სადღაა ძლევამოსილი მილიტარისტული ზესახელმწიფოს სახელოვანი არმიის გმირული ნარატივი?! ყველაფერი ისევ და ისევ, უმტკივნეულო, პოლიტკორექტული ჰუმორითაა განეიტრალებული; ჰუმორითაც და მსუბუქი ირონიითაც…
ჯარისკაცები, როგორც არმიის – ამ „დისციპლინარული სივრცის აგენტები“ – მუზეუმის დისციპლინარულ სივრცეში დაიარებიან და „კულტურის სასაფლაოს“ (როგორც პოლ ვალერი ეძახდა მუზეუმს) ათვალიერებენ…
სხვათაშორის, ჯარისკაცები მუზეუმში ასოციაციურად მახსენებენ „გიორგობისთვის“ ეპიზოდს – საბჭოთა არმიელების ექსკურსიას ღვინის ქარხანაში…
ჯარისკაცები ლიბერალური ნარატივითვე შემოდიან „ლაღიძის წყლებში“; მხატვარს ამ შემთხვევაშიც წყალობს „დეტალის ღმერთი“…
ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ეშმაკურად აპარებს ერთ-ერთი გოგონა თვალს „დაქალებისკენ“. ზუსტი კადრ-ეპიზოდია, ვირტუალურად „მსხვილ კადრში“ რომ გადაიზრდება; და ესაა პირთან მიტანილი, თითქმის დაცლილი ჭიქა, რომლის გამჭვირვალე ფსკერიდანაც ვხედავთ გოგონას ტუჩებს; ანდა, მარცხენა კუთხეში მიმდგარი ჯარისკაცი გავიხსენოთ, ცალი ხელი ქამარში რომ ჩაუყვია;
აი, ასეთი, როგორც ვიაჩესლავ ვსევოლოდოვიჩ ივანოვი იტყვის, „კინემა-საგნებითაა“ აღსავსე დიმიტრი ერისთავისეული სურათები; სურათები – ანუ კადრ-ეპიზოდები ქალაქის ცხოვრებიდამ…
ამ სურათებიდანაც ჩანს, „რა კარგად ვცხოვრობდით ცუდად“…
დიმა ერისთავის თბილისურ სურათებში ქალაქის ტექსტის ერთი ნარატივიცაა გარინდებული. მითი – თბილისის, როგორც „მზის და ვარდების მხარის“ შესახებ.
ოღონდ, მხატვარი, რომლის პოლიტკორექტულობაც უკვე გამოვცადეთ, კვლავაც შინაგანი (და გარეგანი) არისტოკრატიზმით ახერხებს, ოფიციალური კულტურის აუცილებელი ნარატივები (თუ მეტანარატივები) გაალღოს და შემთხვევითობის სფეროში გააუჩინაროს.
ასე უქმდება უხეში ანტაგონიზმი რეალობასა და ილუზიას შორის.
ამ ილუზიის თანამდევი ხატი კი თბილისის მზიურობა იყო; და ეს იყო ნიშანიც, რომლითაც არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთლიანად საქართველო გამიჯნა კონტრასტული, ყინვიანი რუსეთისგან ჯერ კიდევ გრიგოლ ორბელიანმა.
საერთოდ, დიმიტრი ერისთავი საქართველოს სულაც არ განიცდის ურაპატრიოტული ნოტებით და მუდამ ინარჩუნებს ჯანსაღ, ირონიულ დისტანციას რეალობისადმი, რომელიც სულაც არაა ისეთი ამაღლებული და რომანტიკული, როგორც ეს კლასიკურ პოეტურ ტექსტებშია რეპრეზენტირებული.
„ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო“…
დიმიტრი ერისთავი აკაკისეული ლირიკული ნარატივის რაბლეზიანულ ტრასკრიფციას გვთავაზობს:
„ხინკალი საქართველოა“…
დიმა ერისთავის ირონიაცა და თვითირონიაც ესთეტიურ-კატეგორიალური ლუპით საცქერი სულაც არაა… ირონია მასთან ის უნივერსალური მარილია, რომლის გარეშეც, გოეთესი არ იყოს, არც ერთი მხატვრული „კერძი“ არ იჭმევა… ოღონდ, ამ მარილს მხატვარი გარედან კი არ „აყრის“ თავის ოპუსებს, არამედ, შიგნიდანვე აზავებს; „პილპილმოყრილ მადლსაც“ შიგნიდან გვთავაზობს…
რაც მთავარია, ესეც (ა)პეტიტია; ყოვედღიურობის აპეტიტი, ერისთავისეული „სახინკლის“ თბილისელი გარგანტუები რომ წარმოგვიდგენენ; და ერთგვარი პოსტტრავმატული ნარატივიცაა, თანაც კარიკატურულობამდე დასული, გროტესკულ-რეალისტურად შეკმაზული ნარატივი, რომლის ავტოციტირებაცაა მხატვრის ბოლოდროინდელი ოპუსი – „სახინკლის“ ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლიენტები კვლავინდებური სიხარბით მიირთმევენ ნიუს – გატიტვლებულ საქართველოს!
ეს უკვე დაქანცული მხატვრის მწარე ნახატი-ხუმრობაა, გრაფიკული პამფლეტია, რომელსაც ჩვეულებისამებრ, „დელიკატური“(sic.) არისტოკრატიზმით შემოგვაპარებს ოსტატი…

