დღეისათვის ორი ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და მონუმენტური მნიშვნელობის რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი და ლარს ფონ ტრიერი 2003 წელს კოპენჰაგენში, ტრიერის კინო სტუდია „ზენტროპაში“ შეხვდნენ ერთმანეთს და ბევრი ისაუბრეს მათ საყვარელ ფილმებზე, ამერიკულ ღირებულებებზე, ბავშვობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან თემაზე. საუბარის ჩაწერის დროს, ანდერსონს მხოლოდ სამი ფილმი ჰქონდა გადაღებული, ტრიერმა კი როგორც იქნა დაასრულა „დოგვილი“.

ლარს ფონ ტრიერი: მე მსურს ვისაუბროთ ამ მსახიობების ბიზნესზე, იმიტომ, რომ როგორც გითხარი, ძალიან მიყვარს „მაგნოლია“ და ძალიან ნაცნობი გრძნობა იყო იმ შედეგის ხილვა, რაც გამოწურე მსახიობებისგან და როგორც მითხარი, ეს შეძელი იმით, რომ გიყვარს მსახიობები.
პოლ ტომას ანდერსონი: აჰა.
ტრიერი: რაც შოკისმომგვრელი განცხადება იყო. თუ გიყვარს ისინი – დავუშვათ, რომ ეს სიმართლეა – როგორ მუშაობ მათთან?
ანდერსონი: ისინი ამბობენ ფრაზებს და შემდეგ…
ტრიერი: შენ ამბობ „მზად ხართ?“
ანდერსონი: „წავიდა“.
ტრიერი: წავიდა? და შემდეგ ისინი ფრაზებს ამბობენ?
ანდერსონი: აგიხსნი. როდესაც „მაგნოლია“ დავწერე, მას კონკრეტული მსახიობებისთვის ვწერდი, ამიტომ მესმოდა მათი ხმები თავში, როგორ წარმოთქვამდნენ ფრაზებს და ამ მიდგომით ვწერდი. მსახიობები არ მაშინებენ, იცი რა მაშინებს? ცუდი მსახიობები. კარგი მსახიობი კარგ მუსიკოსს გავს, ცუდი მსახიობი კი საგონებელში მაგდებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მე მომიწევს ვიზრუნო იმაზე თუ რა ვთქვა და რა გავაკეთო. ეს ძალიან დამღლელია, იმიტომ, რომ გინდა ყველაფერზე კონცენტრირდე, ამის მაგივრად კი აწყდები ვიღაცას, ვინც ვერ იმახსოვრებს თავის ფრაზებს ისე, რომ ავეჯს არ შეასკდეს. ამ დროს გინდა რომ მიახრჩო. ძალიან გამიმართლა, რომ პირველი ნამდვილი მსახიობი ვისთანაც ვიმუშავე, ფილიპ ბეიკერ ჰოლი იყო1. ეს არის ადამიანი, რომელიც გვერდში დაგიდგება და სურს შენთან მუშაობა და შენს წინააღმდეგ არ მოქმედებს. ამიტომ, შეიძლება ცოტათი განებივრებული მიდგომა მაქვს, რომ ასე უნდა იყოს ყოველა მსახიობთან მიმართებაშიც და შემდეგ შოკირებული ვრჩები, როდესაც ბერტ რეინოლდსთან მიწევს მუშაობა2 ან ვინმე მის მსგავსთან… ვფიქრობ, რომ შენც გულის სიღრმეში გიყვარს მსახიობები.
ტრიერი: [იცინის]
ანდერსონი: არ ფიქრობ, რომ შენ სასარგებლოდ მუშაობს ის ფაქტი თუ საკუთარი მსახიობები გიყვარს? დისტანციას ინარჩუნებ?
