ყირის აჭიმვა – აბდუქცია

 

დიმიტრი ერისთავის სამყარო ანტიუტოპიურია; ბევრი მისი პერსონაჟი „იყო შაშვი მგალობელის“ გმირივით (თუ ანტიგმირივით) „ფუჭად“ ცხოვრობს; მისი „მესაათე“ თუ „მეცნიერიც“ კი თავისთვის ფუსფუსებენ; ამ გაგებით, მათი „საქმიანობა“ ერთგვარი „იდეალისტური იდიოტიზმია“.
შემდეგ: უტოპია კოლექტიური სხეულის დღესასწაულია; ინდივიდი აქ ანიჰილირებულია, ერისთავთან კი კოლექტიური სხეულის ენას ინდივიდის ენა ცვლის.
მაგრამ ამ სამყაროში კოლექტიური ენის როლან ბარტისეული „გუგუნიც“ ისმის; ეს ქალაქის ენაა, ურბანული ენა; ქალაქი ის სივრცეცაა, სადაც ილექება ქვედა ფენების სხეული; ეს ქვედა ფენები კი მხატვრის ქალაქურ კადრ-სცენებში, თავიანთი ქვედა კიდურებით, ფეხებით უფრო გვეცნაურებიან; ოღონდ, ამ ფეხებშიც „რაოდენი სიყვარულია“?! და კიდევ: ინტიმი…
სხვა საქმეა ინტიმიზაცია; ესაა სამყაროს ერთგვარი გარდასახვა, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ერთნაირობა – ყველასათვის. ისევე როგორც ნებისმიერი მასა ამრუდებს სივრცეს და თავისებურად ცვლის მის გეომეტრიას, მეორე ადამიანის არსებობაც (ადამიანისა, „რაღაცნაირად“ რომ მიემართება, ანუ აღიქვამს ცხოვრებას) საკუთარსავე სიცხადეს აღიქვამს და ვალდებულია, იმდენად შეცვალოს სამყარო, რომ გაფართოების გრძნობა დაბადოს; ამასობაში, გაუგებარიც ხდება, თუ ვინაა ამ ახალი, გაფართოებული ყოფიერების წვდომის სუბიექტი, ვინ – ამ წვდომის ობიექტი და ვინ – თავად ეს ყოფიერება.
დიმიტრი ერისთავი გრძნობს, რომ ადამიანი გამუდმებით ვერ იქნება ინტიმიზაციის სიტუაციაში და ამისათვის სჭირდება თავისი გმირების საპირისპირო „მექანიზირება“-ობიექტივაცია, რომელიც ადამიანურ ექსისტენციასა და კულტურულ თვითრეფლექსიაში ღირებულებით შკალაზე რეგულირებას გულისხმობს და როგორც კარგი მეოჯახე, თავისი პერსონაჟების სოციალურ როლებს განკარგავს.
ეს ინტიმიზაცია მხატვრის სურათებში არა გაელვებულ, არამედ გულდასმით „ჩახატულ“ ნივთებს, როგორც მედიატორულ ტოპოსებს, ხდომილებად აქცევს; ამ გაგებით, ჩვენ წინაშეა მოდელი: ინტიმიზაცია VS მიზნობრივად გაუცხოება; გაუცხოება ხომ, პირიქით, ხდომილებას აქცევს საგნად?!
დიმა ერისთავი თავისი პერსონაჟების ჟესტებსაც მუდამ მიზნობრივად და მოტივირებულად (წარ)მართავს…
ჟესტი ესაა სტიმული, მისი „უსაქმური“ თუ „საქმიანი“, არათემატიზირებული თუ თემატიზირებული სცენების მონაწილენი რომ რეაგირებენ. ამასთან, მხატვარი არასოდეს ჩქარობს, რომ ჟესტები უმალ აქციოს რაღაც გარკვეული „რეფერენტის“ – „იდეის“ აღმნიშვნელებად, მით უფრო – სიმბოლოებად. მთავარი ისაა, რომ მხატვარი მუდამ გულდასმით (გვი)ხატავს სასიცოცხლო სამყაროს; ცხოვრების, როგორც ასეთის, სამყაროს, რომელიც თემატურად არსებობს რა ჩვენს კერძო, პრივატულ სამყაროში, მაინც არათემატიზირებული რჩება.
მეც მინახავს ერთი უცნაური ფოტოსურათი – ბოტანიკურ ბაღში, ცნობილი ჩანჩქერის ფონზე, მოაჯირზე, ლამის უფსკრულის პირას, ცალი ხელით ყირას ჭიმავს ჭაბუკი დიმა ერისთავი.
ჩემთვის წარმოუდგენელი სითამამეა, მეტიც, რისკი; ნამდვილი რისკი!
ასეთი „ყირაა“ აბდუქციაც, ანუ უკუდედუქცია, „შედეგიდან წანამძღვრისკენ“ მოძრაობა, რომელსაც თავის პლასტიკურ ნარაციებში დიმა ერისთავიც მოიხმობს როგორც ერთგვარ ვიზუალურ ფორმულებს;

