ანდერსონი: მოთხრობების კრებული აქვს, „ამერიკა და ამერიკელები“ ჰქვია, საოცარი ნამუშევრებია და მინდოდა შენთვის მომეცა. „დოგვილიდან“ აღმოაჩენ მსგავსებებს, გასულ წელს ძალიან ბევრს ნიშნავდა ეს მოთხრობები ჩემთვის. თვითონ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, ვიეტნამის შესახებ წერდა, მაკარტის სასამართლო პრეცესებიდან წერდა, ყველაფერი ნანახი ჰქონდა. დიდებული მწერალი იყო, მაგრამ ამასთან ჟურნალისტიც იყო და ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ავტორი.
ტრიერი: მისი ბევრი ნაწარმოები არ წამიკითხავს, მაგრამ ფილმის თხრობის მანერა ძალიან ამერიკულია, თუმცა მოგვიანებით მითხრეს ასე არააო.
ანდერსონი: ნარატივი? სუფთა ბრიტანულია!
ტრიერი: ბრიტანულიც არაა. ჯონ ჰერტს ვესაუბრე ამის შესახებ, მან თქვა არ არის ბრიტანულიო. გამოდის დანიურ-ბრიტანულია, რომელიც ცდილობს ამერიკული იყოს.
ანდერსონი: იცი, რომ არ გიცნობდე, აზრზე ვერ მოვიდოდი სადაურ ფილმს ვუყურებ, ბევრი შენი ფილმი ტოვებს ამ შეგრძნებას.
ტრიერი: მე მგონი, კარგია რომ ასეა, რადგან დევიდ ბოუისავითაა, ხომ ხვდები… ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ მარსიდან იყო მოსული.
ანდერსონი: როგორ მოგაფიქრდა „დოგვილის“ Young Americans-ით დასრულება?
ტრიერი: პოლ ბეთანი და მე ბოუის ფანები ვართ და როდესაც გადასაღებ მოედანზე დეპრესიული განწყობა დგებოდა, რეპროდუქტორებში ვრთავდით ამ სიმღერას და ყველა ცეკვას იწყებდა. ყოველთვის მიყვარდა ეგ მელოდია, მაგრამ ტექსტი არ მესმოდა. დღესაც არ მესმის ბოლომდე. [იცინის]
ანდერსონი: ნამდვილად. მე მესმის Young Americans!
ტრიერი: მეგონა ტექსტი იყო All night she was the young American, მაგრამ ყოფილა All night she wants a young American,რაც რადიკაურად განსხვავებული ფრაზაა. [იცინის] [საუბრის შეწყვეტა გამოიწვია სატელეფონო ზარმა, რომლითაც პოლ ტომას ანდერსონს აცნობეს, რომ ნიუ იორკის თვითმფრინავზე რეისი ახლოვდებოდა]
ტრიერი: ნუ ღელავ.
ანდერსონი: არ ვღელავ. აღელვებული ვჩანვარ? ლარს, შენს გვერდით ვზივარ, შენ ჩემი გმირი ხარ. ვერ ამაღელვებენ.
ტრიერი: ბუშის გვერდით რომ იჯდე, აღელდებოდი?
ანდერსონი: ბუშმა რომ თეთრ სახლში დაგპატიჟოს წახვიდოდი?
