემდეგ მანქანას ქვემოდან ამწეს საბჯენები ამოსდო. ჩამრთველ ღილაკს იდაყვით დააწვა და ავტომობილიც ჯაყჯაყით ჰაერში აიწია. უთითებო კაცმა ამწეს მექანიზმს გვერდში ჯოხი შეურჭო და გამიღიმა, გაფუჭებულია ეს დედამოტყნული და გუშინ ლამის კაცი მოგვიკლაო. ასე, ამ ჯოხით ვაჩერებთ, რომ უცებ დაბლა არ ჩამოვარდეს და ვინმე არ მოიყოლოსო. ინსტინქტურად უკან დავიხიე. მართალია, ძალიან მოხერხებული კი ჩანდა ეს უთითებო კაცი, თუმცა, ბორბლები როგორ უნდა გამოეცვალა, წარმოდგენა არ მქონდა. თითქოს ჩემს კითხვაზე პასუხად, ვოვჩიკო, ვიღაცას გასძახა. ეს ვოვჩიკ რაღაც ცუდად მენიშნა. არც შევმცდარვარ.  პატარა ოთახიდან, სადაც ტელევიზორში რუსულ კონცერტს უჩვენებდნენ, ისევ პუტინი და მისი დედა გამოვიდნენ. გავოცდი, მაგრამ არ შემიცხადებია. ეტყობა, არასწორად ვკლავდი ამ ჩემისას და ან კი სხვა რამე ეშმაკის მანქანებაში იყო საქმე. შეიძლება, უბრალოდ, პუტინს რამდენიმე სიცოცხლე ჰქონდა. აი, ისევე როგორც ეს ვიდეოთამაშებშია, მთავარ გმირს რომ რამდენიმე სიცოცხლე აქვს. შესაბამისად და ყოველი სიკვდილის შემდეგ შეუძლია, თამაშის იმ ადგილიდან გაგრძელება, სადაც ბოლოს გააგორეს. ძირითადად, სიცოცხლეების რაოდენობა განუსაზღვრელია, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, პუტინს სამი უნდა ჰქონოდა. ჩემი ბავშვობისდროინდელ ვიდეოთამაშებში იყო ასე და გმირებსაც მხოლოდ სამი სიცოცხლე ჰქონდათ. ამ სამის დახარჯვის შემდეგ კი თამაშს ვეღარ აგრძელებდი და ყველაფერი სულ თავიდან უნდა დაგეწყო. ეს ვოვაც ძველი გამოშვება იყო და წესით მასაც სამი სიცოცხლე უნდა ჰქონოდა. ჰოდა, თუ ორი სიცოცხლე უკვე გამოყენებული ჰქონდა, გამოდიოდა, რომ ბოლო წრეზე იყო და ერთხელაც თუ ჩავაძაღლებდი, ეს უკვე უკანასკნელიც იქნებოდა. ამ აზრმა ხასიათი გამომიკეთა და იმედიც ჩამისახა.

პუტინმა დედამისს რაღაც გადაულაპარაკა და უსახო ქალიც ოთახში შებრუნდა. ტელევიზორში კრემლში გამართულ კონცერტს გადმოსცემდნენ. ისმოდა ტაში და შუფუტუნსკის ,,ტაგანკა“… ვოვამ მანქანას წინა თვლები მოხსნა და შეკეთებას შეუდგა. ჯერ დაბერა და შემდეგ ჭუჭყიან აბაზანაში ჩაყარა. მალევე მიაგნო იმ ადგილებს, საიდანაც ჰაერი იპარებოდა.  მე კი ვიდექი სახეალეწილი და ტუჩებს ვიკვნეტდი. წარმოდგენა არ მქონდა, ახლა როგორღა უნდა მომეკლა ეს ოჯახქორი პუტინი და თან ამჯერად, უკვე საბოლოოდაც. აი, წყალი რომ არ გაუვა ისე… წყლის გასვლაზე რატომღაც გაჭყლეტილი პუტინი წარმოვიდგინე, რომელსაც ყველა ხვრელიდან სისხლი გასდიოდა. ნამდვილად არაჩვეულებრივი აზრი იყო მისი ასფალტის დამგები მაქნანის ქვეშ შეგდება და გაბრტყელება, თუმცა ცოტა არარეალურად მეჩვენა. აბა, სად უნდა მეშოვა ახლა მე აქ ,,კატოკი“? და სწორედ მაშინ გამახსენდა ამწეს მექანიზმში გარჭობილი ჯოხი და უთითებო კაცის სიტყვები, ლამის კაცი მოგვიკლაო… სიხარულისგან კიდეც შევხტი. დაგენძრა ვოვჩიკ-მეთქი და ჩემი ,,თავის კისრისკენ“ გავიქეცი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მშვიდად იყო და პუტინის გაჭყლეტაში ხელს არ შემიშლიდა. აბა, რას შვრები-მეთქი, გზიდანვე მივაძახე და იმან კი ისე, რომ ტელეფონისთვის თვალი არ მოუწყვეტია, მხრები აიჩეჩა და კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა, მალე იქნებაო? კი-მეთქი და სახელოსნოში შევბრუნდი. ჩემი ,,თავის კისერს“ ახლა სოციალურ ქსელში გადაენაცვლა და აღანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. ამ ვირტუალურ სამყაროში საათობითაც კი შეეძლო მედიტირება და თან ტელეფონის ,,სქროლვა“.

