(ფრაგმენტი რომანიდან )

ასეთი ბედნიერი ჯორჯი არასდროს ყოფილა, თუმცა დანაშაულის გრძნობა კარგ გუნებაზე მყოფსაც ხშირად შეაწრიალებდა ხოლმე. ნამდვილად ძალიან ბედნიერი იყო და ტკბებოდა თავისი ბედნიერებით. ძველმა სიგიჟემ სულ გადაუარა და კარგა ხანია, საუცხოო განწყობაზე გახლდათ, რადგან უკვე ღრმად იყო დარწმუნებული, როგორც იქნა, ჩემი ბედის ბატონ-პატრონი გავხდიო. ჯერ კიდევ სულ ბავშვი იყო, როცა ობოლივით შეიფარეს ლიბია-ჰილში ნათესავმა ჯოინერებმა. იმ დროიდან ოცნებობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნიუ-იორკში  იპოვიდა სიყვარულს და დიდებას და ბედსაც ეწეოდა. უკვე რამდენიმე წელი სრულდებოდა, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც უკვე მოშინაურდა და სიყვარულსაც ეზიარა; ახლა მტკიცედ სწამდა, დიდების და სიმდიდრის მოსაპოვებლად ბევრი აღარაფერი აკლდა.

ყველაზე სანუკვარი ოცნების ახდენის მოლოდინი ნებისმიერისთვის ამაღელვებელი და სასიხარულოა და ამ მხრივ, ჯორჯიც ბედნიერი გახლდათ. და, სხვებივით, ისიც მიიჩნევდა, რომ მხოლოდ საკუთარი დამსახურება იყო, საქმე კარგად რომ წაუვიდა. ვერც იღბალს, ვერც შემთხვევას ან მოვლენების ბრმა განვითარებას ვერ დააბრალებდა წარმატებას. მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღირსებების – თავდაჯერების და თვითკმაყოფილების მადლიერი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჯორჯის გარდასახვაში ყველაზე დიდი როლი მაინც ბედნიერმა შემთხვევამ ითამაშა, რადგან ძალიან, ძალიან უჩვეულო რამ მოხდა.

რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო ნიუ-იორკში, როცა მეტისმეტად აღელვებულმა ლიტერატურულმა აგენტმა, ლულუ სკადერმა დაურეკა. თურმე ჯორჯის ხელნაწერით გამომცემლობა „ჯეიმზ როდნი და კომპანია“ დაინტერესებულა და ამ უდიდესი გამომცემლობის სახელგანთქმულ რედაქტორს, ფოქსჰოლ ედვარდს მასთან გასაუბრება სურდა. რასაკვირველია, წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ხომ ყოველთვის ჯობს, პური მანამ ჩააკრა, სანამ თონე ცხელია? არ ჯობდა, ახლავე წასულიყო ედვარდსთან შესახვედრად?

რა შტერი ვარ, ასე რომ გამიხარდა, ფიქრობდა გზადაგზა ჯორჯი, სავარაუდოდ, ამ ამბიდან არაფერი გამოვა. განა ერთხელ უკვე არ მიუბრუნეს ხელნაწერი? გამომცემელმა გამოუცხადა, მე ამას რომანს ვერ დავარქმევო. იმ კაცმა ისიც კი დაწერა – ჯორჯს სამუდამოდ აღებეჭდა გონებაში დამწუნებლის სიტყვები – „რომანის ფორმა თქვენს შესაძლებლობებს აშკარად არ შეესაბამება“. და ახლა იმავე ხელნაწერზე იყო საუბარი. არც ერთი წინადადება არ შეუცვლია, არც ერთი სიტყვა არ ამოუღია, ესტერის და მის ლულუს გადაკვრით ნათქვამის მიუხედავად, რომ მეტისმეტი სიდიდის გამო, ამ რომანს ვერც ერთი გამომცემელი ვერ მოჰკიდებდა ხელს. გაჯიუტდა, არ უნდოდა, რამე შეეცვალა – ან როგორიც არის, ისე დაიბეჭდება, ან საერთოდ არ დაიბეჭდებაო. დაუტოვა ხელნაწერი ლულუს და თვითონ ევროპაში გაემგზავრა, ღრმად დარწმუნებული, რომ ლულუ სულ ტყუილად ეცდებოდა, გამომცემელი ეპოვა.

