იმ დღესაც ისევ ჩემმა მეუღლემ აიჩემა, გინდა თუ არა, კასპის ბაზარში უნდა წავიდეთო. აღარ მიკითხავს, იქ რა დაგკარგვია-მეთქი, რადგან ზუსტად ვიცოდი, პასუხი არ მომეწონებოდა. არც წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა დიდი აზრი და ამიტომაც უხმოდ დავთანხმდი. ისე, უფრო შორსაც კი წავსულვართ ტყემლისა თუ პომიდვრის საყიდლად და ეს ამბავი ამიტომაც აღარ გამკვირვებია. წავედით. ჩავედით კასპში. მივადექით ბაზარს. მანქანა ცოტა მოშორებით გავაჩერე და ეზოში შევედით, სადაც გლეხები ავტომობილის საბარგულიდანვე ჰყიდნენ სოფლის ნობათს. ეგრევე კოჭებამდე ტალახში ჩავხტი. გაბრაზებასა და აქ რა ჯანდაბა გვინდა-თქო, ხმამაღლა ძახილს აზრი აღარ ჰქონდა. და რადგან ძველებს უთქვამთ, კაცი ოჯახის თავია და ქალი კი კისერიო, მეც ჩემი თავის განუყრელ კისერს მორჩილად მივყევი. იმან კიდევ იმდენი იტრიალა და იწრიალა, სანამ ერთ ლოყებღაჟღაჟა ქალს არ მიადგა და ერთი ტომარა კარტოფილი სულ სათითაოდ არ გადაარჩევინა. დიდად არც ეს ამბავი გამკვირვებია, რადგან კარგად ვუწყოდი ჩემი ცოლის გრძნეულებრივი ნიჭის შესახებ, რომელიც გონებადაბინდულ ადამიანებს გასაოცარი რაღაცების კეთებას აიძულებდა. და რადგან ვერც ახლა ამოვხსენი ტომარა კარტოფილის უანგაროდ გადარჩევის საიდუმლო, განზე გავდექი და მეზობლის დახლი შევათვალიერე. ვხედავ, დგას პატარა ტანის ჩამრგვალებული ქალი, რომელიც სულ ერთიანად თავშალებშია გახვეული და რუს მატრონასა ჰგავს. თავზეც თავშალი აქვს წაკრული და სახეც კი არ უჩანს. არადა, არც ისე ცივა, რომ ეგრე ერთთავად თავშალში გამოინასკვო. გვერდით კიდევ ერთი ასევე ტანმორჩილი კაცი უდგას. ძველი, ხაკისფერი სამხედრო ფორმა და ,,ვალინკები“ აცვია. კაცი ქალს დაჟინებით უმზერს და მონოტონურად ყურში რაღაცას ეჩურჩულება. არ გავს ეს კაცი სამხედროს და არც ეს ქალი ჩამოგავს წმინდა მატრონას. აშკარად რაღაც აქვთ გარეგნობაში უჩვეულო და ამაფორიაქებელი. და უცებ ვხვდები, რომ ეს კაცი ძალიან მეცნობა. თავის ამ დგომის მანერით, ფეხის ხშირად მონაცვლებით და უემოციო სახით. მელოტი თავითაც, წვრილი, მონღოლოიდური თვალებითაც და წინ წამოწეული ყვრიმალებითაც. ეს ოჯახქორი ხომ ზედგამოჭრილი ვლადიმერ პუტინია? ჩემს აღმოჩენაზე მეცინება. აბა, სად ეს ჩია კაცი და სად ის სისხლისმსმელი პუტინი-მეთქი? ვბრუნდები ცოლისა და ლოყებღაჟღაჟა ქალისკენ. იქ საინტერესო ისევ არაფერი ხდება. ქალები ახლა ხახვის სათითაოდ გადარჩევით არიან გართულნი. უცებ თავში ერთობ უჩვეულო აზრი მომდის, რომ პუტინის დედაც კასპელია…