დიმიტრი ერისთავის ოპუსებს ლაიტმოტივად დაებედა ერთი გამჭოლი განწყობილება, მხატვრის სამყაროს ონტოლოგიურ საფუძველს რომ უნათებს და უბრალოდ – სიხარული ჰქვია. ერისთავისეული ლუარსაბი და დარეჯანიც ასე არიან გახარებულნი…
თუმცა, სიხარულიცაა და სიხარულიც…
მერაბ მამარდაშვილი სიხარულის „ქართულ ნიჭს“ უკანონო სიხარულს უწოდებს; და სადაც „ასეთი სიხარულია“, იქვეა ნოტა იმ სივრცისა, რომელშიც იგი იშვა; ესაა განსაკუთრებული ტრაგიზმი, თავის თავში რომ შეიცავს აბსოლუტურ ფორმალურ აკრძალვას იმისას, რომ თავისი ტრაგედიით სხვებს, გარშემო მყოფთ, ტვირთად დააწვეს.
სიხარული უბრალოდ, მდგომარეობითი განწყობილება კი არაა, საკუთრივ, სულის „ამაღლებული განწყობილებაა“(ფონ ბოლნოვი), თუნდაც, ყოფიერების გამდიდრების გრძნობა, საგნობრივად წარმართული… გრძნობა, რომლითაც გადაილახება წმინდა განწყობილების ზღურბლი და ასე გვეუფლება როგორც საკუთარი, ისე გარემომცველი სამყაროს მთელი აურწყავი მდგრადობა და სრულყოფილება.
ეს სიხარული ჩვენი ყოველდღიურობის თანამდევი ტანჯვისა და უსასოობისაგან, ხოლო შესაბამისად, მოწყენილობისაგან გათავისუფლებაცაა; ამ დროს კი, ტავტოლოგიად ნუ ჩამითვლით და, დროის დავიწყება ხდება; თუნდაც, დროის მოხსნა; დროის მოხსნა, როგორც დროულობის უდროო ფორმა… საინტერესო ისაა, რომ არა მხოლოდ ექსისტენცის ფილოსოფიაში, არამედ ტოტალიტარულ მეტაფიზიკაშიც განსაცდელი შიშის ფენო(უ)მენოლოგიურ კონტექსტში ამგვარ სიხარულს მით უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა და სულაც არ წარმოგვიდგება, როგორც „ნაკლოვანი მოდუსი“.
ცხადია, „ამგვარ სიხარულს“ საერთო არაფერი აქვს იმ „უვნებელ სიხარულთან“, არისტოტელე კათარზისთან დაკავშირებით რომ მოიხმობს.
დიმიტრი ერისთავის გმირებს სიხარული, როგორც ასეთი, საკუთრივ თინეიჯერულ ასაკში ეძლევათ. ამასთან, ამ სიხარულს ჯერაც არ ახლავს ყოფიერებისადმი აქტიური დამოკიდებულება – ისინი პასიურები არიან; პასიურები და – გულუბრყვილონი…
აქტიურობა სერიოზულია; ამ პერსონაჟებს კი მსუბუქი ნიავი დააქროლებს; ლაღი ნიავი; ყოფიერების ეს ნაივური და პასიური „ძალა“; და ამ სუსტი, სუბტილური „გმირების“, როგორც „უძალოთა ძალაც“ ესაა… ასეთი „უძალოა“ არა მხოლოდ იების გამყიდველი, არამედ ძლევამოსილი საბჭოთა არმიის ჯარისკაცებიც…

 

 

„მარტის მამალი“

 

დიმიტრი ერისთავისეული ნარატივის იმპულსი მაინც „ოტტეპელია“.
ესაა დრო, „როცა ეპოქა დამთავრდა დიდი“, როცა სამყარო, როგორც იქნა, თუნდაც ნაწილობრივ დაუთმეს ადამიანებს.
1957 წლის 17 ნოემბერს მოსკოვში ჩაბრძანებული მაო ძე დუნი ჩინელ სტუდენტებსა და პრაქტიკანტებს ასე ეტყვის: „მსოფლიო გეკუთვნით თქვენ და იმავდროულად, ჩვენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, თქვენ“.
ეს სიტყვები ნიკიტასაც შეეძლო ეთქვა, ხრუშჩოვს…
სხვათაშორის, „ოტტეპელის“ ხელოვნება, როგორც საბჭოური ლირიკული იმპრესიონიზმი, არა იმდენად ხრუშჩოვის, არამედ მალენკოვის სახელს უკავშირდება.

„ოტტეპელი“, როგორც მოულოდნელი დათბობა, არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ისევ არ აცივდებოდა, ისევ არ დაზამთრდებოდა.
გაზაფხულს ხომ სიცივის შემობრუნებაც სჩვევია. ასეთია მარტის ამინდი – ვერ ენდობი.