სანამ წასული იყო, ხელნაწერზე ფიქრიც კი გულს ურევდა, აღარ უნდოდა გაეხსენებინა ამდენი წლის შრომა, უძილო ღამეები და დიდი იმედები, მთელი ეს ხანი რომ ასულდგმულებდა; ცდილობდა, თავიდან ამოეგდო, იმიტომ რომ დარწმუნებული იყო, რომანი ვერ გამოუვიდა, ვერც თვითონ ივარგა და მთელი ეს მისი ამბიცია და ოცნებები მხოლოდ და მხოლოდ უნიჭო და პრეტენზიული ესთეტის ილუზია იყო. ალბათ მეც გამოყენებითი ხელოვნების სკოლის ისეთივე უვარგისი მასწავლებელი ვარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენიო, ფიქრობდა ჯორჯი და ბედს შეგუებული, შვებულება დაუმთავრდებოდა თუ არა, ისევ იქ დაბრუნდებოდა, საიდანაც გამოიქცა. დაბრუნდებოდა იქ, სადაც გაუთავებლად ლაპარაკობდნენ დიდ წიგნებზე, რომელსაც ვითომ წერდნენ ან აპირებდნენ დაეწერათ, რადგან ყველანი ერთნაირად ცდილობდნენ, გაჰქცეოდნენ ყოველდღიურ მოსაწყენ გაკვეთილებს, თემების სწორებას, შეფასებას და უიმედო მცდელობას, მოსწავლეების დახშულ გონებაში რაიმე გაეღვიძებინათ. თითქმის ცხრა თვე დარჩა ევროპაში და მთელი ამ ხნის მანძილზე, მის ლულუსგან ერთი სიტყვაც არ გაუგია. ასე რომ, უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ მისი ყველაზე შავბნელი წინასწარმეტყველება ასრულდებოდა.

ახლა კი ლულუმ უთხრა, „როდნის“ ხალხი დააინტერესეო. ისე, დიდად არ უჩქარიათ. და საერთოდ, „დაინტერესებაში“ რას გულისხმობენ? სავარაუდოდ, ეტყვიან, უნიჭო ნამდვილად არ ყოფილხართო და თუ რომანს მეტი გულისყურით მოეკიდებით, ოდესმე გამოსაცემად მზად იქნებაო. სხვებისგან სმენოდა, ხანდახან გამომცემლები ჭკუას ხმარობენ და ახალბედა ავტორს წლობით თავგზას უბნევენ, უწუნებენ და უწუნებენ წიგნებს, დროდადრო კი წაახალისებენ, სულ რომ არ დაკარგოს იმედი და აჯერებენ, თითქოს დიდი მომავალი აქვს და დაწუნებული წიგნის შემდეგაც არ უნდა შეწყვიტოს წერა, ვიდრე „თავის თავს არ იპოვის“. მოიცა, აჩვენებს, რომ ის ადვილად გასასულელებელი კაცი არაა! თვალსაც არ დაახამხამებს, იმედგაცრუება რომ არ შეამჩნიონ და არც არაფერს შეჰპირდება!

იმ დილით საგზაო პოლიციელს უჩვეულო ახალგაზრდა კაცი რომ შეენიშნა „ჯეიმზ როდნი და კომპანის“ ოფისის წინ, ვერ მიხვდებოდა, როგორ ძლიერ უჭირდა იმ ახალგაზრდა კაცს გასაუბრების წინ დამშვიდება. საერთოდ თუ შენიშნავდა იმ კაცს პოლიციელი, ალბათ უნდობლად შეათვალიერებდა და დაფიქრდებოდა, ხომ არ აჯობებდა, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად რამე ეღონა ან, ყოველ შემთხვევაში, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა გამოსაკვლევად ბელვიუს კლინიკაში წაიყვანდა, დროის გასაყვანად საუბარი გაება.