პუტინი კი ნამეტანი გამრჯე გამოდგა. ხელთათმანები მოირგო და ისე მოხერხებულად დაფაცურდა, ფორმაც კი არ დაუსვრია. საბურავები მართლაც მალევე შეაკეთა და თითოს ორი უშველებელი ,,ლატკაც“ დაადო. მოლოდინისგან გული მეწურებოდა. ვცდილობდი, არაფერი დამტყობოდა და მოქმედებისთვისაც ზუსტი დრო შემერჩია. და აი, როგორც იქნა, დადგა ნანატრი ჟამი… ვოვამ ავტომობილს ორივე თვალი მიუყენა და ის იყო დაბლა უნდა დაეშვა, რომ საქმეში ჩავერთე. ერთი, ძმურად, ,,გლუშიტელი“ მინახე, რაღაც უშნო ხმას გამოსცემ-მეთქი. პუტინიც დაუზარებლად შეძვრა მანქანის ქვეშ და ,,გლუშიტელს“ გულდასმით დაუწყო თვალიერება. ამწეს მივუახლოვდი და მექანიზმში გარჭობილი ჯოხი მოვსინჯე. ნერვიულობისგან ხელისგულები გამიოფლიანდა. ხელები შარვალზე შევიწმინდე და ჯოხსაც უკეთ მოვეჭიდე. პუტინმა კი ისევ იმ თავისი დამტვრეული ქართულით, ,,გლუშიტელია“ გახეული უფროსოო. აბა, სად-მეთქი და როცა მანქანის ქვეშ უფრო მოხერხებულად დადგა, მეც სწორედ მაშინ გამოვაცალე ჯოხი ამწეს. მოწყობილობამ ერთი დაიხრიალა და პუტინის თავზე მოწყვეტით დაეშვა. მანქანა მიწაზე ბრახუნით დაენარცხა  და ვოვაც ქვეშ მოიყოლა. უთითებო კაცი, რომელიც აქამდე პუტინის დედასთან ერთად კრემლში გამართულ კონცერტს უყურებდა, ოთახიდან შეშინებული გამოვარდა  და როცა გააცნობიერა, რაც მოხდა, თავში ხელები წაიშინა. ასეც ვიცოდი, რომ ეს დედამოტყნული ვინმეს მოკლავდაო. ეცა ამწეს საბჯენებს, მანქანას ქვეშიდან გამოაცალა და აბა, დროზე გამოაგორეო. მეც ჩავხტი ავტომობილში, დავქოქე და პროფილაქტიკიდანაც ისე გამოვედი, უკან აღარც გამიხედავს. მოკლული კაცის  მესამედ დანახვის ნერვები ნაღადად აღარ მქონდა. თანაც გაჭყლეტილის… მხოლოდ პუტინის დედას გავხედე ერთი და ისევ გავოცდი. უსახო ქალი გაუნძრევლად იდგა და ტელევიზორს შესცქეროდა, სადაც ახლა ბასკოვი რუსეთის ჰიმნს მღეროდა. ნამდვილად ძალიან უცნაური ქალი იყო. მე მის შვილს მესამედ ვკლავდი და ის კი ჯიუტად არ იმჩნევდა. სადღაც, გულის სიღრმეში, პუტინი ისევ შემეცოდა. ვინ იცის, დედას რომ ჰყვარებოდა, იქნებ ასეთი დამპალი მართლაც არ გამოსულიყო?

 

 

 

1 2 3 4