– მერე, რას ფიქრობთ?

– ვფიქრობ, არავითარი ღირსება არ გააჩნია.

– არ გვირჩევთ დაბეჭდვას?

– არა, არ მიმაჩნია ღირსად.

ან:

– წაიკითხეთ ხელნაწერი?

– დიახ, – იტყოდა ჰაუსერი, – წავიკითხე.

– მერე, რას ფიქრობთ? (რა ჯანდაბა ჭირს, თვითონ ვერ იტყვის, რას ფიქრობს?! სულ ძალით უნდა ამოაღერღინო ყველა სიტყვა!)

– ვფიქრობ, გენიალურია.

უნდობლად:

– მართლა?

– მართლა, ჩემი აზრით, ნამდვილად ასეა.

– კი მაგრამ, მოიხედეთ, ჰაუსერ, – აღელვებული განაგრძობს, – თუ რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეა, ის ყმაწვილი, ვინც ეს რომანი დაწერა… ის ხომ ჯერ სულ ლაწირაკია… მისი სახელი არავის არ გაუგონია… სადღაც ნებრასკიდან თუ აიოვადან ჩამოვიდა… სავარაუდოდ, არსად ნამყოფი არ უნდა იყოს… თუ მართლა ასეა, ის ჩვენ აღმოგვიჩენია!

– ნამდვილად აღმოგიჩენიათ. ეს რომანი გენიოსის დაწერილია.

– კი მაგრამ (დასწყევლოს ღმერთმა, რა ჭირს ამ კაცს? როგორ შეუძლია, ასე ილაპარაკოს აღმოჩენაზე – ასე, ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე განაცხადოს, თითქოს საუბარი უბრალო რამეზე იყოს)… კი მაგრამ, თქვენ გინდათ თქვათ, რაღაც ნაკლი მაინც აქვს?

– მე არ მინდა ვთქვა, რომ მას ნაკლი აქვს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს უბადლო ნაწარმოებია.

– ხო მაგრამ (ღმერთო ჩემო, ეს კაცი გამაგიჟებს!)… მაგრამ… შეიძლება ფიქრობთ… ახლა დროული არ იქნება მისი გამოქვეყნება.

– არა, ვფიქრობ, სწორედ ახლა უნდა გამოქვეყნდეს.

– ძალიან დიდი რომაა?

– კი, ძალიან დიდია.

– მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი, – თქვა რედაქტორმა გადაჭრით, – მართალია, ეტყობა, წერის არაფერი გაეგება. არც იცის, რას აკეთებს, სულ ერთსა და იმავეს იმეორებს, გულუბრყვილოა და ზღვარს ვერ გრძნობს, ათჯერ მეტს წერს, ვიდრე საჭიროა… ასეთი მწერალი ასობით გვყავს და ისინი უკეთ წერენ.

– კი, ასობით გყავთ, – ეთანხმება ჰაუსერი, – ეს კაცი გენიოსია, ისინი კი არა. მისი წიგნი გენიოსის დაწერილია, მათი არა.

– ესე იგი, უნდა დაიბეჭდოს?

– დიახ, მე ასე ვფიქრობ.

– მაგრამ (აჰა, იქნებ ახლა გამოვიჭირო, რას მიმალავს)… მაგრამ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ის მთელ სათქმელს ამ რომანში ამბობს? და სხვა რომანის დაწერას ვეღარ შეძლებს?

– არა, სულაც არ ვფიქრობ ასე. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს იტყვი. შეიძლება, სულაც მოკლან, რაც არაერთხელ უქნიათ…

(ღმერთო, ნუთუ ამ კაცს არასოდეს არაფერი არ უხარია?)

– წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოფიტვის საშიშროებას ვერ ვხედავ. ორმოცდაათ ეგეთს კიდევ დაწერს.

– მაგრამ (ღმერთო, ნუთუ ვერ გამოვიჭერ?)… იქნებ ფიქრობთ, ამერიკისთვის ამ წიგნის დრო არ მოსულა?

– არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ძალიან დროულია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ის დაიწერა. ყველაფერი დროულად ხდება.

– ზოგი ჩვენი საუკეთესო კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ რომანის გამოქვეყნება უდროოა.

– ვიცი. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს მათი დრო არ დამდგარა.

– რას გულისხმობთ?

– კრიტიკოსებს სხვა დრო აქვთ. ეს წიგნი შემოქმედის დროით დაიწერა და ეს ორი დრო ხანდახან არ ემთხვევა ხოლმე.

– ესე იგი კრიტიკოსები დროს ჩამორჩებიან?

– ისინი შემოქმედის დროს ჩამორჩებიან, დიახ.

– მაშინ ვერც მის გენიალობას დააფასებენ. ამაზე რას იტყვით?

– ვერაფერს გეტყვით. ჩვენში რომ ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს?

– არა აქვს მნიშვნელობა? რატომ, რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ, რომ წიგნი კარგია და მისი განადგურება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას იტყვის.

– გამოდის რომ, ღმერთო ჩემო, ჰაუსერ, თუ რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეა, დიდი აღმოჩენის მომსწრენი ვყოფილვართ!

– ნამდვილად დიდი აღმოჩენის მომსწრე ბრძანდებით. დიახ.

– კი მაგრამ, სხვას არაფერს დაამატებდით?

– არა მგონია, სხვა რა შეიძლება დავამატო.

 

1 2 3 4