ტრიერი: ვერ გამიადვილებდა თვითმფრინავში ჩაჯდომის გადაწყვეტილებას.
ანდერსონი: გაგთიშავდით, რამდენიმე აბს მოგცემდით, ყველაფერი მორჩებოდა, მანქანაში გადაგიყვანდით.
ტრიერი: დარწმუნებული ვარ ბუშს აქვს ძალაუფლება, რომ თეთრ სახლში მიმიყვანოს თუ მოისურვებს.
ანდერსონი: მაგრამ რომ დარეკოს და გითხრას, „მინდა, რომ თეთრ სახლში მოხვიდე და დამელაპარაკო იმის შესახებ, რასაც ფილმებში ამბობ“, წახვიდოდი?
ტრიერი: არა. [იცინის] შენ?
ანდერსონი: რასაკვირველია. მითხრეს, რომ კლინტონს ყვარებია „ბუგის ღამეები“ და ძალიან ამაღელვა ამ ამბავმა. სიმპატიით განვეწყვე მისდამი. შემდეგ კი თეთრი სახლიდან „მაგნოლიას“ პრინტის გაგზავნა მთხოვეს.
ტრიერი: ჩვენ „წყვდიადში მოცეკვავე“ გაგვაგზავნინეს.
ანდერსონი: თეთრ სახლში?
ტრიერი: კლინტონისთვის, ან მისი ქალიშვილისთვის. მაღაზიაში ვერ მიდიან, შეუძლებელია – ძალიან შორსაა ფილმების მაღაზიები თეთრი სახლიდან.
ანდერსონი: არადა კლინტონს უყვარდა თეთრი სახლის გარეთ სიარული. ღამე მაკდონალდსში დადიოდა ხოლმე. ვფიქრობ თეთრი სახლიდან გაღწევა სურდა.
ტრიერი: ბუშთან შედარებით, კლინტონი კარგი კაცი ჩანდა, არა? საქსოფონზე უკრავდა.
ანდერსონი: ხო, საქსოფონზე უკრავდა და ნაშებს დასდევდა, ეგეთი პრეზიდენტი მოწონს ხალხს.
ტრიერი: როგორც ამერიკელისთვის, რას ნიშნავს შენთვის ამერიკა პოლ?
ანდერსონი: მიყვარს ამერიკა, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანაა, რომელიც არ მიყვარს. თავისუფალი ვარ ქვეყნების სიყვარულში. კალიფორნიაში გავიზარდე და მიყვარს კალიფორნია. დიდი ხნის მანძილზე კალიფორნიას საკუთარი თავის შეგრძნების უნარი გააჩნდა, სანამ შვარცნეგერი გახდებოდა გუბერნატორი. ნიუ იორკი შესანისნავია ამ მხრივ, როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვდვარ, პირველი რასაც შევნიშნავ ხოლმე, ხო, ჯერ ისაა თუ რამდენად მსუქანია ყველა, მაგრამ შემდეგ იმას ვხედავ, რომ ყველა იქაა, ყველა ნიუ იორკშია.
ტრიერი: რას გულისხმობ?
ანდერსონი: ერთდროულად ამაღელვებელია და კომფორტული. ამერიკული სიამაყის განცდა არ გამაჩნია. უბრალოდ ვგრძნობ, თითქოს ყველა იქაა და ერთსა და იმავეს ებრძვის – რომ მთელ მსოფლიოში ყველა ერთი რამისთვის იბრძვის, ყოველდღიურად, მცირე ნაწილი ბედნიერებისთვის.