მარტი რომ წინ გედგას, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო…
და ამიტომაც, ამ ეპოქის ყველა არტისტი, მათ შორის დიმა ერისთავიც, თითქოსდა ჩქარობდნენ, ცდილობდნენ, მოესწროთ; რაც შეიძლება მეტი მოესწროთ…
მოკლედ, „მარტის მამალმა“ იყივლა…
„ო, მარტი, მარტი“. ეს უკვე თამაზ ჭილაძეა…
50-იანი წლების მიწურული საბჭოური კულტურის სეზონია – კოლექტიურ გმირს ინდივიდუალისტი ჩაენაცვლა. თუმცა, 60-იანი წლების დამდეგისათვის „ტიტანის“ მოდერნიზებული ხატიც იძერწება.
დიმა ერისთავმაც მოხერხებულად გაიარა გზა მოდერნიზებული საბჭოეთის სცილასა და ქარიბდას შორის, და საერთოდ, ევგენი ევტუშენკოს მიერ ქართველ მხატვარზე დაწერილი ესსეს სათაურს თუ დავესესხები, „სიმძიმესა და სინაზეს“ შორის.
„ეს ის დრო იყო, როცა უმიზნოდ გამოდის ხოლმე ქუჩაში ხალხი“…
„მკაცრი სტილით“ თუ ვიტყვი, ეს იყო ყოველდღიურობის რეაბილიტაცია არა მხოლოდ მკაცრი განაწესებისაგან – დისციპლინარულ-ყაზარმული იდეურობისაგან თუ სავალდებულო „კულტურული სამსახურისაგან“ გათავისუფლება, არამედ, ტოტალური ერთფეროვნებისა და უნიფორმისაგან ემანსიპაციაც; პრივატულის, სუბკულტურულის, სპეციალიზებულის დაშვება.
დიმიტრი ერისთავმა ასევე მოხერხებულად, პეწიანად, მოხდენილად გაითავისა ისეთი ტრივიალური კლიშე, როგორიცაა „ცხოვრების სიმართლე“ და კვლავინდებურად ყოველდღიურობის, ჩვეულებრივობის, სადაგი დღეების პოეტური რეაბილიტაციის ფორმით შესთავაზა პუბლიკას; მით უფრო, რომ ეს „ფორმულა 1“ უკვე აღარ ატარებდა ჰეროიკულისა და „ისტერიული ისტორიულობის“ ხასიათს.
პოსტუტოპიურ რომანტიზმსა და ყბადაღებულ „გულწრფელობასაც“ მოუხადა ხარკი, ყოფა- ცხოვრებიდან ექსისტენციური ღიაობის ნარატივად გარდასახა და გულახდილობის, სილბოს, ურთიერთგაგების დამაყვავებელი ჰუმორის ინტონაციით გაათბო.
მხატვრის ფანტაზია ერთობ ლიმიტირებულია. ის არასოდეს ყოფილა „საკუთარი წარმოსახვის ჟურნალისტი“ (არც „რეპორტიორი“) და ქალაქის მხატვრად დარჩა.
მას არ იზიდავს, როგორც სოკრატე იტყოდა, „ხეები ტყეში“. ერისთავის ინტერესის საგანია „ადამიანები ქალაქში“; ეს ადამიანები ხეებივით აშოლტილები (და არა გახევებულები) დაიარებიან ქალაქში – ჩვენკენ მოემართებიან და მაყურებლის სივრცისაკენ ილტვიან; ასეთი მსვლელობითაც ვლინდება მხატვრის კინოხედვა.
რაც შეეხება „ხეებს ქალაქში“ (აქ ლია სტურუას პირველი კრებულიც მახსენდება), დიმა ერისთავის ნახატებში ისინი „სხვანაირად“ გამოიყურებიან – ტოტებშეკრეჭილნი და გამარგლულნი
„კულტურულად“ იცქირებიან.
ერთ ბოლოდროინდელ ნამუშევარში – „კვირადღე“ – პასტელში შესრულებულ ამ ოპუსში არის რაღაც კვატროჩენტისტულიც (თუ კვაზიკვატროჩენტისტული); ფარული, და, იქნებ, სულაც პლერომატული დიალოგი რენესანსულ დისკურსთან…
ერისთავის ადრეული მხატვრობა, როგორც გასული საუკუნის 50-60-იანი წლების გზაგასაყარის
„ახალგაზრდული კულტურის“ გამოხატულება, (გა)თავისუფლებისა თუ დემობილიზაციის ინფანტილური ეიფორიაცაა, როგორც ანდრეი ვოზნესენსკის ერთ ლექსში: „Всё кончено, всё начато-айда в кино!“
და დიმა ერისთავმაც მოკურცხლა… კინოში; როგორც ფიგურალური, ისე პირდაპირი გაგებითაც კინოს მიაშურა.
„айда“-ზე გამახსენდა, დიმა ერისთავთან არაფერია „ოპერული“ და მით უფრო, „ოპერეტული“; და საერთოდ, თეატრალურობა მისთვის უცხო „იმიჯია“.
და ისევ „ოტტეპელი“ – ეს უცნაური დემბელი.

 

 

 

1 2 3 4 5 6