გვიანი შუადღე იქნებოდა, ჩრდილები სწრაფად იხრებოდნენ აღმოსავლეთისკენ, როცა სადღაც ბრონქსის ჯურღმულებში ჯორჯ ვებერი საბოლოოდ მოეგო გონს. აზრზე არ იყო, იქ როგორ მოხვდა. მხოლოდ ის ახსოვს, რომ მოულოდნელად საშინლად მოშივდა, გაჩერდა, ირგვლივ მიმოიხედა და მიხვდა, სადაც მიეყვანა ფეხებს. გაოგნებული გამომეტყველება უნდობლობამ შეცვალა და თან ისე იღიმებოდა, პირი ყურებამდე გახეოდა. მერე დაკუჭულ სიფრიფანა ყვითელ ფურცელს ნაზად გადაუსვა ხელი, გაასწორა და ყურადღებით დაიწყო კითხვა.

ხუთასი დოლარის ჩეკი იყო. მისი რომანი მიიღეს და ავანსიც გადაუხადეს.

ასეთი გახარებული ჯორჯი ჯერ არასდროს ყოფილა. როგორც იქნა, მის კარზეც მოაკაკუნა დიდებამ და ისე საამურად ეპირფერებოდა,  კინაღამ ჭკუიდან გადააცდინა. მომდევნო კვირები და თვეები სასიამოვნო მოლოდინით იყო აღსავსე. წიგნი შემოდგომამდე უნდა გამოსულიყო, მაგრამ მანამდე ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. ფოქსჰოლ ედვარდსმა რაღაც-რაღაცები შესთავაზა, ხელნაწერი შესამოკლებელი და გასასწორებელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯმა თავდაპირველად უარი განაცხადა, საბოლოოდ, მისდა გასაოცრად, რაც ედვარდს სურდა, ყველაფერზე დათანხმდა.

რომანს „მშობლიურ მთებში დაბრუნება“ დაარქვა და რაც კი იცოდა თავისი მშობლიური ქალაქის, ძველი კატაუბას და მისი მცხოვრებლების შესახებ, სულ შიგ ჩაატია. წიგნის ყველა სტრიქონი საკუთარი გამოცდილებიდან იყო გამოხდილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც წიგნის გამოქვეყნება გადაწყდა, ხშირად კანკალი აიტანდა ხოლმე, როცა დაუფიქრდებოდა, სულ რამდენიმე თვეში მთელი მსოფლიო გაიგებს, რაც დავწერეო. უჭირდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ვიღაცისთვის უნებურად ტკივილი მიეყენებინა. თუმცა ახლა ვეღარაფერს უშველიდა, არადა ძალიან ეუხერხულებოდა. რა თქმა უნდა, ეს მხატვრული ნაწარმოები იყო, მაგრამ როგორც ყველა ნამდვილი მხატვრული ნაწარმოები, ცხოვრებიდან იყო აღებული. შეიძლება, ვიღაცას საკუთარი თავი ამოეცნო და განაწყენებულიყო. რა უნდა ექნა? შავი სათვალე და ხელოვნური ბაკენბარდები გაეკეთებინა? საბოლოოდ თავი იმით დაიმშვიდა, ეგებ პერსონაჟები მთლად ისე დამაჯერებლად ვერ დავხატეო, თუმცა სხვა გუნებაზე მყოფი კმაყოფილებას გრძნობდა და ფიქრობდა, რომ მშვენივრადაც გამოუვიდა, ანდა იმედოვნებდა, იქნებ ვერც ვერავინ შენიშნოს მსგავსებაო.

ჟურნალი „როდნი მეგეზინიც“ დაინტერესდა ახალგაზრდა ავტორით და მომავალ ნომერში რომანიდან ერთი თავის გამოქვეყნებას აპირებდა. ამ ამბავმა ჯორჯი კიდევ უფრო აღაფრთოვანა. ერთი სული ჰქონდა, დაბეჭდილი საკუთარი სახელი წაეკითხა და სასიამოვნო მოლოდინში რაღაც უნივერსალურ დონ ჟუანად წარმოედგინა თავი,  რადგან მართლა ყველა უყვარდა – მეგობარი კოლეგები თუ მომაბეზრებელი სტუდენტები თუ მაღაზიის გამყიდველები თუ, თუნდაც, ქუჩაში ჯგროდ შეყრილი უცნობები. „როდნი“, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და საუკეთესო გამომცემლობა იყო მთელ მსოფლიოში, ფოქსჰოლ ედვარდსი კი საუკეთესო რედაქტორი და ამქვეყნად საუკეთესო ადამიანი. ჯორჯს ის თავიდანვე მოეწონა და ახლა უკვე ძველი მეგობარივით ფოქსს ეძახდა. იცოდა, რომ ფოქსს მისი სჯეროდა და ფოქსისთანა რედაქტორის ნდობამ, როცა უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, თავდაჯერება დაუბრუნა და ახალი წიგნის დასაწერად ენერგია შემატა.