ფორმულებს, რომლებიც სქემატურ გამოსახულებებამდე არასოდეს რედუცირდება და ისევ და კვლავინდებურად ინარჩუნებს „სასიცოცხლო სამყაროს“ გრძნობად-ემოციურ ნიშნებს, ოღონდ, არასოდეს სცდება ზღვარს ცხოვრებისმიერი დაძაბულობისა, ალფრედ შიუცი Attention a la vie-ს რომ უწოდებს.
მერე და მერა, ეს სრულიად ბუნებრივი და ადამიანური დაძაბულობა ცხოვრებისგან დაღლილობით – Taedium vitae-თი იცვლება; და ეს დაქანცულობა შვენის მხატვარსაც და მის ნამუშევრებსაც; ოპუსებს, რომელთა მიღმაც მუდამ „ავტორი“ დგას; ადამიანი, რომელიც უკვე ყირაზე კი არ დგას, არამედ მშვიდად ზის და ფიქრობს, როგორ „უცებ გათავდა სიყრმე მოუთმენელი“, ანდა სად დაიკარგა
„მიმზიდველი ხიფათი“…
დიმიტრი ერისთავი ერთი იმათგანია, ვინც თავის თაობაში იკისრა მონოსტილისტური კულტურის საკრალური ბირთვის თავისებური დაშლა და მისი „პროფანიზაცია“, თუმცა, გარეგნულად, მუდამ ინარჩუნებდა ამ მონოსტილისტური კულტურის ზოგიერთ ისეთ ნიშანს, როგორიცაა მაგ: პოზიტიურობა ანუ Status quo-სა და ლეგიტიმაციაზე ორიენტაცია; რაც შეეხება ხელისუფლების დისკურსთან კონსენსუსს, ეს უკანასკნელი დიმა ერისთავთან მუდამ არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა.
60-იან წლებში საბჭოური მონოსტილისტური კულტურა კვლავაც მკაცრად არეგულირებს არტისტულ- კრეატიულსა და სოციოკულტურულ ჟანრებს; სოციეტატური იერარქიის უმაღლესი საფეხურები, ჩვეულებისმებრ, უჭირავს კულტურის შემოქმედთა სპეციალურად გაწვრთნილ „ბატალიონებს“…
ასეთ სიტუაციაში, მართლაცდა, ძნელი იყო (რომ არა ვთქვა – წარმოუდგენელი) „ყირის აჭიმვა“, ანუ რუტინული კოლექტივიზმის დაძლევა, მით უფრო, „ყოველდღიურობის ღორღზე“ ფეხის მოკიდება და ამ რუტინაში ინდივიდუალური თვითდამკვიდრება.
საბჭოური პერიოდის კოლექტიური ცნობიერების გამოცდილება, როგორც წესი, აღლუმებთან, დემონსტრაციებთან, პარტკრებებთან ასოცირდება, თუმცა, მეხსიერებიდან არც იმ ფაქტის გაძევება უნდა ღირდეს, რომ ინსტიტუციათა იდეოლოგიური „ტელეოლოგიურობის“ ფონზე მართლაც არსებობდა რეალური გამოცდილება იმგვარ სივრცეში ყოფნისა, პრივატიზაციას რომ არ ექვემდებარება.
იმავე იოსელიანის ადრეულ ფილმებს, ანტისაბჭოური ინტონაციებით რომ იყო გაძეძგილი, უშუალო ადამიანური თანაყოფნის, რაღაც ძალდაუტანებელი „კომუნიტის“ შეგრძნებაც მსჭვალავს; შეგრძნება, კომუნიზმის უტოპიური იდეის ფონზე რომ „მუშაობს“.
დიმიტრი ერისთავის ადრეულ სურათებშიც სწორედ ეს ატმოსფერო – ადამიანური თანაარსებობის სიმპათიური აურა, აბსურდულის კოლექტიური გამოცდილების, როგორც კომუნიკაციური ინტონაციის „ჩავლება“ გვიზიდავს…
ეს ლატენტური ინტონაციაა ამ ნახატების გამჭოლი ექსისტენციური ლაიტთემაც; „ისე შეუმჩნეველი, როგორც ბოძზე ნათურა ანთებული დღისით“…
დიმა ერისთავისეული ადამიანები გარკვეული სახით (sic.) ბედნიერები არიან; უფრო ზუსტად, ბედნიერები იყვნენ…
ამ თითქოსდა მიზერული „ბედნიერებისთვის“ მათ საკმარისი პირობები ჰქონდათ; საკმარისი, ოღონდ, არა – ზედმეტი…
არადა, შექსპირი რას ამბობს „მეფე ლირში“? ადამიანს იმაზე მეტი თუ არ მიეცი, რაც სჭირდება, პირუტყვად გადაიქცევაო?!
„სოვოკი“ კი (როგორც ახლა გვინდა გადავნათლოთ საბჭოურ რეჟიმში „მცხოვრები“ ყველა ადამიანი) პირუტყვად მაინც არ ქცეულა; ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე არ ქცეულა.
„მცირე ბედითაც ვარ კმაყოფილი“ – აი, ფორმულა („სულო ჩემო“)… მაინც, რომელ „საკმარის პირობებზეა“ ლაპარაკი?