იმიტომ, რომ ახალგაზრდა კაცი სწრაფი და არეული ნაბიჯით მიუახლოვდა შენობას, დაბღვერილი, მკაცრად მომუწული ტუჩებით, ქუჩა გადაკვეთა და ის იყო ფეხი უნდა შეედგა გამომცემლობის წინ ტროტუარზე, რომ წაიბორძიკა, შეჩერდა და ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს არ იცოდა, რა ექნა და მერე, აშკარად დაბნეულმა, ძლივს მოახერხა, ნაბიჯი გადაედგა. ეტყობოდა, არ იყო თავის თავში დარწმუნებული; ფეხები მის ნებას უხალისოდ ემორჩილებოდნენ. უცებ ადგილს მოსწყდა, მერე გაჩერდა, მერე ისევ ჩქარი ნაბიჯით წავიდა და კარებთან მისული დაბნეული გაქვავდა. ერთი წამით კარს გაუშტერა თვალი, მუშტებს კუმშავდა და ადუნებდა, მერე უნდობლად მიმოიხედა, თითქოს ეგონა, ვიღაც უთვალთვალებდა. ბოლოს, თავდაჯერებულმა მხრები შეიბერტყა, ღრმად ჩაიყო შარვლის ჯიბეებში ხელები, მიტრიალდა და კარებს გვერდი აუარა.

უკვე ნელა მიაბიჯებდა, პირი კიდევ უფრო მაგრად ჰქონდა მოკუმული, თავი წინ წაეხარა, გეგონება, რაღაც მიზანში ამოეღო და მისკენ მიიწევდა. მაგრამ გამომცემლობის შესასვლელში, წიგნებით გადავსებულ ვიტრინებს რომ გაუსწორდა, ჯაშუშივით ჩუმად გააპარა თვალი, თითქოს, რა ხდებოდა გამომცემლობაში, ისე უნდოდა გაეგო, რომ გამვლელებს ეჭვი არ აეღოთ. ქუჩის ბოლომდე ჩავიდა, გაჩერდა, უკან დაბრუნდა და როცა გამომცემლობას გაუსწორდა, ისევ გააპარა თვალი, ოღონდ სახე არ მიუბრუნებია. ამ უცნაურ მანევრს თხუთმეტი თუ ოცი წუთი იმეორებდა და ყოველ ჯერზე, როცა კი შესასვლელს უახლოვდებოდა, ყოყმანობდა,  ის იყო, უნდა შესულიყო, მაგრამ მოულოდნელად გზას აგრძელებდა.

ბოლოს და ბოლოს, უკვე მეთხუთმეტედ რომ მიაღწია შესასვლელს, კარის სახელურს ჩაებღაუჭა, მაგრამ გველნაკბენივით სწრაფად გაუშვა ხელი. ტროტუარზე დადგა და გამომცემლობის შენობას დაუწყო თვალიერება. ასე იდგა რამდენიმე წუთი, უხალისოდ იცვლიდა ფეხს და მაღალ სართულებს შეჰყურებდა, გეგონებოდა, რაღაც ნიშანს ელოდა. მერე, მოულოდნელად, ყბის კუნთები დაეჭიმა, ქვედა ტუჩი წინ გამოსწია, ეტყობოდა, გადაწყვეტილება მიიღო, ელვის სისწრაფით გადაკვეთა ტროტუარი, კარი ლამის გამოგლიჯა და შენობაში გაუჩინარდა.

ერთი საათის შემდეგ ის პოლიციელი კიდევ სადარაჯოზე რომ მდგარიყო, გამომცემლობიდან გამოსული ახალგაზრდა კაცის უჩვეულო ქცევა უეჭველად ისევ შეაფიქრიანებდა და საგონებელში ჩააგდებდა. კაცი ნელი ნაბიჯით გამოვიდა, თითქოს არ იცოდა, საით მიდიოდა, გაოგნებული სახე ჰქონდა, ხელები მომჩვარულივით ეკიდა და ცალი ხელით დაკუჭულ ყვითელ ფურცელს მიაფრიალებდა. „ჯეიმზ როდნი და კომპანიიდან“ გამოსული ახალგაზრდა კაცი გეგონება ტრანსში იყო. დაქოქილივით მიდიოდა, ნელა და უმიზნოდ, სახეზე ისევ გაოგნებული გამომეტყველება ედო, მერე მიტრიალდა და ჩრდილოეთით, დასახლებული კვარტლებისკენ დააღერა თავი.

 

1 2 3 4