უკვე დაიწყო კიდეც ახალ რომანზე ფიქრი, ახალი რომანის მონახაზი უკვე ნელ-ნელა იძენდა ფორმას მის გონებაში და მალე თავის გზას ნახავდა. მაგრამ იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, სერიოზულად რომ უნდა მოეკიდა ხელი და წერა დაეწყო, რადგანაც კარგად იცოდა, რა ტანჯვაც ელოდა. ეს რაღაც ეშმაკი რომ შეგიჩნდება, იმას ჰგავდა, როცა შენზე ბევრად ძლიერი, ზებუნებრივი ძალა გამოძრავებს. შთაგონების შემოტევა ჯორჯისთვის ნიშნავდა დღეში სამოც სიგარეტს, ოც ჭიქა ყავას და თუ შიმშილი თავს არ შეახსენებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, როდის, რამდენს ან სად შეჭამდა. იცოდა, უძილო ღამეები ელოდა, კილომეტრები უნდა ევლო ფეხით, სანამ ისე არ დაიღლებოდა ფიზიკურად, რომ დაძინება მოეხერხებინა, დილით კი სულ მთლად გამოფიტული და გაღიზიანებული იღვიძებდა. ფოქსსაც ასე უთხრა:

– ალბათ ბევრი უკეთესი გზა არსებობს წიგნის დასაწერად, მაგრამ ღმერთია მოწმე, ჩემი ასეთია და მოგიწევთ, თქვენც შეეგუოთ.

„როდნი მეგეზინის“ ნომერი რომ გამოვიდა, სადაც მისი რომანის პირველი თავი იყო დაბეჭდილი, ჯორჯი გულწრფელად ელოდა, რომ დედამიწა შეზანზარდებოდა, მეტეორები ჩამოცვივდებოდა, ქუჩაში მოძრაობა გაჩერდებოდა და საყოველთაო გაფიცვა დაიწყებოდა. მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ მოხდა. ერთი-ორი მეგობარი გამოეხმაურა, ეს იყო და ეს. რამდენიმე დღე ყურებჩამოყრილი დადიოდა, მაგრამ როცა საღი აზრი დაუბრუნდა, თავი დაირწმუნა, რომ ჟურნალში დაბეჭდილი პატარა ნაწყვეტით ახალ ავტორზე აზრის შექმნა შეუძლებელია. გამოვა წიგნი და ნახავენ, ვინ არის და რა შეუძლია ჯორჯს სინამდვილეში. მერე სხვანაირად დაიწყებენ ჭიკჭიკს. ცოტაც უნდა მოიცადოს და აუცილებლად მოვა დამსახურებული დიდება.

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჯორჯს პირველი აღტაცება ცოტა გაუნელდა და შეეგუა ახალ მდგომარეობას, რომ ის იყო ავტორი, ვისი წიგნიც მალე გამოქვეყნდებოდა.  ნელ-ნელა აუღო ალღო გამომცემლობის და იქ ბინადარი ადამიანების მისთვის უცნობ სამყაროს – და მხოლოდ მაშინ დააფასა და გაიგო, რა იყო ფოქს ედვარდსის ჭეშმარიტი ღირსება. ამაში ოტო ჰაუსერი დაეხმარა, ისიც ფოქსივით პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ სრულიად განსხვავებული პიროვნება გახლდათ.

