დაბნეული:
– არაფერი, ოღონდ მე მეგონა, ცოტა უფრო აგაღელვებდათ ეს აღმოჩენა! – მერე, როგორც ჩანს, უკვე დანებდა და ხელი ჩაიქნია, – კეთილი, კეთილი! უღრმესი მადლობა!
„როდნიში“ მისი არავის ესმოდა. არ იცოდნენ, რა ეფიქრათ. ბოლოს და ბოლოს მათაც ჩაიქნიეს ხელი, ოღონდ ფოქს ედვარდსი არასოდეს ნებდებოდა – ის არასოდეს დაიზარებდა, ეცადა, რამეს მიმხვდარიყო. როცა კი ჰაუსერის კაბინეტს ჩაუვლიდა – მის პატარა საკანს – ფოქსი ყოველთვის შეიხედავდა ხოლმე. ძველ ნაცრისფერ ქუდს უკან გადაიგდებდა, ის ხომ სამსახურში არასდროს ქუდს არ იხდიდა, მერე დაიხრებოდა, კისერს წაიგრძელებდა, უნდოდა, ზღვისფერ თვალებში ჩამდგარი შეშფოთებული ინტერესით უკეთ შეეხედა მისთვის, გეგონება, ოკეანის ფსკერიდან ამოყვანილ ზღაპრულ ურჩხულს აკვირდებაო. შემდეგ მიტრიალდებოდა და სრულიად გაოგნებული, მხრებჩამოყრილი განაგრძობდა გზას.
ფოქსი მაინც ვერაფერს ხვდებოდა. ვერც ჰაუსერი დაეხმარებოდა, რადგან არაფერი ჰქონდა სათქმელი.
ჯორჯ ვებერმა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, საიდუმლოსთვის ფარდა აეხადა, რაც ორივე გაიცნო. ეს ორი ადამიანი, ფოქსჰოლ ედვარდსი და ოტო ჰაუსერი რომ გცოდნოდა, გენახა, როგორ მუშაობენ ერთ ოფისში თავ-თავიანთი მეთოდებით, ორივეს კარგად გაუგებდი, ალბათ იმაზე უკეთ, ვიდრე თავად ისინი უგებდნენ საკუთარ თავს. ვინაიდან ორივე თავის ნებაზე ცხოვრობდა, ჯორჯს გაუმჟღავნეს საიდუმლო – რატომ ჰგავდნენ ერთმანეთს და ამავე დროს, რატომ იყვნენ ასეთი განსხვავებულები.
შეიძლება, ოდესღაც ოტო ჰაუსერის აუღელვებელ სულსაც წვავდა მწველი სურვილები. ოღონდ ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე გაიგებდა, როგორია, იყო დიდი რედაქტორი. და როცა თავისი თვალით იხილა, მიხვდა, ეს მისი საქმე ვერ იქნებოდა. ათი წელი უყურებდა ფოქს ედვარდსს და უკვე კარგად იცოდა, რა იყო ამისთვის საჭირო: მარად მოგიზგიზე ალი შუაგულ წყვდიადში და გაუნელებელი ჟინი, სრულყო ის, რისთვისაც ეს ალი გიზგიზებს, რაც მხოლოდ სულმა იცის; რაღაც ენით აუწერელი ტანჯვა, როცა ცდილობ, მიაღწიო ნათელ მიზანს და როგორღაც დაიმორჩილო სამყაროს უმეცრების, ქიშპობის, ცრურწმენის და სულსწრაფობის ბრმა და ულმობელი ძალები… და გამუდმებით კრიჭაში გიდგანან სიბერით გამოშტერებულები, თვალთმაქცი შტერები, მეტისმეტი თავაზიანობით, მორალის კითხვით, ფანატიზმით, მეშჩანობით, ეჭვიანობით და შურით გამოშტერებულები და, რაც ყველაზე უარესია, დაბადებით შტერები!