ჯერ ერთი, „საბჭოთა ადამიანი“ მატერიალურად, დიახაც, ზედმეტად არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული; ყოველდღიურ საგანთა დეფიციტური პერიოდებიც კი მის ცხოვრებაში გამონაკლისის როლს ასრულებდა; გამონაკლისისა იმ გაგებით, რომ პერმანენტულად, თანაც a priori კი არ უნდა ვყოფილიყავით ბედნიერები, არამედ ხანდახან უნდა გაგვეხარა; a posteriori უნდა გავბედნიერებულიყავით – ანუ დროდადრო („по праздникам“) უნდა გვეგრძნო თავი ცოტათი უფრო ბედნიერად… და გვეთქვა „ბედნიერება არის რამხელა…“
რაც შეეხება ნივთებს, უფრო ზუსტად, საქონელს, ის პრინციპულად არ უნდა ყოფილიყო იოლად ხელმისაწვდომი; როდესაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, ადამიანი ამას აღიქვამს, როგორც თავისთავად საგულისხმებელ ფაქტს – „ისე“ აღარ აფასებს თავის ბედნიერებას; და ცხოვრებაც, მეტისმეტად მოწესრიგებულად და წინასწარ „დათქმულად“ გამოიყურება – ბრძოლას აღარ თხოულობს, „დარტყმების“ მოგერიება აღარ სჭირდება და ინდივიდსაც თავის პრივატულ ბუნაგში ჩაკეტვისკენ უბიძგებს, რაც კოლექტიური უსაფრთხოების პოზიციიდან უკვე საშიშია.
შემდეგ: ნებისმიერი წარუმარტებლობა შეგეძლო გადაგებრალებინა „სხვისთვის“ (პარტიისათვის); და ამიტომაც, რეალურ პასუხისმგებლობას არავინ გრძნობდა; „რამე თუ მოხდებოდა“, დამნაშავენი „ისინი“ იყვნენ.
და ბოლოს, ყველას ეგულებოდა „სხვა“ ადგილი – ანუ მომხმარებლური დასავლეთი („დამპალი კაპიტალიზმი“), რომელზეც მარტოოდენ ოცნება თუ შეიძლებოდა და მისი ხანმოკლე სტუმრობის ნებაც
„შინაურებს“ თუ ეძლეოდათ.
დიმა ერისთავის ნახატებშიც იგრძნობა ეს მყიფე წონასწორობა; წონასწორობა, რომელიც დაირღვა; და დაირღვა ლტოლვით; „დასავლეთისკენ ლტოლვით…“
ლტოლვა – ეს იყო ძალა, რომელმაც ადამიანები აიძულა, გაერღვიათ საზღვრები და აღმოჩენილიყვნენ სისტემაში, სადაც უმრავლესობა ნაკლებად ბედნიერია…
აშშ–ში იმიგრირებული ერთი გერმანელი, კითხვაზე, ბედნიერი ხართ თუ არაო, პასუხობს: დიახ, დიახ, მე ბედნიერი ვარ, ოღონდ, … „aber glueckluch bin ich nicht“…
„ბედნიერი უბედური“ – თავისებური ოქსიმორონია!
ასეა თუ ისე, „ბედნიერება“ სიამოვნების პრინციპის კატეგორიაა, სიამოვნების პრინციპის მიღმა ლტოლვით რომ ირღვევა…
ახლა, როცა ეს „ლტოლვა“ ოფიციალურად დაკმაყოფილებული გვაქვს, მის ფასს დიმიტრი ერისთავი არაოფიციალურად, „სხვების“ ნაცვლად იხდის…

 

 

 

1 2 3 4 5 6