ტრიერი: ამაში ვერ შეგეწინააღმდეგები, რასაკვირველია ასეა.
ანდერსონი: ცოტა ხნის წინ ხორვატიაში ვიყავი და ასეთი გამოთქმა მოვისმინე: „ყველა ქუჩაზე სხვადასხვა სახელმწიფოა, აქ 87 პოლიტიკური პარტიაა“. იგივეს ვგრძნობ ამერიკის შესახებ. ყოველთვის ვიბრძოლებ ძალაუფლების და მთავრობის წინააღმდეგ. სამუდამოდ.
ტრიერი: მე წარმოვადგენ ყველაფერ იმ კარგს, რაც უნდა იყოს ამერიკა.
ანდერსონი: [იცინის]
ტრიერი: მაგრამ იმის თქმა, რომ მე ვიცი როგორ გახდება უკეთესი შენი ქვეყანა, როდესაც არ ვარ ამერიკელი, ძალიან პროვოკატული ნათქვამი იქნება და რატომაა ასე? საქმე ნაკლებად არის ნაციონალიზმში და საზღვრებში, საქმე პოლიტიკასა და იმ ძირითად იდეაშია თუ როგორ უნდა მოექცე ადამიანებს.
ანდერსონი: „დოგვილის“ სათაური საიდან მოიფიქრე?
ტრიერი: ტომას ვინტერბერგს ვესაუბრებოდი, საკონცენტრაციო ბანაკებზე ვლაპარაკობდით და უცებ საკონცენტრაციო ბანაკებზე საუბარი ამერიკის შესახებ დიალოგად გადაიქცა [იცინიან]. არა, იმაზე ვსაუბრობდით თუ როგორ მოახერხეს დისციპლინის შენარჩუნება და ცხოვრების გაგრძელება საკონცენტრაციო ბანაკებში. მისი აზრით, მათ ხალხი ცხოველებად გარდაქმნეს. თუ ისინი ცხოველები არიან, მათი კონტროლი გაცილებით მარტივია. ადვილია ადამიანის ცხოველად გარდაქმნა: მიეცი საშუალება იყვნენ სასტიკნი, მიეცი უფლება იყვნენ როგორიც სურთ, რომ იყვნენ, ეს იყო სტრატეგიის ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში. შემდეგ ძაღლებზე ვისაუბრეთ და მე ვუთხარი, რომ ფილმს „რაღაც-ვილი“ უნდა რქმეოდა.
ანდერსონი: და ბევრი ვარინატიც აღარ დაგრჩათ.
ტრიერი: [იცინის] სინამდვილეში ბევრი ვარიანტი დარჩა. უცნაური ისაა, რომ ჩემ სიტუაციაში – რომელშიც შენ თავს ვერ დააყენებ – მე ძალიან ბევრი ვიცი ამერიკის შესახებ. ჩემი მედიის 80 პროცენტი, იმ მედიის, რომელსაც ვეცნობი, ამერიკას უკავშირდება, გაზეთების 80 პროცენტი ამერიკასთანაა კავშირში პირდაპირი თუ ირიბი გზით, ტელევიზიის 80 პროცენტი, შეგიძლია ამის წარმოდგენა?
ანდერსონი: მთელ მსოფლიოში ასე არაა?
ტრიერი: კი, ასეა, მაგრამ ეს მე მაყენებს სიტუაციაში, სადაც ამერიკა ჩემი ნაწილი ხდება, მინდა თუ არა ეს, ან გინდა თუ არა ეს შენ – ამერიკა ჩემი ნაწილია. ამიტომ, მაქვს უფლება ვთქვა ნებისმიერი რამ, რაც მომესურვება, რადგან ღვთის გულისათვის, ამერიკის შესახებ იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე დანიის შესახებ.
ანდერსონი: მშვენიერია.
ტრიერი: „მაგნოლია“ სინამდვილეში იმიტომ ვნახე, რომ ჩემი ფილმისთვის მსახიობები ამერჩია, მაგრამ ძალიან მომეწონა. თითქოს ევროპული იერი დაკრავდა, თუმცა ევროპული კინო არ მომწონს, რადგან ძალიან ამერიკულია. გემოვნების ამბავია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა როდესაც ვიღაც ბედავს იმის გაკეთებას, რაც საინტერესოდ მიაჩნია და მე მწამს, რომ ასე იყო „მაგნოლიას“ შემთხვევაში. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დაკმაყოფილება.
ანდერსონი: თითებზე შემიძლია იმ ადამიანების ჩამოთვლა, ვისაც ვენდობი და ვგრძნობ, რომ როდესაც ფილმს ვიღებ, პირველ რიგში ჩემთვის ვქმნი მას. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც მინდა ვაჩვენო ის, ვისაც მინდა, რომ მოეწონოს, მაგრამ არაუშავს თუ არ მოეწონათ, რადგან მეტყვიან თუ რატომ არ მოწონთ, რა მიზეზით, რაც სასიამოვნოა.

 


4 –  ტრიერს ეგონა სიმღერის ტექსტი იყო: „მთელი ღამე ის იყო ახალგაზრდა ამერიკელი“, სინამდვილეში ბოუი მღეროდა: „მთელი ღამე მას სურს ახალგაზრდა ამერიკელი“.

 

1 2 3 4 5