ღმერთო, შენ მიშველე-მეთქი და პირჯვარი გადავიწერე. ან ეს ამბავი საიდან მომაგონდა და ან კი ეს უცნაური ხალხი სად გამომეცხადა-მეთქი. გადავიხარხარე კიდეც, თუმცა პირი მაინც მათკენ ვიბრუნე. უსახო ქალი კი ისევ ისე გაუნძრევლად იდგა და ეს პუტინის მსგავსი კაციც ისევ ისე მონოტონურად რაღაცას ჩასჩიჩინებდა ყურში. ძალიან მომინდა, გამეგო რაზე საუბრობდნენ და მათკენ მივიწიე. რაღაც ძველი, ,,რაფის“ მსგავსი მანქანის წინ იდგნენ და სახელდახელოდ მოწყობილ დახლზე ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული ნივთებით ვაჭრობდნენ. აბა, რა საერთო შეიძლება, ახლა ჰქონოდა დიდ, სამხედრო ბინოკლს, გამოყვანილ სალას, ლიმონათის ბოთლში ჩასხმულ ჭაჭის არაყსა და უშველებელი ვარსკვლავის ფორმის ქამრის ბალთას? არც არანაირი… ცნობისმოყვარეობამ მძლია და ბინოკლს დავწვდი. ინსტინქტურად თვალები მოვჭუტე და დურბინდში გავიხედე. გამიჭირდა, მაგრამ მაინც გავარჩიე კაცის მოგუდული სიტყვები, დედა, მე შენს წასაყვანად ვარ ჩამოსულიო. მოულოდნელობისგან პირიც კი დავაღე. წყვილმაც სწორედ ამ დროს შემომხედა. გავწითლდი და მორიდებით ვიკითხე, ბინოკლი რა ღირს-მეთქი? კაცმა დამტვრეული ქართულით მიპასუხა, ოცი ლარიო და ვიგრძენი, ხერხემალი როგორ გამეყინა. ხმაც კი პუტინისა ჰქონდა… ბინოკლი დახლზე ცივად დავდე და მეუღლისკენ შევტრიალდი. გული ისე გამეტებით მიცემდა, მგონი, მთელს ბაზარს ესმოდა მისი ბაგაბუგი. ნუთუ ეს მართლა პუტინი იყო? ნუთუ მისი დედა მართლა კასპელი იყო? ნუთუ მართლა წასაყვანად ჩამოაკითხა? როგორ? რანაირად? ათასი კითხვა დამიტრიალდა თავში და აღელვებისგან სუსტი თავბრუსხვევაც კი ვიგრძენი. ამასობაში, ქალები სტაფილოსა და ჭარხალის გადარჩევას შესდგომოდნენ. კასპელი ქალბატონი ძალიან კმაყოფილი ჩანდა და ხშირად იღიმოდა. ნეტა რა უხაროდა? რაც მას იმ დღეს ჯაფა და მონური შრომა დაადგა, წესით დიდ ხმაზე უნდა ეყვირა, მიშველეთ ხალხო, სულსა მხდიანო და ეს კი არხეინად იღიმოდა. რას გაუგებ ადამიანს… მე კი სულ სხვა რამ ფიქრი შემომჩენოდა და მოსვენებას მაკარგვინებდა. ეს კაცი თუ მართლა ის პუტინი იყო, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოსაც ეგზომ სტანჯავდა, მაშინ მაგის აქედან ასე უქეიფოდ გაშვება არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა. აშკარად რაღაც უნდა მეღონა და კასპიდანაც ისეთი ნასიამოვნები გამეშვა, კმაყოფილს დაექადნა, შემდეგ წელსაც აუცილებლად თქვენთან ჩამოვალო. ისევ გამეღიმა. ალბათ უნდა შემეპყრო და გამეკოჭა. თუმცა მერე შეიძლება, იქ შეკრებილ ხალხს ჩემთვის არ დაეჯერებინა, ბრალი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში დაედო და ეს კაციც გაენთავისუფლებინა. არა, მაშინ აჯობებდა, პოლიცია გამომეძახა და მათთვის მომეყოლა ყველაფერი. თუმცა, დიდი ალბათობით, არც ისინი დაიჯერებდნენ, რომ ეს ,,ვალინკებიანი“ კაცი პუტინი იყო და ეს თავშალებში გამოფსკვნილი ქალი კი დედამისი… მაგრად ავირიე და  სულ მთლად ამებნა გზა-კვალი. არადა, დრო არ ითმენდა. კაცი ადგილზე ცქმუტავდა და აშკარა იყო, აქ დიდხანს გამჩერებელი არ გახლდათ. დროულად უნდა მემოქმედა, თორემ ეს მტარვალი გამასწრებდა და მერე ვინ იცის, კიდევ რამდენი ბოროტების ჩადენას მოასწრებდა, სანამ მიქაელი და გაბრიელი მიაკითხავდნენ. შემდეგ იცოცხლე, კი მოჰკითხავდნენ თავის შავბნელ საქმეებს, თუმცა მანამდე ამ შობელძაღლს უსაქმოდ რა გააჩერებდა? რა გააჩერებდა და სიკვდილი… ზუსტად მივხვდი, რაც უნდა მექნა. დიახ, მე ის უნდა მომეკლა და ამდენი ტანჯვა-წამებისა თუ უბედურების სათავესთვისაც წერტილი დამესვა.

 

 

 

1 2 3 4