ტრიერი: ვცდილობ არ შევინარჩუნო დისტანცია, მაგრამ მსახიობი ერთადერთი წინაღობაა, რომელიც შენსა და კარგ ფილმს შორის დგას. თუმცა ჩვენ კონტროლზე ვსაუბრობთ. ეს ცოტათი ცხოველების გადაღებას ჰგავს – უკონტროლო არიან.
ანდერსონი: მაგრამ არა ყველა მათგანი.
ტრიერი: არა, და უნდა იყვნენ კიდეც უკონტროლონი. თუ ვინმესგან რაიმე შედეგის მიღება გსურს, ნდობა უნდა განუცხადო, ამიტომ ვაქციე მთელი ეს ქმედება უფრო თამაშად, ვიდრე რეჟისურად. მაგრამ არიან მსახიობებიც და მსახიობებიც. სტელანი [სკარსგარდი] არ არის მსახიობი.
ანდერსონი: ზუსტად ასე ვფიქრობ ფილიპზე [სეიმურ ჰოფმანი] ან ჯონ სი რაილიზე: მსახიობები არ არიან, ოჯახის წევრები არიან.
ტრიერი: ხო, ამიტომ, როდესაც ოჯახის წევრები არიან, იცი რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა. შენი ბიძასავით არიან – იცი რა გამოსდის კარგად და რა არა. რასაკვირველია შეიძლება იმდენად კარგად იცნობდე, რომ შანსი არ მისცე, რაც აგრეთვე უსამართლობაა.
ანდერსონი: უფრო მეტად შეგიძლია ენდო მაგალითად შენ ასისტენტს ან მემონტაჟეს ან ფოტოგრაფს ან კოსტუმების დიზაინერს, ვიდრე მსახიობებს?
ტრიერი: ამჟამად „სინემასკოპით“3 ვიღებ, ამიტომ ამ გიგანტური კამერებით დავრბივარ, ხმის მოწყობილობებით, განათებით, ხომ იცი. ჩემს ირგვლივ ასი კაცია, ვინც თითქოს მეუბნება „წარმატებებიო“ და მიდის და ოთხი საათით მარტო ვრჩებით მე და მსახიობები. ჩემი ყველა შიში ამ ტექნიკაშია, რადგან კლაუსტროფობია მტანჯავს. თუ რამეს არ ვაკეთებ, არაფერი ხდება. ეს ბოლო ოთხი თვეა ყველაზე მეტად დავეშვი ფსკერზე მთელი ცხოვრების მანძილზე და ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ვერ არის ჯანზე.
ანდერსონი: რატომ? ასე ხდება ხოლმე, როდესაც ფილმზე მუშაობას ამთავრებ თუ მანამდე, სანამ გამოუშვებ? გააჩნია ამას სტრუქტურა? აცნობიერებ რატომ ხდება ასე?
ტრიერი: რა თქმა უნდა, სტრუქტურა გააჩნია. როდესაც ფილმს უშვებ, მთელი შენი ენერგია მას მიყვება, ამიტომ აღარ გყოფნის ძალა იმის წარმოსადგენად, რომ გამუდმებით კვდები. ამასთან ბეიდენ-პაუელის [ბოი სკაუტის მოძრაობის დამაარსებელი] მსგავსი განცდა გაქვს, რომ უნდა წახვიდე და რვა კვირიანი მარშირება მოაწყო, რაც კარგია, ეს მაზოხისტური განცდა, რომ უნდა ადგე და თავს ტკივილი მიაყენო და თუ საკმარისად მიაყენებ ტკივილს, მნიშვნელობა აღარ აქვს – შენს სიკვდილს აზრი გააჩნია.
ანდერსონი: შეგიძლია მაგ გრძნობის მოთოკვა წერის პროცესში? ახლა წერ რამეს?