ოტო ჰაუსერი „როდნიში“ რეცენზენტად მუშაობდა და ალბათ მთელ ამერიკაში საუკეთესო რეცენზენტი იყო. შეეძლო, გამომცემლობის რედაქტორიც გამხდარიყო – ძნელად მოსაძებნი და კარგი რედაქტორი – საკმარისად ამბიციური, გამბედავი და მტკიცე ხასიათის ადამიანი რომ ყოფილიყო და ნებისმიერი დიდი რედაქტორის არ იყოს, მუდამ ახალი და საუკეთესო ეძებნა. მაგრამ ჰაუსერი მშვიდად სჯერდებოდა, ყოველდღე ეკითხა უჩვეულო ადამიანების მიერ ნებისმიერ უჩვეულო თემაზე დაწერილი უჩვეულო ხელნაწერები, მაგალითად – „ბრასით ცურვა“, „ალპური ბაღი ყველასთვის“, „ლიდია პინკემის ცხოვრება და გასართობები“, „დოვლათის ახალი ხანა“, და მხოლოდ იშვიათად თუ გადააწყდებოდა მხურვალე ვნებას, ნიჭიერების ნაპერწკალს ან სიხარულის მომგვრელ ჭეშმარიტებას.

ოტო ჰაუსერი პირველი ავენიუს მახლობლად, პატარა ბინაში ცხოვრობდა და ერთხელ ჯორჯს შესთავაზა, საღამოს შემომიარეო. ჯორჯმაც მიიღო მიპატიჟება და ის საღამო სასიამოვნო საუბარში გაატარეს. იმ დღიდან მოუხშირა ოტოსთან სტუმრობას, მოსწონდა კიდეც მასთან ურთიერთობა და თან საგონებელში აგდებდა – უნდოდა გაეგო, ასეთი სუფთა და თავდაჯერებული, რატომ ცხოვრობდა გარიყულივით თუ რაღაცნაირად მიუდგომელი კაცივით.

სახლს თვითონ ალაგებდა. ერთი-ორჯერ დამლაგებელი ქალი მოიყვანა, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა, რომ მათ გარეშეც აუვიდოდა საქმეს. ქალები ისეთი სუფთები და აკურატულები ვერ იყვნენ, მას რომ უნდოდა. როგორც წესრიგის მოყვარულ ადამიანს, სურდა, ყველა ნივთი თავის ადგილას დარჩენილიყო და ღიზიანდებოდა, როცა დაუდევრად გადააადგილებდნენ ხოლმე. ვერ იტანდა არეულობას. სულ რამდენიმე წიგნი ჰქონდა სახლში, ერთ ან ორ თაროს რომ შეავსებდა, „როდნის“ ბოლო გამოცემები და ცოტაც – სხვა გამომცემლებისგან გამოგზავნილი. ჩვეულებრივ, წიგნს წაიკითხავდა თუ არა, ვიღაცას აჩუქებდა ხოლმე, იმიტომ რომ არეულობა არ უყვარდა, იმათ კიდევ არეულობა შემოჰქონდათ. ხანდახან იმასაც ფიქრობდა, წიგნები ხომ არ მეჯავრებაო, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ სურდა, ოთახში ყოფილიყვნენ მიმოფანტული: აშკარად ღიზიანდებოდა.

ჯორჯისთვის ეს კაცი საინტერესო თავსატეხი აღმოჩნდა. ოტო ჰაუსერი შესანიშნავი თვისებებით იყო დაჯილდოებული, მაგრამ არ გააჩნდა არანაირი უნარი, რომ იტყვიან, „ცხოვრებაში თავი გაეტანა“. სიმართლე რომ ითქვას, მას არც ჰქონდა სურვილი, „თავი გაეტანა“. რატომღაც შიში იპყრობდა, აღარ სურდა წინ წასვლა, რასაც მიაღწია, იმას სჯერდებოდა. გამომცემლობის რეცენზენტობა უნდოდა და სხვა არაფერი. რასაც ავალებდა „ჯეიმზ როდნის და კომპანის“ გამომცემლობა, იმას აკეთებდა. ყველაფერს პირნათლად ასრულებდა. როცა სთხოვდნენ, აზრი გამოეთქვა, ისიც გამოთქვამდა, პატიოსანი კაცივით, სინდისი ყოველთვის მშვიდი ჰქონდა, შეუცდომლად და გერმანული ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ამომწურავად აფასებდა ხელნაწერს.

როცა „როდნის“ რომელიმე რედაქტორი, მათ შორის ფოქსჰოლ ედვარდსიც, ჰაუსერს აზრის გამოთქმას სთხოვდა, დიალოგი ზოგადად ასე წარიმართებოდა ხოლმე: – ხელნაწერი წაიკითხეთ?

– დიახ, – იტყოდა ჰაუსერი, – წავიკითხე.

 

1 2 3 4