ოჰ, წარმოიდგინეთ, როგორია, სულ ასე იწვოდე, იყო შეპყრობილი და გამოიფიტო მწველი ჟინით! და რისთვის? რისთვის? და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც, ყველასთვის უცნობი ყმაწვილი ტენესიდან, ან ვიღაც ფერმერის ვაჟი ჯორჯიიდან, ან ჩრდილოეთდაკოტელი სოფლის ექიმის ბიჭი – შტერების საზომით უტიტულო, უჯიშო და ცოდვილი – გენიოსი აღმოჩნდა და საკუთარი სიმარტოვის სიტყვით გადმოცემას ცდილობს, წვალობს, როგორმე თავისი ჩაკეტილი სულის და ენაჩავარდნილი ძმების სათქმელი ამოთქვას და ამ უხეში მიწის უკიდეგანო სიბეცეში შესაღწევად თავისი შემოქმედებისთვის ნაპრალი გამონახოს, კვალი დატოვოს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ცხოვრების უდაბნოში – იქ, სადაც სამყაროს სულელური ფანატიზმი, უგუნურობა, სიმხდალე, დამცირება, სულელური მანერები და სიძულვილი უპირისპირდება ყველას, ვინც ჯერ არ გახდარა გამყიდველი და არ გალახულა. და ეს სულელები ან ჩაგიხშობენ მწველ ჟინს დაცინვებით, ქილიკით და განზე გარიყვით, ან შენს ძლიერ სურვილს მოისყიდიან. სწორედ ამისთვის იწვოდნენ და იტანჯებოდნენ ფოქსისთანა ადამიანები – არ მიეცათ უფლება, ვიღაც შთაგონებით აღსავსე და შეპყრობილი ბიჭის სულში ალი ჩამქრალიყო, ვიდრე შტერების სამყარო მას არ დაეპატრონებოდა ან არ დააღალატებდა!
ეს ყველაფერი ოტო ჰაუსერმა იცოდა.
და საბოლოოდ რას იღებს ჯილდოდ ფოქსისთანა ადამიანი? ისევ და ისევ მარტო მოიპოვებს მოულოდნელ წარმატებას და უყურებს, როგორ აღიარებენ სულელები იმას, რაც ადრე თავადვე დაიწუნეს. და კვლავ უნდა ეძებოს მდუმარედ და ელოდოს, ამასობაში კი იგივე სულელები ჩაიჯიბავენ სხვის კუთვნილ ფულს, ამაყად გაჰყვირიან, თითქოს მათი აღმოჩენილი ყოფილიყოს სხვისი ნაღვაწი, როგორც საკუთარ დამსახურებას, ისე ზეიმობენ ხმამაღლა სხვა ადამიანის წინასწარმეტყველების ასრულებას. საბოლოოდ შეიძლება გული გასკდეს – ან ფოქსის გული გასკდეს, ან გენიოსის, იმ გზააბნეული ბიჭის; კაცის სუსტი, პატარა გული აკანკალდება და ფეთქვას შეწყვეტს; სამაგიეროდ, სულელებს მარად უძგერთ გული.
ასე რომ, ჰაუსერს არაფერი ამდაგვარი არ სურდა. ამის გამო არ აიტკივებდა თავს. ეცდებოდა, ჭეშმარიტებას ზიარებოდა და ეს მისთვის საკმარისი იყო.
აი, ასეთი გახლდათ ოტო ჰაუსერი, როცა ის ჯორჯმა გაიცნო. ოტოს მეგობრობა ისე ესმოდა, რომ საკუთარი სულის სარკეში ჩაგახედებდა, სადაც მისი სუფთა, შეულამაზებელი, მოკრძალებული და იდუმალი ერთგულება ირეკლებოდა; ოღონდ, იგივე სარკე, ისე რომ თვითონ ვერც კი ხვდებოდა, ფოქს ედვარდსის მასზე უფრო ძლიერ და უფრო ნათელ გამოსახულებასაც ააშკარავებდა.
ჯორჯს ესმოდა, როგორ გაუმართლა, ფოქსისთანა რედაქტორი რომ შეხვდა. ნელ-ნელა ის აღტაცება და პატივისცემა, ფოქსის მიმართ რომ ჰქონდა, ძლიერ სიყვარულში გადაიზარდა. ჯორჯი გრძნობდა, ფოქსი უფრო მეტი იყო მისთვის, ვიდრე რედაქტორი და მეგობარი. ეჩვენებოდა, თითქოს დაკარგული მამა იპოვა, რომელსაც დიდხანს ეძებდა. ასე რომ, ფოქსი მისი მეორე მამა გახდა – მისი სულიერი მამა.
ინგლისურიდან თარგმნა
თაკო ჭილაძემ