ტრიერი: არა. ალბათ რამაც ასე გადამიყვანა ჭკუიდან, ნიკოლის [კიდმანი] ლოდინია. ძირითადად სცენარს ვწერ და მუშაობას ვიწყებ, მაგრამ რადგან მას უკვე წელიწად ნახევარია ველოდებით, პროცესი შეჩერდა, თავს საშინლად ვგრძნობ. ფილმის გამო არა – თუ გეშინია, რომ მოკვდები, ფეხებზე გკიდია ფილმიც და ისიც თუ როგორ მიიღებენ მას ან ვინ ითამაშებს მასში, მაგრამ ფაქტია, რომ ფილმზე მუშაობა პოზიტიური განწყობის შექმნის გზაა და შენი სისტემიდან ბევრი რამის გათავისუფლების საშუალებაა.
ანდერსონი: რას გულისმობ ნიკოლის ლოდინში?
ტრიერი: მე და ნიკოლმა დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ერთად ბევრი ფილმი შეგვექმნა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ისე გამოვიდა, რომ წელიწად-ნახევრიანი ლოდინის შემდეგ [სანამ კიდმანს სამუშაო გრაფიკი გაუთავისუფლდებოდა], შუალედში არ შემეძლო სხვა ფილმის გადაღება. ტრილოგიაა რაც დავწერე და სამივე სცენარს ერთი მთავარი გმირი ქალი ყავს.
ანდერსონი: როდის გაიაზრე ეს, როდესაც „დოგვილს“ წერდი? იცოდი რომ შეიძლებოდა…
ტრიერი: …არა. დავასრულე, ძალიან მომწონდა პროექტი და ნიკოლიც, ან მისი პერსონაჟი გრეისი, როგორცაა, რადგან ის ცოტათი უფრო აგრესიულია, ცოტათი უფრო ადამიანურია, ვიდრე სხვა პერსონაჟები, ვისთანაც მიმუშავია.
ანდერსონი: მოიცადე, იმიტომ, რომ ის უფრო ადამიანური პერსონაჟია თუ იმიტომ, რომ ადამიანური მსახიობია?
ტრიერი: [ხანგრძლივი პაუზის შემდეგ] იმიტომ, რომ უფრო ადამიანური პერსონაჟია და ნაკლებ ადამიანური მსახიობი, მაგრამ ნიკოლის და გრეისის სინთეზი ძალიან კარგი გამოვიდა, მომეწონა და ვალდებულება ვიგრძენი, რომ გრეისის ისტორია გამეგრძელებინა, ფილმის გადაღების ეს გზა განმეგრძო, რადგან ძალიან მარტივია გამოიგონო რაღაც ახალი, მაგრამ დაუმუშავებელი. ამიტომ თუ რაიმე მქონდა ჩაფიქრებული ამ ფილმით, ვიფიქრე, რომ ხაზი უნდა გამესვა ამისათვის. მე როგორც ვხედავ, ორნაირი რეჟისორები არსებობენ: ისინი, ვინც ყოველ ჯერზე ახალ სტანდარტებს ამყარებენ, მაგალითად კუბრიკი. და ისინი, ვინც აგრძელებენ ერთი და იმავეს კეთებას ყოველ ჯერზე. რასაკვირველია არსებობს ამ ორი ტიპის მიქსიც, მაგრამ როგორღაც, უფრო დაღვინებული ისაა, ვინც ერთსა და იმავეს აკეთებს.

 


1 –  ანდერსონის და ბეიკერ ჰოლის კოლაბორაცია პირველად შედგა რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფილმში „სიგარეტი და ყავა“.
2 – ბერტ რეინოლდსთან ანდერსონმა თავის მეორე ფილმზე „ბუგის ღამეები“ იმუშავა. გადასაღებ მოედანზე მათ შორის ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, რადგან რეინოლდსი თვლიდა, რომ ანდერსონი ზედმეტად თავდაჯერებული იყო და მედიდურად იძლეოდა ბრძანებებს.
3 – ანამორფული ლინზები, რომელიც გამოსახულებას ფართო, სივრცულ ვიზუალს ანიჭებს.

1 2 3 4 5